25 დეკემბერს აზერბაიჯანიდან რუსეთში მიმავალმა სამგზავრო თვითმფრინავმა კასპიის ზღვასთან ახლოს, ყაზახეთის ქალაქ აკტაუსთან ავარია განიცადა. "აზერბაიჯანის ავიახაზების" განცხადებით, თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში, ჩეჩნეთის დედაქალაქისკენ მიფრინავდა, მაგრამ ყაზახეთში მდებარე აკტაუს აეროპორტში ავარიული დაჯდომის ნებართვა მოითხოვა.
ასევე ნახეთ: კავკასიაში რუსული "სუ-34" ბომბდამშენი ჩამოვარდა"აზერბაიჯანის ავიახაზების" რეის J2-8243-ზე სულ 62 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. ამ დროისთვის გავრცელებული ცნობების მიხედვით, ბორტზე მყოფთაგან 32 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
წინასწარი მონაცემებით, ავარია შესაძლოა ჩიტებთან დაჯახებას გამოეწვია. რეისი განსაზღვრული კურსიდან ასობით კილომეტრის დაშორებით მიფრინავდა. მარშრუტის შეცვლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავარიის მომენტი ემთხვევა დროის იმ ინტერვალს, როცა დრონების აქტივობის გამო, რუსეთის სამხრეთში მდებარე აეროპორტები დაიხურა.
მედიაში ვრცელდება ყაზახეთის საგანგებო სამსახურის მინისტრის განცხადება, რომლის მიხედვითაც, მაშველებმა თვითმფრინავზე გაჩენილი ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს. გადარჩენილი ადამიანები, რომელთა შორის ორი ბავშვია, ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიმდინარეობს დაღუპულთა გვამების ამოცნობის პროცესი.