ჯო ბაიდენი საარჩევნო კამპანიისთვის მნიშვნელოვან შტატებში ჩადის

ჯორჯიის შტატის პრაიმერიში მოპოვებული გამარჯვების ფონზე, ჯო ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის საჭირო ხმები დააგროვა. ჯო ბაიდენს პარტიაში კონკურენტი არ ჰყავს, თუმცა ის საარჩევნო კამპანიას აგრძელებს, რათა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი ოპონენტის წინააღმდეგ გამარჯვება მოიპოვოს.

„წავედით!“ - წერს ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის გუნდი და აქტიურ სამუშაოებს ამერიკის შუა დასავლეთში იწყებს. ბაიდენის მიზანია განიმტკიცოს მხარდაჭერა ამერიკის ამ რეგიონში მცხოვრებ შავკანიან, ქალ და ლათინოამერიკელ ამომრჩეველში.

მედიისთვის ცნობილია, რომ ბაიდენი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კვლავ გააგრძელებს მისი ადმინისტრაციის ეკონომიკური პოლიტიკის დადებით გავლენებზე საუბარს. თუმცა ანალიტიკოსების აზრით, ჯო ბაიდენის ამ მიდგომამ ამომრჩევლებში არ იმუშავა.

ასევე ნახეთ: ტრამპის გუნდი ორბანის პასუხად ამბობს, რომ ომის მოლაპარაკებით დამთავრება მისი პრიორიტეტი იქნება

პრეზიდენტ ბაიდენს ახლა მიჩიგანში ელოდებიან, სადაც მის ვიზიტამდე ადგილობრივი საარჩევნო შტაბი გაიხსნება. მოქმედი პრეზიდენტი უკვე იმყოფებოდა პენსილვანიაში, ჯორჯიასა და ნიუ-ჰემფშირში. ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა კი ჯო ბაიდენის ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ ამომრჩევლებს დეტალური ინფორმაცია კოლორადოში და ვისკონსინში მიაწოდა. ვისკონსინი მნიშვნელოვანი შანსია, სადაც გამარჯვების მოპოვება დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის შესაძლოა ამერიკის არჩევნებში გასამარჯვებლად მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს.

81 წლის ჯო ბაიდენმა ამ კვირაში ამერიკის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე ზეწოლაც გაზარდა. ბაიდენის თქმით, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია „საფრთხეს უქმნის ამერიკის იდეას“.

2020 წლის მსგავსად, უკვე თითქმის დანამდვილებით ცნობილია, რომ წელსაც, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთმანეთის კონკურენტები ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი იქნებიან. ბაიდენის მსგავსად, დონალდ ტრამპის პარტიის საპრეზიდენტო კამპანიის უპირობო ლიდერია, ტრამპმაც ნომინაციისთვის საჭირო ხმები ჯორჯიის შტატის პრაიმერიში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დააგროვა.

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერში გაიმართება, გამარჯვებულს საარჩევნო კოლეგიის სულ მცირე 270 ხმის მოპოვება სჭირდება.