ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელი გამომძიებლები ჯაშუშის მოწამვლის საქმეზე პასუხებს ეძებენ


ყოფილი ორმაგი აგენტისა და მისი ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი უგონო მდგომარეობაში მოწამვლის ნიშნებით ინგლისის სამხრეთით მდებარე ქალაქში კვირას იპოვეს.

გამოძიებას ბრიტანეთის კონტრ-ტერორისტული პოლიცია ხელმძღვანელობს. ქვეყნის სამხედრო კვლევების ლაბორატორია კი მუშაობს იმის დასადგენად, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული მათ მოსაწამლად.

სერგეი სკრიპალი რუსეთის ყოფილი ჯაშუში და სამხედრო პოლკოვნიკი იყო. მან აღიარა, რომ ევროპაში რუსეთის ჯაშუშების შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურებს მიაწოდა, სანაცვლოდ კი 100 000 დოლარიი მიიღო. მოსკოვის სასამართლომ მას 2006 წელს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის 2010 წელს გაათავისუფლეს ამერიკასა და რუსეთს შორის ჯაშუშების გაცვლის დროს და მას შემდეგ ბრიტანეთში ცხოვრობდა.

კვირას ის და მისი ქალიშვილი იულია ქალაქ სალისბურში, პარკის სკამზე იპოვეს. გამვლელი ჯემი პეინი, რომელმაც სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ამბობს, რომ ისინი მძიმე მდგოამრეობაში იყვნენ.

„ქალის თვალები აბსოლუტურად თეთრი იყო. ფართოდ გახელილი, მაგრამ მთლიანად თეთრი, პირიდან დუჟი მოსდიოდა, შემდეგ მამაკაცს სხეული დაეჭიმა, მისმა მხრებმა კი მოძრაობა შეწყვიტა, მიცვალებულივით პირდაპირ იყურებოდა", - იხსენებს შემზარავ სანახაობას პეინი.

გამომძიებლებმა გაჩხრიკეს ის ტერიტორიაც, სადაც სკრიპალი და მისი ქალიშვილი სავარაუდოდ კვირას იმყოფებოდნენ. ამოწმებენ უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებსაც, რომელიც ამ ადგილის მახლობლად მოსეირნე ქალსა და მამაკაცს აფიქსირებს.

ბრიტანეთის მთავრობა ამბობს, რომ "ფხიზლად ადევნებს თვალს" გამოძიებას. მაგრამ იზრდება ეჭვი, რომ ამ საქმეში რუსეთია ჩართული. საგარეო საქმეთა მდივანი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ძალიან ბევრი და სერიოზული ეჭვი არსებობს და ეს სამომავლო ურთიერთობებში დაძაბულობას შეიტანს.

„ჯერჯერობით უნდა გამოიკვეთოს მტკიცებულებები, რომლებიც კონკრეტული ქვეყნის პასუხისმგებლობას აჩვენებს, შემდეგ მისი უდიდებულესობის მთავრობას ექნება შესაბამისი და მტკიცე პასუხი. ვფიქრობ, ჩვენ მოგვიწევს გვქონდეს სერიოზული საუბარი რუსეთთან ჩვენი ჩართულობის შესახებ, ჩემი მხრივ, ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება იმის წარმოდგენა, როგორ შეგვიძილია ამის გაკეთება. მე წინასწარ უკვე ვფიქრობ ამ ზაფხულს, ივლისში დაგეგმილ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე. ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლობამ და დასწრებამ ამ ღონისძიებაზე შეიძლება ჩაიაროს ნორმალურად. ესეც აუცილებლად უნდა გავითვალსიწინოთ“, - ამბობს ჯონსონი.

ამ შემთხვევამ ბევრს 2006 წელს ყოფილი ჯაშუშის ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის საქმე გაახსენა, რომელიც რუს აგენტებთან ლონდონის რესტორანში ჩაის დალევის შემდეგ რადიოაქტიური პოლონიუმით მოწამლული აღმოჩნდა. ბრიტანული გამოძიება იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მისი მკვლელობა, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შეუკვეთა.

ლონდონში მოქმედი, "ჰენრი ჯექსონის საზოგადოების" ანალიტიკოსი ენდრიუ ფოქსალი ამბობს, რომ ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა პუტინის რეჟიმის საშინელება და მით უმეტეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენა ლიტვინენკოს მკვლელობის საქმე. ფოქსალის აზრით, ბრიტანეთმა შესაძლოა ამერიკასთან და ევროპელ მოკავშირეებთან ერთად დაიწყოს დიპლომატიური სანქციების დაწესების საკითხის განხილვა.

"თუ გავითვალისწინებთ, რა ოდენობის რუსული თანხა ტრიალებს ლონდონში, რამდენი რუსი ბიზნესმენის ინვესტიციაა იქ, რამდენ მათგანს აქვს სახლი, რამდენი მათგანის შვილები ან ცოლები სწავლობენ ან მუშაობენ აქ, ბრიტანეთს ნამდვილად შეუძლია სერიოზული მესიჯის გაგზავნა პუტინისთვის", - ამბობს ანალიტიკოსი.

რუსეთი მომხდართან კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

სერგეი და იულია სკრიპალები საავდმყოფოში, შეიარაღებული დაცვის ქვეშ იმყოფებიან. მათი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია და ჯერაც უცნობია რა ნივთიერება იყო მათ წინააღმდეგ გამოყენებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG