პრეზიდენტი ტრამპი და "თავშესაფარი ქალაქები"

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სამშაბათს ქვეყნის მაღალი თანამდებობის სამართალდამცავები შეკრიბა, რათა ე.წ. თავშესაფარი ქალაქების მისამართით კრიტიკა გამოეთქვა. ის აგრძელებს მკაცრი ზომების გატარებას იმ იურისდიქციების მიმართ, რომლებიც ფედერალურ საიმიგრაციო კანონებს უგულებელყოფენ.

მან ქალაქებს ბრალი დასდო, რომ საიმიგრაციო ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობენ და „ათასობით კრიმინალი უცხოელის“ გათავისუფლებით, რომლებიც დეპორტაციას უნდა დაექვემდებარონ, ქვეყანას რისკის წინაშე აყენებენ.

„ხშირ შემთხვევაში ესენი ძალიან ცუდი ხალხია, გვყავს ბანდის წევრები, მტაცებლები, მოძალადეები, მკვლელები - ძალიან ბევრი ცუდი ადამიანი“, თქვა პრეზიდენტმა.

იმიგრაციის საკითხზე ტრამპის ბოლო მწვავე გამოსვლა იმ დროს მოხდა, როდესაც კაპიტოლიუმში მთავრობის ხარჯების კანონპროექტის შემუშავება სცადეს, რომელშიც, როგორც სულ უფრო ნათლად იკვეთება, პრეზიდენტის მიერ დაპირებული საზღვრის კედლისთვის დიდი თანხა არ იქნება ჩართული.

ტრამპმა და მისმა იუსტიციის დეპარტამენტმა გაზარდეს ზეწოლის კამპანია იმ იურისდიქციების წინააღმდეგ, რომლებიც ფედერალურ საიმიგრაციო კანონებს ეწინააღმდეგებიან. მათ ფედერალური გრანტების ფულის არმიცემით ემუქრებიან. ამ თვის დასაწყისში, იუსტიციის დეპარტამენტმა კალიფორნიის შტატის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, რომლითაც ამ შტატის სამი საიმიგრაციო კანონის გაუქმება სცადა.

„მეოცნებენი“

საუბარი გამკაცრდა, როდესაც იმ კომპრომისის მიღწევის იმედი გადაიწურა, რომელიც ტრამპის მიერ დაპირებული, ამერიკა-მექსიკის საზღვრის კედლის დაფინანსების სანაცვლოდ, ე.წ. „მეოცნებე“ ახალგაზრდა იმიგრანტებს დეპორტაციისგან დაიცავდა.

მესამე ნომრით სენატში რესპუბლიკელთა ლიდერმა, სამხრეთ დაკოტის წარმომადგენელმა ჯონ თიუნმა ჟურნალისტებს უთხრა: „ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ ეს შორეული მომავლის საქმეა“.

დემოკრატები „დაკა“-ს - ბავშვობის ასაკში შემოსული პირების მიმართ მოქმედების გადავადების პროგრამის - დროებით გაგრძელებას ცდილობდნენ, რომლის შესახებაც ტრამპმა გასულ წელს გამოაცხადა, რომ შეაჩერებდა. „დაკა“ იმ იმიგრანტებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში ბავშვობის ასაკში უკანონოდ შემოიყვანეს, განახლებადი ნებართვების მეშვეობით, ქვეყანაში დარჩენის და ლეგალურად მუშაობის უფლებას აძლევდა.

თეთრის სახლის წარმომადგენლები მზად იყვნენ უფრო შორს წასულიყვნენ და ამ პროგრამაში მონაწილე ან პოტენციურად მისი პირობების დამაკმაყოფილებელი 1.8 მილიონი პირისთვის მოქალაქეობის მიღების შანსი შესთავაზეს, მაგრამ რესპუბლიკელების მიერ ამისთვის დადგენილ ფასში, ტრამპის კედლისთვის 25 მილიარდი დოლარი და სხვა ცვლილებები შედიოდა. დემოკრატებს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ სურდათ.

მეორე ნომრით სენატის დემოკრატების ლიდერმა, ილინოისის წარმომადგენელმა რიჩარდ დურბინმა თქვა: „ამ დროისთვის, არ მჯერა, რომ კანონპროექტში ეს იქნება“.

რესპუბლიკური პარტიისთვის თანხების მოსაზიდ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა დემოკრატებს ბრალი, მის შეთავაზებაზე უარის თქმისთვის დასდო და განაცხადა, რომ ამ საარჩევნო სეზონში, მათ ამ საკითხის „პოლიტიკურ ფეხბურთად“ გამოყენება სურთ.

„თუ მიხვდებით რა ხდება? ვფიქრობ, ეს ჩვენთვის უკეთესად მუშაობს, ვიდრე მათთვის“ თქვა პრეზიდენტმა.

„თავშესაფარი“ იურისდიქციები

ტრამპმა ასევე თქვა, რომ კონგრესი მუშაობდა კანონზე, რომელიც „თავშესაფარ“ იურისდიქციებს ზოგიერთ დაფინანსებას ჩამოართმევდა.

მაგრამ პენსილვანიიდან რესპუბლიკელი სენატორის, პატ თუმის კანონპროექტი, დემოკრატების მიერ იბლოკება და მისი ვერსია დამარცხდა, როდესაც გასულ თვეში, სენატში, იმიგრაციის თემაზე დებატები გაიმართა.

თეთრ სახლში, ტრამპმა დემოკრატების მისამართით ბრალდებები გააგრძელა და თქვა, რომ პარტიის პრიორიტეტი „კრიმინალების დაცვაა და არა ის, თუ ჩვენის ქვეყნისთვის კარგი რა არის.“

მან თქვა: „თავშესაფარი ქალაქები და შტატები, როგორიცაა კალიფორნია, უდანაშაულო ამერიკელებს, ხშირ შემთხვევაში,გამობრძმედილი კრიმინალების, მკვლელების პირისპირ სტოვებენ, და მაინც, წარმომადგენელთა პალატის და სენატის დემოკრატებმა ხმა, თითქმის ერთსულოვნად, თავშესაფარი ქალაქების სასარგებლოდ მისცეს. ამას ვინ ახსნის.“

ამ დროს, დემოკრატები ადმინისტრაციას იმიგრანტთა თემების დატერორებაში და ქვეყანაში უკანონოდ მცხოვრები იმ იმიგრანტების განურჩევლად დაკავებაში ადანაშაულებენ, რომელთაც საიმიგრაციო კანონის დარღვევის გარდა, სხვა დანაშაული არ ჩაუდენიათ.

შიდა უსაფრთხოების მდივან კირსტენ ნილსენთან შეხვედრის შემდეგ, კალიფორნიელმა დემოკრატმა სენატორმა კამალა ჰარისმა თქვა: „ადმინისტრაციის და სააგენტოს ლიდერებს აკლიათ იმის გაგება, თუ ქუჩებში რა ხდება, სინამდვილეში უბნებში რა ხდება.

მოლაპარაკებების დროს, ტრამპი გულდასმით ისმენდა კონგრესის წევრები და შტატების სამართალდამცავები „თავშესაფრების“ პოლიტიკას როგორ აკრიტიკებდნენ. ერთ მომენტში მან გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსიც შეაქო, რომელსაც ადრე რუსეთთან დაკავშირებული გამოძიებისგან თვითაცილების გამო აკრიტიკებდა. პრეზიდენტმა თქვა: „ამ საკითხზე და საზღვრის სხვა საკითხებზე იუსტიციის დეპარტამენტის ძლიერების დონე ფანტასტიური იყო, ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ.“

ტერმინ „თავშესაფარ ქალაქებს“, ერთი ჩამოყალიბებული ან იურიდიული განსაზღვრება არ გააჩნია და იმისდა მიხედვით, თუ როგორ განსაზღვრავენ, მათი რიცხვი ცვალებადია. მაგრამ, ზოგადად, ტერმინი გამოიყენება იმ ადგილების აღსანიშნად, სადაც შეერთებულ შტატებში უკანონოდ მცხოვრები პირების მიმართ ლმობიერი წესები შემოიღეს. ამაში, ციხეებზე ფედერალური საიმიგრაციო უწყების წვდომის შეზღუდვა და საიმიგრაციო დარღვევების გამო დაკავებული პატიმრების გათავისუფლების წინ, ფედერალური აგენტებისთვის ამის შეტყობინებაზე უარის თქმა შედის.

სხვა იურისდიქციებში ისეთი წესები შემოიღეს, როგორიცაა საავტომობილო მოძრაობის დროს გაჩერებისას, პოლიციელის მიერ საიმიგრაციო სტატუსზე კითხვის დასმის აკრძალვა.