შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიმართულებით, "გარკვეული პროგრესი" მიღწეულია, მაგრამ "ბევრი მეტი უნდა გაკეთდეს", რათა მინიმუმამდე დავიდეს მსხვერპლი და ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს ომის შედეგად დაზარალებულ ღაზას.
„ჩვენ ვნახეთ პროგრესი, უბრალოდ უნდა დავინახოთ უფრო მეტი“, - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს დელიში.
თეთრი სახლის ოფიციალური პირების განცხადებით, ისრაელი ხუთშაბათს, 9 ნოემბერს, დათანხმდა შეაჩეროს სამხედრო ოპერაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ზოგიერთ რაიონში, ყოველდღე - ოთხი საათით.
ასევე ნახეთ: ისრაელს ღაზის დაპყრობა არ აინტერესებს - ნეთანიაჰუპაუზები მიზნად ისახავს მეტი ჰუმანიტარული დახმარების გადინების საშუალებას, ისევე როგორც იმ პალესტინელებს ხელშეწყობას, რომლებსაც სურთ გაქცევა იმ ტერიტორიებიდან, სადაც ისრაელის სახმელეთო ოპერაცია და საჰაერო თავდასხმები ყველაზე ინტენსიურია.
თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ხუთშაბათს ისრაელმა ასევე გახსნა მეორე დერეფანი ღაზის სანაპიროზე, რომელიც გადაადგილების საშუალებას უფრო მეტ პალესტინელს მისცემს.
"ის, რაც ისრაელმა გუშინ გამოაცხადა, [ვითარებას] დაეხმარება", - თქვა ბლინკენმა და დასძინა, რომ აშშ ასევე განიხილავს "კონკრეტულ ნაბიჯებს", რომლებიც საშუალებას მისცემს ჰუმანიტარული დახმარების უფრო რეგულარულ მიწოდებას, ისევე როგორც საწვავის ჩატანას სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე, როგორიცაა საავადმყოფოები და წყლის გამწმენდი ნაგებობები.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი 8 ოქტომბერს მას შემდეგ გამოუცხადა, რაც 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ და 1400 ადამიანი განსაკუთრებული სისასტიკით დახოცეს, მეტწილად, მშვიდობიანი მოსახლეობა. 240-ზე მეტი ადამიანი კი დაატყვევეს და მძევლად ღაზის სექტორში წაიყვანეს. ათობით ქვეყანას, მათ შორის 1997 წლიდან აშშ-ს, „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.
პალესტინელთა ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ღაზის სექტორზე ისრაელის საპასუხო დარტყმებს, 10 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, დაახლოებით 40% ბავშვი ან ქალია.
კონგრესში ოთხშაბათს გამართულ მოსმენაზე, ბაიდენის ადმინისტრავიის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყოს.
ასევე ნახეთ: ვითარება ღაზის სექტორში - შეტაკებები ისრაელის ჯარებსა და "ჰამასს" შორისბარბარა ლიფმა, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს განუცხადა, რომ "მეტად შესაძლებელია", დაღუპულთა რაოდენობა უფრო მაღალი იყოს, ვიდრე გავრცელებულია. ”ჩვენ გავიგებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც იარაღი გაჩუმდება”, - თქვა მან.
მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გლობალური მოწოდებები გახშირდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ცეცხლი არ შეწყდება, ვიდრე "ჰამასი" მძევლებს არ გაათვისუფლებს.
ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტა, „ჰამასს“ მეტი ტერორისტული თავდასხმისთვის გადაჯგუფების საშუალებას მისცემს. თუმცა, ამასთან ისრაელს პრეზიდენტი ბაიდენი ეუბნება, რომ მათ აქვთ უფლება და პასუხისმგებლობა, დაიცვან საკუთარი მოსახლეობა და ამასთან ერთად, დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.