ჯო ბაიდენი ადასტურებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში, კვლავ ჰარისთან ერთად იბრძოლებს

ოთხშაბათს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ მომავალი არჩევნებისთვის რბოლაში, მისი თანამებრძოლი, კვლავ, კამალა ჰარისი იქნება.

2021 წლის დეკემბრის თვეში, კამალა ჰარისმა იმავე შეკითხვაზე ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მას და პრეზიდენტს ეს საკითხი ჯერ განხილული არ ჰქონდათ და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე არ უსაუბრიათ.

ამ თემაზე ის გასულ წელს "უოლ სტრით ჯურნალს" ესაუბრა და შეკითხვაზე, იყრიდა თუ არა კენჭს 79 წლის პრეზიდენტი მეორე ვადაზე, ჰარისმა თქვა: "ამაზე ჯერ არ ვფიქრობ, არც განგვიხილავს ეს საკითხი".

კამალა ჰარისი, ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი და პირველი შავკანიანი, ასევე პირველი აზიელი ვიცე-პრეზიდენტი, თავიდან ბაიდენის მემკვიდრედ მოიაზრებოდა.

ასევე ნახეთ: ბაიდენის ერთი წელი ოფისში და პირველი პრესკონფერენცია 2022 წელს

თუმცა, მისი რეიტინგები მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ რამდენიმე არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორისაა უმცირესობებისთვის ხმის მიცემის უფლებასა და საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები.

ბაიდენმა ჰარისი და მისი ადმინსტრაციის გადაწყვეტილებები დაიცვა და თქვა: "მე დავავალე მას ეს და ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგად აკეთებს თავის საქმეს".

ერთი წლის წინ, ინაუგურაციის დღეს, არსებობდა მოლოდინები, რომ ჯო ბაიდენი მეორე ვადით კენჭს აღარ იყრიდა და სავარაუდო კანდიდატად დემოკრატების მხრიდან, სწორედ კამალა ჰარისი აღიქმებოდა. თუმცა, ბაიდენმა პრესასთან უკვე რამდენჯერმე დააფიქსირა თავისი აზრი და თქვა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, მეორე ვადისთვის ბრძოლას აპირებს და ამას კვლავ კამალა ჰარისთან ერთად გააკეთებს.