ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) ცნობით, Boeing 757 სამგზავრო თვითმფრინავს ცხვირის ბორბალი, აფრენისთვის მზადებისას მოძვრა. ეს „დელტას“ ავიახაზების დაგეგმილი ფრენის წინ, ატლანტის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა.
ამას წინ ფედერალური მარეგულირებლების მიერ "ბოინგის" თვითმფრინავების გაძლიერებული შემოწმების პროცესს უძღოდა წინ, რომელიც თავის მხრივ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ალასკის ავიახაზების Boeing 737 MAX 9 თვითმფრინავს ფრენისას კარის პანელი მოძვრა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ FAA-მ 5 იანვარს მომხდარი ინციდენტის შემდეგ 171 ერთეული MAX 9 ტიპის თვითმფრინავის ფრენების შეწყვეტა მოითხოვა.
სააგენტომ რეკომენდაცია გასცა, რომ ავიაკომპანიებმა, რომლებიც Boeing 737-900ER თვითმფრინავებს იყენებენ, შეამოწმონ ამ თვითმფრინავების კარის პანელები, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი სათანადოდ არის დაცული. მანამდე, ზოგიერთმა ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ MAX 9 თვითმფრინავების შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ხრახნი სათანადოდ დამაგრებული არ იყო.
ატლანტაში, ჰარტსფილდ-ჯექსონის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ინციდენტის დროს, ბორტზე მყოფი 184 მგზავრიდან და ეკიპაჟის ექვსი წევრიდან არავინ დაშავებულა. ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავი იდგა და ელოდა აფრენას, როდესაც მას "ცხვირის ბორბალი მოძვრა და ბორცვზე გადაგორდა".
თვითმფრინავი კოლუმბიაში, ბოგოტაში უნდა გაფრენილიყო. „დელტას“ სპიკერმა თქვა, რომ მგზავრები სხვა რეისზე გადაიყვანეს. „ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მიცემულ კომენტარში, FAA-მ თქვა, რომ აგრძელებს ინციდენტის გამოძიებას.