პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს სანქციები დაუწესა. ამის მიზეზი ამერიკის მოქალაქეთა უცხოეთში უსაფუძვლოდ დაკავებაა. თეთრი სახლის განცხადებით, იგივე მიზეზით 27 აპრილს სანქციები დაუწესდა ირანის ისლამისტური რევოლუციური გვარდიის კორპუსს.
„ეს აქტორები რუსეთში და ირანში ცდილობდნენ ამერიკელთა გამოყენებას პოლიტიკური ბერკეტისთვის, ან დათმობების მისაღწევად შეერთებული შტატების მხრიდან“ - განაცხადა თეთრი სახლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, „რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური განმეორებით მონაწილეობდა რუსეთში შეერთებული შტატების მოქალაქეთა უსაფუძვლო დაკავებაში, დაკითხვაში და დაპატიმრებაში“.
ასევე ნახეთ: მოსკოვის სასამართლომ ამერიკელი ჟურნალისტის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილაეს პირველი ამ ტიპის სანქციებია, რომელთა დაწესება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ივლისში გამოცემულ საპრეზიდენტო აღმასრულებელ განკარგულებას ეფუძნება. მოსალოდნელია, რომ თეთრი სახლი განცხადებას დამატებით სანქციებზეც გააკეთებს.
წელს, გასულ წელს და მანამდეც, რუსეთმა არაერთი ამერიკელი გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც მხარეებმა პატიმართა გაცვლაზე მოილაპარაკეს. ამჟამად რუსეთს სულ ცოტა, ორი ამერიკელი ჰყავს დაკავებული. ესენი არიან „უოლ-სტრიტის“ ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, რომელიც მოსკოვმა მარტში აიყვანა და პოლ უელანი, კორპორაციული უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც რუსეთს 2018 წლიდან ჰყავს დაპატიმრებული.
ორივე ამერიკელს მოსკოვი ჯაშუშობის ბრალდებას უყენებს. თუმცა, მათი ოჯახები და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებენ, რომ ეს ბრალდებები რეალურ საფუძველს მოკლებულია.