ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატაპულტირება "ოცნებიდან"


კელი დეგნანი, აშშ-ს ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ს ელჩი საქართველოში

აშშ-ს, საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩის მიმართ შეტევამ ორკესტრირებული ხასიათი მიიღო. ამჯერად საქმეში რეგიონების წარმომადგენლები ჩაერთვნენ. 11 ივლისს ზედიზედ რამდენიმე ქალაქის, მათ შორის, ლაგოდეხის, ჭიათურის, თერჯოლის, ახალციხისა და გორის თვითმმართველობის წარმომადგენელმა „ქართული ოცნებიდან“ ერთდროულად განაცხადეს, რომ რადგან აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს „ქართული ოცნების“ რიგებს ტოვებენ. პარტიის დატოვების ლოგიკა, ერთი შეხედვით, უცნაურად გამოიყურება, თუმცა, საკრებულოების დეპუტატები განმარტავენ, რომ „ქართული ოცნების“ წევრად ყოფნა მათ ხელს უშლით „თქვან სიმართლე“ და თამამად გააკრიტიკონ დასავლელი პარტნიორები, უფრო კონკრეტულად, კი ის პარტიონიორი, რომელიც „ოკეანის გადაღმა“ მდებარეობს.

ერთ-ერთი, „ოცნებიდან“ განდგომილი საკრებულოს წევრი, ომარ ჯიხვაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს ოკეანის იქით მოწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, როდესაც ის იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს სცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა. თუ რამოდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან, მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა მათ რიგში ვიყო. ამიტომ ვტოვებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას.“

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, თერჯოლის „ოცნებიდან“ წასულ წევრს უწონებენ „ოცნების“ მოქმედი წევრებიც, მათ შორს საკრებულეობის თავმჯდომარეები სხვა ქალაქებიდან.

განდგომილი დეპუტატები ახლა ერთობლივად, შეუზღუდავად აპირებენ „ოკეანის გადაღმელი“ პარტიორის კრიტიკას. ეს კრიტიკის მორიგი რაუნდია, თუმცა, მოვლენები ცხდჰყოფს, რომ ვითარება ამ მხრივ სულ უფრო და უფრო შეუქცევად ხასიათს მიიღებს.

მმართველი გუნდის წარმომადგენლების ღია გაპაექრება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან საქართველოში იმ განცხადების შემდეგ დაიწყო, რომელშიც კელი დეგნანმა ხაზგასმით დაადასტურა, რომ 100 პროცენტით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას. ეს განცხადება ელჩმა 13 ივნისს, საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა, ბათუმში.

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადება
აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადება

განცხადება იყო ერთგვარი გამოხმაურება იმ ნარატივთან დაკავშირებით, რაც მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან მომდინარეობდა და წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობიდან ჩამოშორების საპირწონედ შეთხზულ ერთგვარ მესიჯ-ბოქსს. მმართველმა გუნდმა ერთმანეთის პირისპირ ორი სიკეთე დააყენა და მათგან საუკეთესო „აარჩია“. წარმოჩინდა ისე, თითქოს საქართველოს აუცილებელი არჩევანის გაკეთება უწევს მშვიდობასა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას შორის. ამ ორიდან კი საქართველო ირჩევს მშვიდობას და შესაბამისად, ვერ იღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

„ზოგი ამბობს, რომ აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან საქართველოს ომში ჩასართავად, მეორე ფრონტის გასახსნელად. ეს არის 100% რუსული დეზინფორმაცია. აბსოლუტურად არ არის სიმართლე. აშშ-მა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, ამ ომის შესაჩერებლად. მის დაწყებამდე მუშაობდა პრევენციისთვის. ჩვენ საერთოდ არ გვინდა საქართველოს ჩართვა ამ ომში. რასაც ევროკავშირი და ნატო ემსახურება, არის მშვიდობა და კეთილდღეობა. ეს გვინდა საქართველოსთვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა 13 ივნისს.

აშშ-ს, საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის დიპლომატიური წარმომადგენლის მიმართ კრიტიკა მმართველი გუნდის მხრიდან ამ კომენტარის შემდეგ არ ამოწურულა. 28 ივნისს საზოგადოება ერთგვარი ტაქტიკური ცვლილებების მოწმე აღმოჩნდა. „ქართული ოცნება“ სამმა დეპუტატმა დატოვა. მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადეს, რომ საზოგადოება უნდა აღჭურვონ სიმართლით იმის თაობაზე, რომ არსებობენ ძალები, რომელთაც საქართველოში დესტაბილიზაცია სურთ. მათი თქმით, „ოცნების“ ლიდერშიპთან შეთანხმება ვერ მოხერხდა ინფორმაციის დოზირების თაობაზე საზოგადოებასთან ამ საკითხზე. საკითხი კვლავ კავშირში იყო ნარატივთან იმის შესახებ, რომ საქართველოს ომში ჩათრევა აშშ-ს სურს. ამას ადასტურებდა „ამბოხებული“ დეპუტატების მანამდელი ღია განცხადებებიც. მაგალითად, სოზარ სუბარმა 14 ივნისს თქვა, რომ „ყოფილი თუ მოქმედი დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებები, შესაძლოა, მოსახლეობას უქმნიდეს განცდას, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა უნდა.“ მან დაასახელა კონკრეტული გვარებიც, ვის ნათქვამზე დაყრდნობითაც დარჩა შთაბეჭდილება, რომ აშშ დაინტერესებულია საქართველოს ომში ჩათრევით. მათ შორის არიან აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი. ასევე დევიდ კრამერი და მეთიუ ბრაიზა.

აშშ-ს ელჩმა 30 ივნისს მორიგი, დამაზუსტებელი კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა. ამ განცხადებაში უკვე ზედმიწევნითაა მითითებული იმის თაობაზე, თუ ვინაა საქართველოს მეგობარი და ვინ მტერი.

აშშ-ს საელჩო საქართველოში, ფოტო სოციალური ქსელიდან
აშშ-ს საელჩო საქართველოში, ფოტო სოციალური ქსელიდან

„მინდა გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც, როგორც ჩანს, გრძელდება. ეს პირდაპირ ეფესბეს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან მოდის. ნება მიბოძეთ, ნათლად გამოვხატო: აშშ არ ცდილობს, რომ საქართველო ჩაერთოს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომში, აშშ-ს არ სურს ეს ომი გაფართოვდეს რამენაირად, აშშ აკეთებს ყველაფერს, რაც შეგვიძლია ამ ომის შესაჩერებლად, რაც შეიძლება მალე. პუტინი იყო ის, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ეს აგრესიული და ბრუტალური ომი დაიწყო და პუტინს შეუძლია ამ ომის შეჩერება. აშშ საქართველოს მეგობარია, რომელმაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ჩვენ ამის კეთებას გავაგრძელებთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ახსოვდეს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი. რუსეთი ცდილობდა თქვენი ენის მოკვლას. რუსეთი ანგრევდა თქვენს ეკლესიებს და ცხოველების სადგომებად აქცევდა. თუ არის რაიმე კითხვა, რას ნიშნავს რუსეთთან მეგობრობა საქართველოსთვის, უნდა ნახოთ, რა ხდება ადმინისტრაციულ საზღვარზე. თქვენი მეგობრები აშშ-ში და ევროპაში არიან და ეს არის საქართველოსთვის მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის გზა,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

პარტიული ვალდებულებებისგან თავისუფალი მოკრიტიკის ამპლუაში, „ოცნების“ „აჯანყებულმა“ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 8 ივლისს აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს წერილი მისწერა და მოსთხოვა, დაედასტურებინა, რომ აშშ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლას არ უწყობს ხელს. „ქართველმა ხალხმა თუ დაიჯერა, რომ ამერიკას მთავრობის გადატრიალება და ხელისუფლებაში ომის პარტიის მოყვანა სურს, რომელმაც ქვეყანა ომში და ბევრ სხვა უბედურებაში ერთხელ უკვე გახვია, მერწმუნეთ, საქართველოში „ამერიკულმა იდეამ" სრული გაუფასურება შეიძლება განიცადოს“,- სწერდა ყაველაშვილი დეგნანს.

დეგნანმა ყაველაშვილის წერილის თაობაზე განაცხადა, რომ „ალბათ ის ვერ ხედავს, რომ აშშ მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს ხალხს". მან თქვა ისიც, რომ წერილი სავსე იყო ტყუილებითა და კონსპირაციული თეორიებით, ამიტომ ბოლომდე არც წაუკითხავს. სწორედ დეგნანის ამ პასუხმა აღაშფოთა საკრებულოს წევრები, ელჩის პასუხიდან სამ დღეში და ორკესტრირებულად განაცხადეს აშშ-ს კრიტიკის შეუზღუდავი უფლების დაუოკებელ სურვილზე.

„ამერიკის ხმასთან" საუბრისას, რონდელის ფონდის ხელმძღვანელი ეკა მეტრეველი აცხადებს, რომ „დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდან აშშ გვერდში უდგას ჩვენ ქვეყანას სახელმწიფოს აღმშენებლობის და სუვერენიტეტის დაცვის გზაზე. ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ამ წლების განმავლობაში მეგობრობა არაერთხელ საქმით დაამტკიცა. ამასთან, აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ ამჟამად მიმართული კამპანია არა მხოლოდ მორალურად, პრაგმატულადაც გაუმართლებელია. ახლა, როცა მთელი თავისუფალი სამყარო ამოქმედდა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ, როცა გადამწყვეტი ბრძოლა მიდის მთელი ჩვენი რეგიონის ბედისთვის, საქართველოს მეგობრის, ამერიკის, მიმართ ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებით წინდაუხედავი ნაბიჯია.“

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 11 ივნისს განაცხადა, რომ არ იცის, როგორ გაემიჯნოს „ამბოხებულ“ დეპუტატებს. „შემიძლია ცალსახა ვიყო - არანაირი ანტიდასავლური კამპანია, მათ შორის „ქართული ოცნებიდან“ წასული ჩვენი სამი კოლეგის მხრიდან არ მომდინარეობს. სასაცილოა, რომ ანტიდასავლურობა დააბრალო სოზარ სუბარს და პროდასავლურობა დააბრალო ოპოზიციისა ზოგიერთ წარმომადგენელსა, თუ სამოქალაქო აქტივისტს. სოზარ სუბარს ამ ქვეყანაში უფრო მეტი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების ნახევარზე მეტს.

„ამერიკის ხმასთან" საუბრისას, პარლამენტის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლიდან", თეონა აქუბარდია აღნიშნავს, რომ „იმ დროს, როდესაც საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, რუსეთი დგამს ნაბიჯებს ამ რეგიონების ანექსიისკენ, როცა კრემლის გაცხადებული ინტერესია საქართველოს საკუთარი ორბიტის ქვეშ დაბრუნება, რის წინააღმდეგაც საქართველო 30 წელია იბრძვის,“ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო ანტიდასავლური კამპანია აშშ ელჩის და ევროკავშირის წინააღმდეგ. ესაა პირდაპირ კრემლის ინტერესების მსახურება. იქნება ეს ე.წ ტროიკა, თუ მათთან ახლადმიერთებული ქართული ოცნების ვითომ აწ უკვე ყოფილი პარტ-აქტივი, ისინი ემსახურებიან ერთის მხრივ კრემლს და მეორეს მხრივ - პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს, რათა მისი პირადი ინტერესი ანაცვალონ ეროვნულს“.

თეონა აქუბარდია ამბობს, რომ „ბოლო ჟამის“ ამბოხებულებმა ფაქტობრივად, ჩაანაცვლეს ულტრა რადიკალური პრორუსული ჯგუფი ალტინფო, რომელიც, ასევე, მხარდაჭერილია ხელისუფლების მხრიდან. „ესაა იაფფასიანი ტრუკი, არა მგონია, ვინმეს სჯეროდეს, ან მორიგ ჯერზე ამბოხებული ხუნდაძის ან ოცნებიდან რეგიონებში განდგომილების. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ მორიგი ბრიყვული თამაში და კრემლის ინტერესების მსახურება“, - გვეუბნება თეონა აქუბარდია.

კელი დეგნანის, აშშ-ს ელჩის განცხადება
კელი დეგნანის, აშშ-ს ელჩის განცხადება

პოლიტოლოგი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი ანალიტიკოსი ბიძინა ლებანიძე „ამერიკის ხმასთან" აშშ-ს ელჩზე, კელი დეგნანზე შეტევას შემდეგნაირად ხსნის. „ეს თავდასხმა, შესაძლოა, შიდა პოლიტიკური ფატქორებითაა განპირობებული. შესაძლოა, „ქართული ოცნება“ ცდილობდეს კანდიდატის სტატუსის ვერმიღების „გამართლებას“ ამ გზით, რომ ალტერნატივა იქნებოდა, თითქოს ომში ჩართვა. შესაძლოა, ასევე, წინმსწრებად იმის გასამართლებლადაც იყოს ფონის მომზადება, რომ 6 თვეში ის 12 პუნქტი ვერ შესრულდება და კანდიდატის სტატუსის მიღებაც კვლავ გადაიწევს. მით უმეტეს, ეს ასე მოხდა სხვა ქვეყნების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპასა და ბალკანეთში. კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ელექტორატის ანტიდასავლურად განწყობილი სოციალ-კონსერვატორული ნაწილის მიზიდვის მცდელობა, რომელიც დღეს ალტინფოს და სხვა ულტრამემარჯვენე პარტიებს უჭერს მხარს,“- გვეუბნება ბიძინა ლებანიძე.

მისივე მოსაზრების თანახმად, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ სატელიტი პარტიაც შექმნას., რადგან ოცნება ალტინფოსთან კოალიციაში ვერ შევა. „ალტინფოსთან კოალიცია ძალიან მყვრიალა ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ ყაველაშვილი-სუბარი-ხუნდაძე, იგივე ნარატივის პარტიასთან უპრობლემოდ შევა ალიანსში. ყველაზე პესიმისტური მიზეზი, რაც შეიძლება "ოცნების" და მისი სატელიტების ანტი-დასავლურ პროპგანადას ჰქონდეს, ისაა, რომ მათ ნამდვილად სურთ ფორმალურად პრო-დასავლურ კურსზე უარის თქმა და ამისთვის ნიადაგის შემზადება, თუმცა ეს იმდენად სახიფათო და პოლიტიკურად ფეთქებადი ნაბიჯი იქნებოდა, გაუგებარია, რატომ უნდა აძლევდეს ეს ხელს რეალურად მმართველ პარტიას. ასეთ ნაბიჯს რისკები მეტი ახლავს თან, ვიდრე შესაძლო სარგებელი,“- ამბობს ბიძინა ლებანიძე.

საიას ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვნილი მიიჩნევს, რომ აღმაშფოთებელია, როცა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პარტიონირი ქვეყნის ელჩს ასე ღიად და აშკარად თავს ესმიან. „თავიდანვე ნათელი და ცალსახა იყო, რომ ის სამი დეპუტატი, რომელებმაც ეგრეთ წოდებული აჯანყება მოაწყვეს და გამოეყვნენ მმართველ გუნდს, მონაწილეობდნენ ფარსში და სხვა არაფერში. ისინი აკეთებდნენ იმ შავ საქმეს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არ უნდოდა თვითონ გაეკეთებინა იმის გამო, რომ მისი იმიჯი ქვეყნის შიგნით არ დაზარალებულიყო. „ქართული ოცნება“ ღია ქმედებაზე გადავიდა დასავლეთის წინააღმდეგ. არა მხოლოდ ამ სამი ანაჯყებულის ქცევა მოწმობს ამას. არამედ, ისიც, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატებიც ესხმიან თავს აშშ-ს ელჩს. ეს მიუღებელი და აღმაშფოთებელია. განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ოცნების რიტორიკა ერთი-ერთში ემთხვევა პრორუსული ჯგუფების რიტორიკას. სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ფეხქვეშ თელავს წლების განმავლობაში ნაშენებ ურთიერთობას დასავლეთთან“,- გვეუბნება ნიკა სიმონიშვნილი.

სრული სურათისა და განწყობების წარმოდგენის მიზნით, „ამერიკის ხმამ" ეთნიკურად აზერბაიზანელ სამოქალაქო აქტივისტს, სამირა ბაირამოვასაც სთხოვა შთაბეჭდილების გაზიარება იმის შესახებ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს აშშ-ს ელჩის მიმართ შეტევაზე გადასვლა „ამბოხების“ სახელით.

,რასაც ახლა აკეთებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ესაა მიზანმიმართული პოლიტიკა. მათ სურთ, ქვეყანაში შექმნან ახალი პოლიტიკური კრიზისი. ყურადღება გადაიტანონ სხვა მიმართულებით, ძირითადი პრობლემებისგან, ხელოვნურად შექმნან ეთნო-ნაციონალურ, ეროვნულ დონეზე სიძულვილი დასავლეთის მიმართ. ქვეყანაში არ დარჩნენ ოცნების მხარდამჭერები დიდი რაოდენობით, ამიტომ მათ სურთ გამოიყენონ ბოლო შანსი, რაც ხელთ აქვთ. ოცნება და მისი წარმომადგენლები აგრესიულები არიან სხვადასხვა ჯგუფების მიმართ, ვინც კრიტიკულ აზროვნებას აფიქსირებს. ასე ექცევიან სახალხო დამცველს, დასავლელ პარტიორებს, ასე მოექცნენ სახელმწიფო ინსპექტორს. სისტემა საუკეთესო თავშესაფარია იმისთვის, რომ იმუშაონ ქართველი ხალხის ემოციებზე. ყველაფრის ფასად ცდილობენ შეინარჩუნონ თავისი ძალაუფლება,“- გვეუბნება სამირა ბაირამოვა.

„ოცნების“ შიგნით „ამბოხება“ გრძელდება. ამბოხებულ ნაწილს, პარტიის არაამბოხებული ნაწილი სიმპათიითა და თანდგომით უყურებს. „მეტი კრიტიკისა და სიმართლის“ უფლებისთვის თვითგანდევნილი დეპუტატები თავს „ქართული ოცნების“ ოპონენტებად არ მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG