ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრენის დროს "ბოინგ 787"-ის უეცარი ვარდნის შედეგად 50 ადამიანი დაშავდა


11 მარტს, LATAM ავიახაზების „ბოინგ 787“-ის ფრენის დროს უეცარი ვარდნის შედეგად, 50 ადამიანი დაშავდა. თვითმფრინავი სიდნეიდან ოკლენდის მიმართულებით რეისს ასრულებდა.

ინფორმაციას სამხრეთ ამერიკული ავიახაზები და ახალი ზელანდიის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს, რომელმაც დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაუწია

სამხრეთ ამერიკული ავიახაზების ცნობით, თვითმფრინავმა ძლიერი რყევა განიცადა, რის გამოც 10 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რეისი 263 მგზავრით და ეკიპაჟის ცხრა წევრით, 11 მარტს ოკლენდის აეროპორტში განრიგის თანახმად დაეშვა. ერთი ადამიანი მძიმედ იყო დაშავებული, დანარჩენები კი მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით დაშავდნენ.

თვითმხილველის თანახმად, თვითმფრინავი გაფრთხილების გარეშე უეცრად „ჩავარდა“, რაც ჩვეულებრივ ტურბულენტობას არ ჰგავდა. რყევამ მგზავრები სავარძლებიდან აისროლა. შენარცხების შედეგად სალონის ჭერის ზოგიერთი პლასტმასის პანელი გატყდა და რამდენიმე ადამიანს თავიდან სისხლდენა ჰქონდა.

„ბოინგმა“ განაცხადა, რომ მეტი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს და ავიახაზებს ყველანაირ მხარდაჭერას გაუწევს.

ბოლო ინციდენტის შემდეგ, „ბოინგის“ აქციები 3 პროცენტით შემცირდა.

იანვარში, შეერთებული შტატების ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ, ხარისხის „მიუღებელი“ პრობლემების გამო, ავიამშენებელს მისი ყველაზე გაყიდვადი 737 MAX ვიწრო ფუზელაჟიანი თვითმფრინავების წარმოების გაფართოება აუკრძალა.

შეერთებული შტატების უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით ამ ინციდენტის შესახებ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ აქვს.

ფრენების აღმრიცხველი ვებგვერდის, FlightRadar24-ის თანახმად, 8 წლის Boeing 787-9 Dreamliner სანტიაგოში, ჩილეში, ოკლენდის გავლით მიფრინავდა.

XS
SM
MD
LG