ლიეტუველი ოფიციალური პირების განცხადებით, ამ დრომდე არ იკვეთება რაიმე ნიშანი, რომ გადამზიდი კომპანია DHL-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნა დივერსიით იყო გამოწვეული. ლიეტუველმა ოფიციალურმა პირებმა ოთშაბათს განაცხადეს, რომ შემთხვევა, სავარაუდოდ, ტექნიკური პრობლემებით აიხსნება.
თვითმფრინავი, ორშაბათს, ვილნიუსის აეროპორტში დაშვებისას ჩამოვარდა, რის შედეგადაც, ბორტზე მყოფი ერთი ადამიანი დაიღუპა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ინციდენტის მიზეზი შესაძლოა უბედური შემთხვევა ყოფილიყო ან ჰიბრიდული თავდასხმა „არასტაბილურ დროში“.
„ყველაფრის გათვალისწინებით, რაც გვაქვს და ვიცით, არ არსებობს ნიშნები იმის, რომ ეს შეიძლება დივერსიული აქტი ყოფილიყო“, - განაცხადა ოთხშაბათს, ჟურნალისტებთან საუბრისას ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა ლაურინას კასციუნასმა.
მინისტრის განმარტებით, ავარიის ვიზუალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ თვითმფრინავს არ ჰქონია გარეგანი ზემოქმედება, როდესაც ის დაეშვა, ხოლო ეკიპაჟის გადარჩენილმა წევრებმა განაცხადეს, რომ ავარიამდე თვითმფრინავის შიგნით არ ყოფილა ქაოსი ან არეულობა, კვამლი ან სუნი.
ლიეტუვის კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ვილმანტას ვიტკაუსკასის თქმით, გამომძიებლები ინციდენტის გამომწვევი ტექნიკური მიზეზისკენ იხრებიან და ამას იკვლევენ.
"თუ დამატებით მონაცემებს მივიღებთ, შესაძლოა [გამოძიების] მიმართულება შევცვალოთ, მაგრამ ეს არ გვაქვს ამ მომენტში", - განუცხადა ვიტკაუსკასმა ჟურნალისტებს.