ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაძევებული რუსი დიპლომატები ბრიტანეთს ტოვებენ


რუსეთის საელჩოს შენობა ლონდონში
რუსეთის საელჩოს შენობა ლონდონში

რუსი დიპლომატები, რომლებიც ლონდონმა ბრიტანეთის მოქალაქის ნერვული აგენტით მოწამვლის პასუხად ქვეყნიდან გააძევა, ბრიტანეთის დასატოვებლად ემზადებიან. რუსული მედია აჩვენებს ბარგის გადასაზიდ მანქანას, რომელიც დღეს ლონდონში, რუსეთის საელჩოსთან მოძრაობდა.

ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე, რუსეთის ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი - იულია, თვის დასაწყისში საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული ქიმიური იარაღით მოწამლეს. მას შემდეგ, რაც ლონდონმა ბრალი რუსეთის მთავრობას დასდო და ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების განკარგულება გასცა, მოსკოვმა შური 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით იძია. ისინი მოსკოვს მომდევნო დღეებში დატოვებენ.

მამა-შვილი სკრიპალები ჯერ კიდევ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ასევე საავადმყოფოშია პოლიციელიც, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მათ დახმარებას შეეცადა. თუმცა, მისი მდგომარეობა უფრო სტაბილურია.

რუსეთი სკრიპალის მოწამვლის საქმეში ბრალს არ აღიარებს და ნერვული აგენტის წარმოშობის თაობაზე ახალ თეორიას ავრცელებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმ ოთხი ქვეყნის სია გამოაქვეყნა, სადაც მათი ვერსიით, შესაძლებელია მსგავსი ტოქსინის შოვნა. სიის სათავეში ბრიტანეთია, შემდეგ მოდის: სლოვაკეთი, ჩეხეთი და შვედეთი.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბორის ჯონსონი კრემლის მიერ დანაშაულის უარყოფას “კლასიკურ რუსულ სტრატეგიას” უწოდებს. ბრიუსელში ევროპის კავშირის მოკავშირეებთან შეხვედრაზე, ჯონსონმა თქვა, რომ რუსეთი, ტრადიციულად, ცდილობს “სიმართლის ნემსი ტყუილის და ბუნდოვანების თივის ზვინში ჩამალოს”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG