უკვე 9 დღეა, რაც ბელარუსში საპროტესტო აქციები გრძელდება. მოსახლეობა 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო აჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებს. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსადნრ ლუკაშენკომ ხმათა 80% მიიღო, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა, 34 წლის სვიატლანა ციხანუსკაიამ 10%. სწორედ ამ შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო ბელარუსის დედაქალაქ მინსკში და ქვეყნის 30-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო გამოსვლები.
საპროტესტო გამოსვლების პირველ ღამეს ლუკაშენკომ ძალა გამოიყენა და მომიტინგეები დაშალა, რის შედეგადაც, სულ ცუტა, ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, დაკავებულია 6,000-ზე მეტი ადამიანი და კიდევ ათასობით დაშავებული.
ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანუსკაია აიძულეს, რომ ჯერ შედეგები ეღიარებინა, შემდეგ კი თავშესაფარი ლიეტუვაში ენახა. მან თქვა, რომ ასე საკუთარი შვილების უსაფრთხოებისთვის მოიქცა. ციხანუსკაიას ქმარი, რომელიც ასევე ოპოზციის ლიდერი იყო, კიდევ ერთ ოპოზიციონერ ლიდერ ბაბარიკასთან ერთად, დაპატიმრებულია. მათ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღეს, ამიტომ ახალბედა პოლიტიკოსმა, 34 წლის ციხანოუსკაიამ აიღო თავის თავზე ოპოზიციის კანდიდატის როლი.
ასევე ნახეთ: ბელარუსის ოპოზიციის კანდიდატმა თავი ლიეტუვას შეაფარა9 დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ ისმის კითხვა - როგორ დასრულდება ეს ამბავი ბელარუსისთვის? გათამაშდება თუ არა უკრაინის სცენარი და შევა თუ არა ქვეყანაში რუსეთის ჯარი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამაზე მინიშნება უკვე გააკეთა ლუკაშენკომ; დატოვებს თუ არა ლუკაშენკო ქვეყანას და ჩატარდება თუ არა ქვეყანაში სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები? ამ თემებზე „სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლებების ცენტრში“ დისკუსია გაიმართა.
მართალია უწყვეტი საპროტესტო აქციები ქვეყანაში იმართება, თუმცა ჩნდება კითხვა რა მოხდება ამ აქციების შემდეგ? ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები არ ჩატარდება „სანამ არ მომკლავთ“.
ვალერი ცეპკალა, ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს და რომელსაც ქვეყნის დატოვება მოუწია ამბობს, რომ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში დასავლეთს შეუძლია გარკვეული როლი ითამაშოს. პოლიტიკოსი, რომელიც 1997-2002 წლებში ბელარუსის ელჩი იყო ამერიკასა და მექსიკაში ამბობს, რომ დასავლეთმა არ უნდა აღიაროს არჩევნების ოფიციალური შედეგები და მხარი უნდა დაუჭიროს ოპოზიციონერ ციხანოუსკაიას, როგორც ქვეყნის ახალ ლიდერს.
ასევე ნახეთ: ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი ახალ აქციებს აანონსებს და ხმების გადათვლას ითხოვსცეპკალა ამბობს, რომ სამი დამოუკიდებელი ონლაინ პლატფორმის მიხედვით, რომლებიც არჩევნების დროს ხმებს ითვლიდნენ, სინამდვილეში სვიატლანა ციხანუსკაიამ ხმათა 80%-მდე რაოდენობა აიღო, ხოლო ლუკაშენკომ 10%. ის განმარტავს, რომ ხალხი ხმას აძლევდა, არამარტო ოპოზიციის სასრგებლოდ, არამედ, პირველ რიგში, ლუკაშენკოს საწინააღმდეგოდ. „მივეჩვიეთ კიდეც, რომ ლუკაშენკო ყოველთვის აყალბებდა არჩევნებს. 10-20% ყოველთვის უმატებდა ხოლმე რეალურ მაჩვენებლებს, თუმცა ამჯერად ეს იყო წარმოუდგენელი“, ამბობს ცეპკალა.
ოპოზიციონერის თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გაბრაზდა ასე ძალიან ბელარუსი ხალხი და რატომაც დაიწყო ასეთი მასშტაბური გამოსვლები ისაა, რომ ლუკაშენკომ კონსტიტუცია დაარღვია და ჩათვალა, რომ „შეეძლო დამდგარიყო კანონზე მაღლა“. ეს კი საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ცეპკალა ამბობს, რომ კიდევ ერთი პრობლემა კორუფციაა: „ის ამბობს, რომ კორუფციას ებრძვის, თუმცა თვითონაა ყველა კორუმპირებული ადამიანი ბელარუსში“.
ასევე ნახეთ: პუტინს ბელარუსში მომგებიანი სვლა ჯერჯერობით არ აქვსვლადისლავ ინოზემცევი, „სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლებების ცენტრის“ რუსეთისა და ევრაზიის პროგრამიდან თვლის, რომ ლუკაშენკომ, რომელიც ხალხში აქამდე პოპულარული იყო, რეიტინგი წლის დასაწყისში მკვეთრად დაკარგა. ინოზემცევის თქმით, ლუკაშენკო ხალხს მოსწონდა, ვინაიდან მათ არ სურთ გახდნენ რუსეთის ნაწილი, რაზეც ღიად არ ულაპრაკია, თუმცა მინიშნებები გაუკეთებია პუტინს. ლუკაშენკო კი ეროვნულ ღირებულებებზე დგას და არც მას სურდა, რომ ბელარუსი რუსეთის მფარველობის თუ მმართველობის ქვეშ ყოფილიყო.
„თუმცა სიტუაცია შეიცვალა წლის დასწყისში, როდესაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო. ლუკაშენკო კი იგნორირებას უკეთებდა მას და ხალხს უწევდა, რომ თავად დაეწყოთ ორგანიზება გადარჩენისთვის“. ექსპერტი თვლის, რომ ეკონომიკურმა პრობლემებმა, კორონავირუსის გამო შექმნილმა სიტუაციამ და ლუკაშენკოს ძალადობრივმა მმართველობამ, რომლის შედეგადაც უამრავი ადამიანი ციხეში აღმოჩნდა, ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. ლუკაშენკოს რეიტინგი სულ უფრო კლებულობდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ქარხნებში მომუშავე ადამიანებიც, რომლებიც მის ელექტორატად ითვლებოდნენ, ლუკაშენკოს წინააღმდეგ წავიდნენ. ეს ნათლად გამოჩნდა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი ტრაქტორის ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა და მას დახვდნენ შეძახილებით: „წადი“.
ასევე ნახეთ: ბელარუსში კრიზისი მწვავდება, ოპოზიციური პოლიტიკოსი ქვეყნის მართვისთვის მზადყოფნას აცხადებსქვეყნისთვის ერთადერთ გამოსავლად ინოზემცევსაც დასავლეთის მხრიდან ლუკაშენკოს გამარჯვების არ აღიარება და ციხანუსკაიას მხარდაჭერაა. ექსპერტი ამბობს, რომ ვინაიდან ციხანოუსკაიამ გამოთქვა მზადყოფნა მოირგოს ქვეყნის ლიდერის როლი, ახლა საჭიროა, რომ ლუკაშენკომ დატოვოს ქვეყანა, ხოლო ოპოზიციის ლიდერმა 6 თვის ვადაში ახალ არჩევნებს გაუწიოს ორგანიზება. ინოზემცევი თვლის, რომ ეს ლუკაშენკოს მმართველობის დროს ვერ მოხდება.
რაც შეეხება რუსეთის ჩართულობას და უკრაინის სცენარის ბელარუსში გადათამაშებას, დიპლომატი და პოლიტიკოსი ცეპკალა თვლის, რომ უკრაინის და ბელარუსის შემთხვევები განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ისე ეთნიკური, თუ რელიგიური თვალსაზრისით. ამიტომ, პუტინს არ უნდა უღირდეს ბელარუსში ჯარებით შესვლა.
ინოზემცევიც თვლის, რომ შესაძლოა, პუტინს აღარც უღირდეს ლუკაშენკოს დაცვა და შესაძლოა, რუსეთის ინტერესებშიც კი იყო ის, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი დასრულდეს.
ასევე ნახეთ: სანქციები და მხარდაჭერა ბელარუს ხალხს - ევროპა მოქმედებაზე გადადის19 აგვისტოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამრომადგენლები შეიკრიბებიან, რათა ბელარუსში მიმდინარე მოვლენები განიხილონ და შესაძლო სანქციები განიხილონ. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დაგმეს, როგორც ამერიკამ, ისე ევროპის ქვეყნების უმრაველსობამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. რამდენიმე გამონაკლის ქვეყანას შორის, ვინც ლუკაშენკოს გაპრეზიდენტება და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, რუსეთი ერთ-ერთი პირველი იყო. მას გამარჯვება ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმაც მიულოცა.