თანამდებობის დაკავების შემდეგ, ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს პირველად მართავს. ჯო ბაიდენი მოკავშირე ისრაელსა და საუდის არაბეთში გაემგზავრა.
ბაიდენმა ვაშინგტონი დღეს დატოვა და ის უკვე ისრაელში იმყოფება, სადაც სამ დღეს დაჰყოფს. ორივე ვიზიტის ფარგლებში მთავარი განსახილველი საკითხი ირანთან ბირთვული მოლაპარაკებებია. როგორც ისრაელი, ისე საუდის არაბეთი ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩევა.
ამერიკის პრეზიდენტის სურვილია, აღდგეს 2015 წელს ირანთან დადებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება. მოლაპარაკებები უკვე თვეებია მიმდინარეობს. შეთანხმება ამერიკამ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დატოვა. ტრამპი მაშინ ამბობდა, რომ შეთანხმება არ მუშაობდა.
ისრაელი და საუდის არაბეთი ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციას არ იზიარებს. ჯო ბაიდენი შეეცდება, ორივე ქვეყნის ლიდერი დაიყოლიოს.
ასევე ნახეთ: ისრაელი რუსეთისგან ბოდიშის მოხდას ითხოვსთეთრი სახლის ინფორმაციით, ისრაელში ვიზიტის განმავლობაში, პრეზიდენტი ბაიდენი ორი დღე იერუსალიმში რჩება, სადაც ისრაელის ხელისუფლების პირველ პირებს ხვდება. ის შემდეგ შეხვედრას პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან გამართავს.
ამის შემდეგ პრეზიდენტი ბაიდენი ჩავა საუდის არაბეთში. ირანის გარდა, იქ მთავარი განსახილველი საკითხი ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობის დარეგულირებაც იქნება. ისტორიულად ქვეყნებს მტრული ურთიერთობები აქვთ, თუმცა ორივე ეწინააღმდეგება რეგიონში ირანის გავლენის ზრდას.