ჩრდილოეთ სირიაში, დევნილთა კარვების დასახლებაში, თოვლმა და ყინვამ ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.
18 იანვარს, შტორმმა კარავი ჩამოშალა. დედა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი, ბავშვი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ, გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი ავრცელებს.
ოფისის ცნობით, ყინვის გამო, ორი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი.
“მძიმე მდგომარეობაა. არ არის გათბობა. ვცხოვრობთ კარვებში, რომლებიც ცხოველებისთვისაც კი შეუფერებელია. რთულ მდგომარეობაში ვართ” - ასე აღწერს ცხოვრების პირობებს, ჩედილოეთ სირიაში განლაგებული დევნილთა ბანაკის ერთ-ერთი მკვიდრი.
გაეროს ოფისი, წყალდიდობის საშიშროებაზე საუბრობს მას შემდეგ, რაც თოვლი დადნება. ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დრომდე, ბანაკის 362 კარავი დაზიანდა და 400-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა.
შტორმმა პრობლემები შექმნა მთავრობის მიერ კონტროლირებულ ადგილებშიც. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყდა. დროებით დაიხურა პორტები.
სირიის სამიქალაქო ომის შედეგად, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა. მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. შედეგად, მსოფლიომ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ლტოლვილთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კირიზისი იხილა.
რუსეთის მხარდაჭერით, სირიის მთავრობამ ქვეყნის უმეტეს ნაწილზე კონტროლი დაიბრუნა. მეამბოხე ოპონენტები, ჩრდილოეთით არიან განლაგებული.