ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი და რუსეთი ახალი მოწამვლის საქმეზე დავობენ


ბრიტანეთის პოლიცია კვლავ ეძებს იმ ნივთიერების წყაროს, რომლითაც გასულ კვირას ქალი და მამაკაცი მოიწამლნენ იმავე ადგილას, სადაც მარტში - რუსეთის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ გამოძიება ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს და არაფერი დარჩება გამოუკვლეველი იმის დასადგენად, თუ რა მოხდა. ახალი მსხვერპლის ანალიზები აჩვენებს, რომ ისინი იმავე ნივთიერებით, იმავე ნერვული აგენტით, ე.წ. „ნოვიჩოკით“ არიან მოწამლულები, რომლითაც ყოფილი ორმაგი აგენტი და მისი შვილი. „ნოვიჩოკი“ საბჭოთა კავშირში შეიქმნა და ის, როგორც წესი, მხოლოდ რუსეთშია ხელმისაწვდომი.

ბრიტანეთის პრემიერს არ დაუმალავს მისი ეჭვები იმის შესახებ, რომ რუსეთი იყო პასუხისმგებელი სკრიპალების საქმეზე, როდესაც სკრიპალები ინგლისის სამხრეთში მდებარე ქალაქ სალისბურში მათი სახლის კართან დატოვებული ნერვული აგენტით მოიწამლნენ. რუსეთი მუდმივად უარყოფს რაიმე ტიპის კავშირს ამ მოწამვლასთან. ახლა კი ასევე არასერიოზულს უწოდებს მეორე მოწამვლაში დადანაშაულებას. ახალი შემთხვევა სალისბურის მეზობლად მდებარე ქალაქში მოხდა.

„დიდ ბრიტანეთში კიდევ ორი ადამიანის მოწამვლა ნერვული აგენტ „ნოვიჩოკით“ არის ძალიან შემაშფოთებელი და ვიცი, რომ პოლიცია ერთ ქვასაც არ დატოვებს ამოუტრიალებელს ამ გამოძიების პროცესში იმის დასადგენად, თუ რა მოხდა“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

პოლიციამ ხუთშაბათს თქვა, რომ შუა ასაკის ქალი და მამაკაცი, დაუნ სტარგესი და ჩარლი როული, სავარაუდოდ არ იყვნენ სამიზნეები, მაგრამ მოიწამლნენ სრულიად შემთხვევით, „ნოვიჩოკისგან“, რომელიც იქ მარტის შემდეგ დარჩა.

„აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი ხალხის განზრახ ან შემთხვევით სამიზნედ ყოფნა, ჩვენი ქუჩები, პარკები, ჩვენი ქალაქები არ უნდა იქცეს საწამლავის ადგილებად“, - ამბობს ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი.

მოსკოვი ბრიტანეთს ადანაშაულებს, რომ ის ამ საქმეს დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების გასამწვავებლად იყენებს. მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ამბობს:

„ესაა საერთაშორისო აგრესია, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ შექმნა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ გასული თვეების განმავლობაში. 4 თვეც არ გასულა სალისბურის მისტიკური, საშინელი ისტორიიდან და ახლა გამოჩნდა ამ ამბის გაგრძელება, მეორე ნაწილი, საყვარელი გმირით, „ნოვიჩოკით“.

რუსეთი აცხადებს, რომ გამოძიებაში მონაწილეობის მიღება სურს. თუმცა, ქიმიური იარაღის საკითხებში ბრიტანელი ექსპერტები ამბობენ, რომ თუკი მოსკოვს ნამდვილად სურს დახმარება, მან უნდა მიაწოდოს მკვლევარებს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ზუსტად როგორ მზადდება „ნოვიჩოკი“.

„ჩვენ არ ვიცით მისი ზუსტი შემადგენლობა. ჩვენ ვიცით, რომ 4 თვის შემდეგაც კი ის ძლიერ ტოქსიკურია“, - ამბობს ჰამიშ დე ბრეტონ-გორდონი, ქიმიური იარაღის ექსპერტი.

„ნოვიჩოკი“ გაიცლებით უფრო საშიში - მომაკვდინებლად საშიშია, ვიდრე მისი მსგავსი ტოქსიკური ნივთიერებები, როგორიცაა მაგალითად ზარინი ან VX. ასევე უფრო ძნელია მისი აღმოჩენა და იდენტიფიცირება. კანზე მოხვედრისას ან ჰაერით შესუნთქვისას, ის ნერვულ უჯრედებში ხვდება და კუნთების მოქმედებას აკონტროლებს. მას შემდეგ კი რაც ის გულისცემასა და სუნთქვაზე პასუხისმგებელი კუნთების პარალიზებას ახდენს, მოწამლული ადამიანი, როგორც წესი, იღუპება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG