12 სექტემბერს, პოლონეთში ჩასვლით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაასრულა ევროპული ტურნე, რომლის ყურადღების ცენტრშიც უკრაინის დახმარების საკითხი იყო. ვიზიტების განმავლობაში, უკრაინელი ოფიციალური პირებისგან მან არაერთგზის მოისმინა მოწოდებები, რომ კიევს მიეცეს უფლება, გამოიყენოს დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე სროლისთვის.
ასევე ნახეთ: აშშ-ისა და ბრიტანეთის პირველი დიპლომატები კიევში იმყოფებიანვარშავამდე ბლინკენმა ერთი დღე კიევში დაჰყო, უკრაინის დედაქალაქში. ბრიტანელ კოლეგა დავიდ ლემისთან ერთად, მან პირობა მისცა უკრაინის მთავრობას, რომ მათ მოთხოვნებს თავისი ქვეყნების ლიდერებს გადასცემენ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ერთმანეთს 13 სექტემბერს ვაშინგტონში შეხვდებიან. ისინი აქამდე უარს ეუბნებოდნენ უკრაინას, ამერიკული და ბრიტანული შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე, მის სიღრმეში იერიშების განხორციელების მიზნით გამოყენებაზე.
ბლინკენმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე მიანიშნა კიდეც, რომ დამოკიდებულება შეიძლება შეიცვალოს. "იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ქმედება შეიცვალა, შეიცვალა ბრძოლის ველი, ჩვენ ადაპტირებას ვახდენთ", - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და დასძინა:
"გუშინ კიევში ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან მომესმინა ის, რაც მათი აზრით, ბრძოლის ველზე აღმოსავლეთ უკრაინასა და ქვეყნის სხვა ნაწილებში ახლა ესაჭიროებათ, ამჟამინდელი მოცემულობით“. ბლინკენმა დაზუსტების გარეშე პარტნიორებს და მოკავშირეებს დაპირება მისცა, რომ რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად, სამომავლოდ ამერიკა გააკეთებს "ზუსტად იმას, რასაც უკვე ვაკეთებდით, რაც არის საჭიროებისამებრ [შექმნილ ვითარებაზე] მორგება".
ასევე ნახეთ: კანადა უკრაინას 80 ათასზე მეტ მცირე ზომის რაკეტას გადასცემს