თეირანი ლონდონთან ურთიერთობებს ამცირებს

თეირანი ლონდონთან ურთიერთობებს ამცირებს

ირანელი კანონმდებლების უმეტესობამ მხარი დაუჭირა ირანიდან ბრიტანეთის ელჩის გაძევების წინადადებას

ირანის პარლამენტის დადგენილებით თეირანი დიდ ბრიტანეთთან დიპლომატიურ და ეკონომიკურ ურთიერთობას ამცირებს. ამის მიზეზი კი დასავლეთის ქვეყნების მიერ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაა. ირანელი კანონმდებლების უმეტესობამ მხარი დაუჭირა ირანიდან ბრიტანელი ელჩის გაძევების წინადადებას.

მათი დადგენილებით, ამიერიდან ირანში ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეყოლება. ასევე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ეკონომიკური ურთიერთობა დიდ ბრიტანეთთან. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი დასამტკიცებლად, ირანის გუშაგთა საბჭოს გადაეცემა, რომელიც კონსტიტუციურად უმაღლესი ორგანოა.

რამდენიმე დღის წინ, ირანის ბირთვული პროგრამის გამო შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედეს. თეირანი ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა განკუთვნილი.