საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა არ მაშფოთებს - ბაიდენი

ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი. დუბლინი, ირლანდია. 13 აპრილი, 2023 წ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით აღძრული საქმის გამოძიება გახსნასთან ახლოსაა. ჯო ბაიდენი, რომელიც ვიზიტით ირლანდიაში იმყოფება ასევე აცხადებს, რომ ის არ არის ძლიერ შეშფოთებული ამერიკის დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროებით.

"როგორც იცით, სრულმასშტაბიანი გამოძიება მიმდინარეობს, ჩართულია დაზვერვის საზოგადოება და იუსტიციის დეპარტამენტი. ისინი ახლოს არიან, მაგრამ ჯერ პასუხი არ მაქვს" - უთხრა ჟურნალისტებს ირლანდიაში სამდღიანი ვიზიტით მყოფმა ამერიკის პრეზიდენტმა. ბაიდენი ასევე ამბობს, რომ მომხდარით ძლიერ შეშფოთებული არ არის.

ასევე ნახეთ: საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმე და მისი შედეგები

მას შემდეგ, რაც დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე პენტაგონმა იუსტიციის დეპარტამენტს აუწყა, ამ ფაქტზე შეერთებულ შტატებში სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებული გამოძიება დაიწყო. სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ძიებას სათავეში გამოძიების ფედერალური ბიურო უდგას.

ბოლო ათწლეულში ეს შესაძლოა ყველაზე სერიოზული გაჟონვის ინციდენტი იყოს. საუბარია 100-ზე მეტ დოკუმენტზე, რომელთა შორისაა "სიდუმლო" და "განსაკუთრებით საიდუმლო" გრიფის მქონე საბუთები.

წინასწარი მონაცემებით, გასაჯაროებულ ინფორმაციას შორის, ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საკითხი ეხება უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაგეგმილ კონტრიერიშს. საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ დოკუმენტებში ამერიკის მოკავშირეებზეც არის ინფორმაცია, მათ შორის, ისრაელზე, სამხრეთ კორეაზე და თურქეთზე.

დოკუმენტებში ზოგი ინფორმაცია შეცვლილია და მონაცემები გადაკეთებულია, ამიტომ ჯერჯერობით დანამდვილებით არ შეიძლება იმის თქმა, თუ რამდენად შეესაბამება მათში მოცემული ინფორმაცია რეალობას. წინასწარ არც ისაა ცნობილი, თუ რა ხარისხის ზიანი შეიძლება მიადგეს ვაშინგტონს, ან მის პარტნიორებს და მოკავშირეებს. რამდენიმე სახელმწიფომ უკვე დააყენა ეჭვქვეშ ზოგიერთი დოკუმენტის სიზუსტე. მათ შორისაა ბრიტანეთი, რომელიც ამბობს, რომ ინფორმაციაში "უზუსტობის სერიოზული დონე" შენიშნა.