ანქვაბის გამანადგურებელი დარტყმა არძინბას კლანზე

ალექსანდრე ანქვაბი

პავლე არძინბა - აფხაზური სეპარატიზმის მამისა და "პირველი პრეზიდენტის" ვლადისლავ არძინბას კლანის ყველაზე გავლენიანი წევრი დასახელდა იმ ტერორისტული ჯგუფის მთავარ ორგანიზატორად, რომელმაც 22 თებერვალს, გუდაუთა-სოხუმის გზაზე, აფხაზთა "მოქმედი პრეზიდენტის" ალექსანდრე ანქვაბის ლიკვიდაცია უშედეგოდ სცადა.

სამთვიანი გამოძიების შემდეგ, სოხუმის "გენერალურმა პროკურატურამ" პავლე არძინბაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მასთან ერთად ეძებენ ტერაქტში მონაწილე კიდევ ორ პირს - რუშბეი ბარციცსა და ასტამურ ხუტაბას.

ოფიციალური ვერსიით, ანქვაბზე თავდასხმის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, "შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა" ალმასბეი კჩაჩმა, დაპატიმრებამდე თავი მოიკლა, ისევე როგორც ერთ-ერთმა შემსრულებელმა თემურ ხუტაბამ, რომელმაც თავი სოხუმის იზოლატორში ჩამოიხჩო.

ალმასბეი კჩაჩი

ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები არიან: ბიზნესმენი ანზორ ბუთბა, ალხას ხუტაბა, რამზი ხაშიგი, თამაზ ბარციცი, მურთაზ სეკანია, ძმები ელდარ და ედგარ ჭითანავები. სოხუმელი ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი ამბობს

„ანქვაბი დევნის კრიმინალს ე.წ კლონდაიკური სფეროებიდან - ეს არის თევზით ვაჭრობა, ჯართის ბიზნესი, ნარკობიზნესი და სხვა. მის მოსვლამდე კრიმინალს ჰქონდა ლეგალურად ფულის შოვნის სხვადასხვა საშუალებები.

ანქვაბი კრიმინალს დევნის არა ამ სფეროების ხელახალი გადანაწილების მიზნით, მას უნდა იცნობდეთ, ეს არის თავიდან ბოლომდე მენტი, მილიციელი. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ უყვარს კრიმინალი, არა იმიტომ, რომ რაღაც სფეროს წართმევის სურვილი ამოძრავებს, არა, იგი ორგანულად ვერ იტანს კრიმინალში ჩართულ ადამიანებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ანქვაბს კონკრეტულად აფრთხილებენ, რომ ნუ ყოფს ცხვირს ამა თუ იმ სფეროში.“

ოფიციალურად, პავლე არძინბას გვარი მხოლოდ აფხაზურ-თურქული კომპანიის „აბტურის“ მეპატრონედ ფიქსირდება, თუმცა, სინამდვილეში, პავლე, იგივე პაშა არძინბა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი აფხაზია. მან განსაკუთრებით დიდი ქონება ვლადისლავ არძინბას "პრეზიდენტობის" პერიოდში დააგროვა.

პავლე არძინბას ქართველებთან ომის დროს, მომარაგების დარგში "თავდაცვის მინისტრის მოადგილის" თანამდებობა ეკავა. 2005 წელს, ერთადერთ ინტერვიუში, პავლე არძინბა ამბობს, რომ აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ, საკუთარი, მილიონ ნახევარი დოლარით დააფინანსა "შინაგან საქმეთა" და "თავდაცვის სამინისტროები".

აფხაზური პრესის ცნობით, პავლე არძინბა ყველაზე გავლენიან რუხ კარდინალად იქცა, მას შემდეგ, რაც უვლებლად გადაურჩა შიდა კლანურ გარჩევებს, რომლებსაც არძინბას კლანის სხვა გამორჩეული ფიგურები, მათ შორის, კრიმინალური ავტორიტეტები სალიბეი და ლევან არძინბები შეეწირნენ.

არძინბას კლანის უზარმაზარი გავლენა როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკაზე, ისე პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მნიშვნელოვნად შემცირდა ჯერ 2005 წელს, შემდეგ კი 2009-ში, როცა ანკლავის "არჩევნებში" ბაღაფში-ანქვაბის ტანდემმა უპირობო გამარჯვება მოიპოვა.

2011 წლის "საპრეზიდენტო არჩევნებზე" კი არძინბას კლანის მარცხი საბოლოოდ გაფორმდა. ალექსანდრე ანქვაბმა უპრობლემოდ აჯობა, როგორც სერგეი შამბას, რომელსაც "ვიცე პრეზიდენტობის" კანდიდატად შამილ არძინბა ჰყავდა; ისე, რაულ ხაჯიმბასაც, რომელიც ვლადისლავ არძინბას ქვრივთან - სვეტლანა ჯერგენიასთან დუეტში იყრიდა კენჭს.

61 წლის პავლე არძინბა, ისევე როგორც ძებნილთა, დაკავებულთა და თვითმკვლელთა უმრავლესობა გუდაუთის რაიონიდან არის. მართალია გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა აფხაზური ელიტა უკვე ცალსახად ამტკიცებს, რომ ეს რევანშის სასტიკი მცდელობა იყო.

აფხაზთა "უშიშროების საბჭოს მდივნის" სტანისლავ ლაკობას თქმით, ანქვაბის მკვლელობა სახელმწიფო გადატრიალების მიზნით დაიგეგმა. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს

„აფხაზეთში ხდება დაახლოებით იგივე რაც ხდებოდა ე.წ სამხრეთ ოსეთში, ოღონდ მასშტაბებია განსხვავებული. სამხრეთ ოსეთში იმ მილიარდი დოლარიდან, რომელიც რუსეთიდან გადმოირიცხა 70 პროცენტი უკვალოდ არის გამქრალი. მილიარდი რუსული რუბლია აფხაზეთის შემთხვევაში და დაახლოებით იგივე პროპორციით არის ფული გამქრალი.

ანქვაბი, როცა იყო ვიცე პრეზიდენტი და პრემიერი, როგორც შეეძლო მაშინაც ებრძოდა კრიმინალს. უბრალოდ, ვინაიდან ანქვაბი მაშინ არ იყო სრული ძალაუფლების პატრონი ბევრის გაკეთება არ შეეძლო. ბაღაფში, რომელიც ცნობილი იყო თავისი ლავირების უნარით, გარკვეულ მომენტში ამუხრუჭებდა ხოლმე ანქვაბის ინიციატივებს.

დღეს ბაღაფში აღარ არის, დღეს ანქვაბია სრულის ძალაუფლების მატარებელი და მან მთელი ფრონტით გაშალა ბრძოლა ამ ჯგუფების წინააღმდეგ.“

ჯერჯერობით, ოფიციალურ ვერსიას აქტიურად მხოლოდ უკვე გარდაცვლილი გენერლის ალმასბეი კჩაჩის ოჯახი და სანათესაო ეწინააღმდეგება. სოციალურ ქსელში გავრცელდა კჩაჩის წერილი, რომელიც ოჯახის მტკიცებით, გენერალმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა. კჩაჩი ანქვაბს მოღალატეს უწოდებს და წერს, რომ თავდასხმაში არ მონაწილეობდა.

დამატებით ასევე გავრცელდა, კჩაჩის ოჯახის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გენერალი აფხაზურ წმინდა ღვთაება ანიხაზე დაფიცებას გეგმავდა, იმის დასამტკიცებლად რომ ტერაქტში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა არ დასცალდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში დღემდე ბევრი საერთოდ ეჭვით უყურებს ოფიციალურ ვერსიას რომ კჩაჩმა თავი მოიკლა. ამ ვერსიების საპასუხოდ, სოხუმის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ბიჭვინთაში, კჩაჩის კუთვნილ დასასვენებელ სახლ „კუდრის“ ტერიტორიაზე, სნაიპერული შაშხანა და ტყვიამფრქვევი აღმოაჩინეს. თავად „კუდრის“ თანამშრომლებმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.

არაფიციალური ინფორმაციით, "გამოძიება" შეიძლება დაინტერესდეს ვლადისლავ არძინბას ქალიშვილით - მადინა არძინბათი და სერგეი შამბას ვაჟით ორჰან შამბათი.