გუშინ ვაშინგტონში ამერიკის წარმომადგენელთა პალატის შენობაში ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის „რენდ კორპორეიშენის“ თაოსნობით ექსპერტების შეხვედრა გაიმართა. მთავარი თემა გახლდათ ვლადიმირ პუტინის ხელახალი პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკა. მომხსენებლები იყვნენ ელჩი სტივენ სესტანოვიჩი, ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის მკვლევარი ლეონ არონი და ამერიკა-რუსეთის ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი ედვარდ ვერონა. შეხვედრას უძღვებოდა „რენდ კორპორეიშენის“ რუსეთის და ევრაზიის კვლევის ცენტრის დირექტორი ენდრიუ უეისი.
შეკითხვაზე, თუ რამ განაპირობა ვლადიმირ პუტინის ხელახალი ვადით გაპრეზიდენტება, ელჩმა სესტანოვიჩმა განაცხადა:
„მან აწარმოა რეალური კამპანია, რასაც ხალხი რეალურად არ ელოდა. მოსახლეობას იმედი ქონდა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში იქნებოდა ან მოხდებოდა ლიბერალური ძალების გაძლიერება ან დაიწყებოდა რეპრესიები. ამ ორივეს ნაცვლად კი, პუტინმა გამართა ძალიან აგრესიული კამპანია,“ - დაასკვნა სესტანოვიჩმა.
მისი თქმით, პუტინმა საკმაოდ კარგად გამოიყენა მოსახლეობაში არსებული განწყობები, რაც გარკვეულწილად რუსეთის ეკონომიკურმა წინსვლამ შექმნა.
„ხალხი იცინოდა,როდესაც პუტინმა ოპოზიციის თეთრი ნაჭრები პრეზერვატივებს შეადარა. ხალხი იცინოდა, როდესაც მან რუსეთში დემონსტრაციების ტალღაზე პასუხისმგებლობა ჰილარი კლინტონს დააკისრა. თუმცა რეალობაში დემონსტრანტების მიმართ მისმა მტრულმა დამოკიდებულებამ მის საპრიზდენტო კამპანიაში კარგი როლი შეასრულა,“ - დასძინა სესტანოვიჩმა.
თუ რამდენად არის შეცვლილი რუსული საზოგადოება და რა განწყობებია რუსეთში ხელისუფლების მიმართ, ლეონ არონმა აღნიშნა, რომ ამ საკითხში შეგვიძლია პარალელების გავლება 1970იანი წლების ესპანეთთან და პორტუგალიასთან და 80-იანი წლების ტაივანთან და კორეასთან. კერძოდ, ეს არის საშუალო ფენის გაძლიერების პროცესი.
„საშუალო ფენა უფრო ფართოვდება და თავის ძალებში დაჯერებული ხდება. ადამიანები უფრო მეტად განიცდიან თავისუფლების და კეთილდღეობის სურვილს და შესაბამისად სურთ თავიანთი ქვეყნის მმართველობაში ცვლილებები. ეს არის ის, რასაც ვკითხულობთ ჰანტინგტონის წიგნებში, კერძოდ, ეს არის მოდერნიზაციის და დემოკრატიზაციის მაგალითი,“ - განაცხადა არონმა.
მისი თქმით, რეჟიმისთვის კარგი ამბავი ის არის, რომ ჯერჯერობით რუსეთში დემოკრატიული მოძარობა, უფრო სამოქალაქო უფლებების მოძრაობაა, რაც მათ ლოზუნგებში იკითხება: „ნუ მოგვატყუებთ,“ „ნუ დაგვჩაგრავთ“, „თანასწორობა კანონის წინაშე“ და ა.შ. ანუ ეს მოძრაობა ჯერ არის მშვიდობიანი და არააგრესიული. არონის განცხადებით, პუტინის წარმატების საფუძველი ასევე იყო ის, რომ ოპოზიციას არ ყავდა გამოკვეთილი რეალური ლიდერი. ამასთანავე, რუსეთის ნაციონალური არხები რეჟიმის მიერ იყო მონოპოლიზებული. ამდენად, სავსებით რეალურია, რომ ვლადიმირ პუტინმა ამომრჩეველთა ხმების 65 პროცენტამდე მოიპოვა. ლეონ არონმა იმ შიდა გამოწვევაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც პუტინის პრეზიდენტობისთვის რეალური დაბრკოლება იქნება.
„თუკი გუბერნატორების და მერების არჩევნები ჩატარდება სამართლიანად, როგორც ეს მოხდა იაროსლავში, იავლინსკი აპირებს კენჭი იყაროს სანკტ-პეტერბურგში, ხოლო პროხოროვმა, რომელმაც მოსკოვში პუტინზე მეტი ხმა, შესაძლოა მოსკოვის მერობა გადაწყვიტოს. ამით კი შესაძლოა განმეორდეს 1989 წლის გაზაფხული, როდესაც 48 ოლქში კომპარტიის კანდიდატებმა ვერ გაიმარჯვეს და რამაც ნათელი გახადა იმდროინდელი რეჟიმის უუნარობა,“ - განმარტა არონმა.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, არონის აზრით, პუტინი შეეცდება ის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან დაპირისპირებაზე ააგოს და ამით შიდაკონსოლიდაციას მიაღწიოს.
ედვარდ ვერონამ ძირითადად იმ ეკონომიკურ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც შესაძლოა პუტინის ეპოქაში მისი მმართველობის სტილისთვის პრობლემად იქცეს. ეს არის დასავლეთის ახალი ენერგოპოლიტიკა და დამოკიდებულება რუსული გაზისადმი. მისი თქმით, ევროპაში უკვე აღიზიანებთ რუსული პოლიტიკა, „გადაიხადე და მიიღე“. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ შეერთებულ შტატებში მოხდა რევოლუციური გარღვევა გაზის მოპოვების სფეროში და ასევე იზრდება ახალი ენერგოწყაროების შესაძლებლობა.
„ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე, თუ რამდენად არსებობს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ახალი აგრესიის საფრთხე, სესტანოვიჩმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში დაძაბულობის შემცირება აშკარად იგრძნობა.
„რუსეთ-საქართელოს შორის მოლაპარაკების წარმატებამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე შეამცირა დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის. ასევე, რუსეთმა მიიღო ქართული მხარის მოსაზრებები კონფილქტურ რეგიონებთან ტვირთების მიმოსვლის შესახებ. მე ვიტყოდი რომ ომის პერსპექტივის ნიშნები დაბალია, ხოლო თუ მხარეებს სურთ ამ ომის დაწყება, მაშინ ომის შესაძლებლობა რეალურია,“ - განაცხადა სტივენ სესტანოვიჩმა.