ისრაელზე პალესტინელთა დაჯგუფება "ჰამასის" თავდასხმასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. შაბათს, 7 ოქტომბერს, მან თეთრი სახლის ადმინისტრაციის სახელით, პირობა დადო, რომ ამერიკა ისრაელის გვერდში იდგება.
ბაიდენმა ცალსახად დაგმო „ჰამასის ტერორისტების“ თავდასხმა და განაცხადა: „მე ვუთხარი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, რომ მზად ვართ, შევთავაზოთ მხარდაჭერის ყველა შესაბამისი საშუალება ისრაელის მთავრობას და მის ხალხს. ტერორიზმი არასდროსაა გამართლებული. ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი და თავისი ხალხი... ჩემი ადმინისტრაციის მხრიდან ისრაელის უსაფრთხოების მხარდაჭერა მტკიცე და ურყევია“.
ასევე ნახეთ: ისრაელის ხელისუფლების თანახმად, "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა"ტერორიზმის გამართლება არ არსებობს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელის მთავრობას და ხალხს და ვუსამძიმრებთ ისრაელს ამ თავდასხმებში დაღუპულთა გამო", - თქვა ენტონი ბლინკენმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. მის განცხადებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს.
განცხადება პენტაგონმაც გაავრცელა. „უახლოეს დღეებში თავდაცვის დეპარტამენტი იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისრაელს ჰქონდეს ის, რაც მას განურჩეველი ძალადობისა და ტერორიზმისგან საკუთარი თავის და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ესაჭიროება“ - ამბობს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.
7 ოქტომბრის დილით, პალესტინელთა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელზე ზედიზედ რამდენიმე იერიში მიიტანა, რაც ბოლო წლების ყველაზე დიდ იერიშად შეიძლება ჩაითვალოს. ისრაელის ცნობით, შაბათს დაწყებული შეტევის შედეგად, ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა კვირისთვის უკვე 600-ს გადააჭარბა, დაჭრილთა რაოდენობა კი 2 000-ზე მეტია.