„დაიკავე უოლ სტრიტიდან“ „ამერიკულ გაზაფხულამდე“

„დაიკავე უოლ სტრიტიდან“ „ამერიკულ გაზაფხულამდე“

საპროტესტო მოძრაობის აქტივისტები შეერთებულ შტატებში ავტობუსებით მოგზაურობას აპირებენ

პოლიციამ ლოს ანჟელესსა და ფილადელფიაში საპროტესტო მოძრაობის „დაიკავე უოლ სტრიტის“ აქციები დაშალა, თუმცა ვაშინგტონში შეკრებილი დემონსტრანტები ბრძოლის ბოლომდე გაგრძელებას აპირებენ. ისინი აცხადებენ, რომ ბრძოლამ შედეგი უკვე გამოიღო და ქვეყანაში პოლიტიკური დებატები დაიწყო. ზოგიერთ მათგანს იმედი აქვს რომ „დაიკავე უოლ სტრიტი“ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც იმოქმედებს. საპროტესტო მოძრაობის პერსპექტივის გარკვევას „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეფ სვიკორდი ცდილობდა.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო ბანაკების დაშლა დაიწყო, „დაიკავე უოლ სტრიტი“ ახალ ფაზაში გადავიდა. ვაშინგტონელი კევინ ზისი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის დაწყების დრო უკვე მოვიდა.

„ვფიქრობ ადამიანებმა მოახერხეს თავინთი ხმის პოვნა და აცნობიერებენ, რომ ერთად მუშაობით შეუძლიათ პოლიტიკურ პროცესზე გავლენის მოხდენა,“ - ამბობს კევინი.

ბევრი ფიქრობს, რომ ამ მოძრაობით უნდა დაიწყოს დებატები შემოსავლების არათანაბრად განაწილების შესახებ. აქტივისტები აცხადებენ, რომ შემოსავლებში განსხვავება 30 წლის წინ, რონალდ რეიგანის დროს დაიწყო. რეიგანი ამტკიცებდა, რომ მთავრობას დერეგულაცია სჭირდებოდა. ამიტომ მან კორპორაციებს უფრო მეტი თავისუფლება მიანიჭა.

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ 1979 წლის შემდეგ ამერიკელთა ერთი პროცენტის შემოსავლები გასამმაგდა, მაშინ როცა სხვების შემოსავლებმა კლება დაიწყო. ჯონ კავანა პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსია.

„ბევრი ადამიანი იყენებს სიმბოლოს 99 პროცენტი 1 პროცენტის წინააღმდეგ. თუკი თქვენ 99 პროცენტში ხართ, ეს ნიშნავს, რომ დაბალ დონეზე დგახართ. ამ ყველაფერს კი სტატისტიკური მონაცემები ამყარებს,“ - ამბობს კავანა.

ჯერჯერობით ბევრი ამერიკელი იყენებს რეიგანის ფორმულას. ისინი ამბობენ, რომ ლიბერალური მედიის მიერ სოციალური უთანასწორობის ამბავი გადაჭარბებულია. პიტერ ვოლისონი კონსერვატიული ორგანიზაციის ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის თანამშრომელია.

„ფაქტია რომ მედიის წარმომადგენლები, მაგალითად ნიუ-იორკ თაიმსში, რომელიც სტანდარტებს ამკვიდრებს, ცდილობენ განავითარონ „დაიკავე უოლ სტრიტის“ მოძრაობის იდეები, რაც შესაძლოა მემარჯვენეების და რესპუბლიკელების წინააღმდეგ გამოიყენონ. კერძოდ, ის რომ შეერთებულ შტატებში არათანაბარი შემოსავლებია, ეს მათი აზრით პრობლემაა,“ - ამბობს ვოლისონი.

მისი თქმით, არათანაბარი შემოსავლების კვლევებში არაფერს ამბობენ იმაზე, რომ მოსამსახურეთა შემოსავლები ბოლო დროს გაზრდილია. ვოლისონის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, თავისუფალ მეწარმეთაა საზოგადოების დაცვა, კერძოდ ის, რომ ადამიანს აქვს საშუალება თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად დაბალი დონიდან დაიწყოს და წარმატებას მიაღწიოს.

„ჩვენთან ეს მუდამ შესაძლებელია. მე ვფიქრობ, რომ არათანაბარი შემოსავლების იდეა აღარ იარსებებს, როდესაც „დაიკავე უოლ სტრიტის“ მოძრაობა შეჩერდება,“- ამბობს ვოლისონი.

საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები კი ამბობენ, რომ ადამიანთა შესაძლებლობები უკვე შეზღუდულია. კევინ ზისის თქმით, ეს მოძრაობა ძალას ახლა იკრებს.

„ჩვენ გვსურს დავასრულოთ კორპორაციების მმართველობა, დავასრულოთ ფულის კანონი და ავაშენოთ სახალხო სამართალი. ჩვენ ეს სამართალი დაკარგული გვაქვს,“ - ამბობს ზისი.

მისი თქმით, „დაიკავე უოლ სტრიტის“ აქცია გაგრძელდება. ისინი იანვარში ავტობუსებით შტატებში მოგზაურობასაც გეგმავენ, რასაც მათი რწმენით ე.წ „ამერიკული გაზაფხული“ უნდა მოყვეს.