უკრაინაში რუსული ომის პარალელურად არსებობს მოსაზრება, რომ მოსკოვმა შესაძლოა პრობლემები შეუქმნას კიშინოვსა და თბილისს, თუმცა სამხედრო ანალიტიკოსები თვლიან რომ, რუსეთს ამის არც რესურსი აქვს და არც საჭიროება.
“რანდის კორპორაციის” ანალიტიკოსი კლინტ რეჩი, „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს განმარტავს, რომ რუსეთის მთავარი ფოკუსი დღეს, ასევე უახლოეს მომავალში, უკრაინაა და ფაქტობრივად გამორიცხავს შესაძლებლობას, უკრაინაში ომის პარალელურად, მოსკოვი საქართველოს ან მოლდოვას თავს დაესხას.
„ამის ალბათობა ძალიან მცირეა. ვფიქრობ, რომ რუსეთის მთელი აქცენტი უკრაინისკენ არის მიმართული. რუსი სამხედროების დიდი ნაწილი უკრაინაშია, ასე რომ იმის ფიქრიც კი, რომ ისინი [რუსები] წამოიწყებენ რაიმე სახის სამხედრო შეჭრას საქართველოში, ან მოლდოვაში, ძალიან მცირეა და აჩენს ძალიან ბევრ კითხვას, როგორ შეძლებს რუსეთი ამის გაკეთებას? ასე რომ, ვფიქრობ უახლოეს მომავალში ეს მოსალოდნელი არ არის იმის გათვალისწინებითაც, რომ ამ ქვეყნებში [საქართველოსა და მოლდოვაში] არ არის კრიზისი, სადაც რუსეთს ერთგვარი რეაგირების აშკარა აუცილებლობა დაუდგება,“ - ამბობს რეჩი.
ანალიტიკოსი „ამერიკის ხმასთან“ საუბარისას განმარტავს, რომ ახალი კონფლიქტის წამოწყების შემთხვევაში, რუსეთს მოუწევს უკრაინიდან საკუთარი ძალების ნაწილი გაიყვანოს, თუმცა ეს ნაკლებად წარმოსადგენია.
„რუსეთისთვის ახლა ძალების გადამისამართების იდეა ძალიან არასახარბიელო და ნაკლებად პრიორიტეტულია. მათი ამოცანა დღეს უკრაინაა. არ მგონია საქართველო ან მოლდოვა დღეს რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვანი, საინტერესო ან პრიორიტეტული იყოს - ვიდრე უკრაინა. ასე რომ, ჩემი აზრით, მათი [რუსების] მთელი ყურადღება უკრაინაზე დარჩება,“ - ამბობს „რანდის კორპორაციის“ ანალიტიკოსი, კლინტ რეჩი.
რაც შეეხება ომს უკრაინაში და მის მიმდინარეობას, კლინტ რეჩი გვეუბნება, რომ ახლა ფრონტის ხაზზე ე.წ. „პაუზაა“ გამოცხადებული, რა დროსაც როგორც უკრაინა, ასევე რუსეთი, საკუთარი ძალების გადაჯგუფებას ახდენენ. სამხედრო სპეციალისტი აქვე ამბობს, რომ რუსებს გარკვეული პრობლემები აქვთ საკომუნიკაციო საშუალებებისა და იარაღის კუთხით.
„ამჟამინდელი საბრძოლო ვითარებით, ვერცერთი მხარე ვერ შეძლებს გადამწყვეტ სამხედრო გამარჯვებას,“- ამბობს რეჩი და ამატებს, რომ თუ
რუსეთმა დონბასის რეგიონზე კონტროლი მოიპოვა, ეს კრემლისთვის გამარჯვებად ვერ ჩაითვლება.
„მაშინაც კი, თუ რუსეთი მიაღწევს თავის მიზნებს იმისთვის, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში საკუთარი გავლენა უზრუნველყოს, კრემლს არ ეყოლება მთავრობა კიევში, რომელიც მხარს დაუჭერს რუსეთის ეროვნულ ინტერესებს. დედაქალაქის კონტროლის გარეშე კი რუსეთს არ შეუძლია, საიმედოდ სტრატეგიული ნაბიჯები გადადგას და ცვლილებები მოახდინოს“ - ამბობს ანალიტიკოსი კლინტ რეჩი.
Როგორ შეიძლება დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი? - ანალიტიკოსი ამბობს, რომ „ნაკლებად სავარაუდოა, ომი კომპრომისული სამშვიდობო მოლაპარაკებებით დასრულდეს“.