სომხეთში ოპოზიციური ჯგუფები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, პროტესტს განაგრძობენ. მათი უკმაყოფილების მიზეზი ის შეთანხმებაა, რომელსაც სომხურმა მხარემ აზერბაიჯანთან რუსეთის შუამდგომლობით მოაწერა ხელი და რომლის შედეგადაც 6-კვირიანი ბრძოლა მთიანი ყარაბაღისვის დასრულდა.
ერევანის ქუჩებში ხუთშაბათს რამდენიმე ათასი დემონსტრანტი გამოვიდა.
"მოღალატევ, წადი!" - სკანდირებდნენ ისინი პრემიერ-მინისტრის მისამართით.
ქვეყანაში მოქმედი სამხედრო მდგომარეობის გამო დემონსტრაციების გამართვა აკრძალულია. დემონსტრანტთა ნაწილი პოლიციის აკრძალვის გამო დაიშალა, ნაწილი კი, ვინც მოთხოვნის დამორჩილებაზე უარი თქვა, უსაფრთხოების სამსახურებმა დააკავა.
ასევე ნახეთ: მთიანი ყარაბაღი - თურქეთის როლი სამშვიდობო მისიაში
სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ცნობილი 10 ნოემბერს გახდა. ამან სომხეთის დედაქალაქში უკმაყოფილება მაშინვე გამოიწვია, გაბრაზებული დემონსტრანტები ქვეყნის პარლამენტის შენობაშიც კი შეიჭრნენ.
შეთანხმებით ორივე მხარეს სისხლისღვრა დასრულდა, თუმცა სომეხთა დიდი ნაწილისთვის ის მიუღებელია, რადგან მისი მიხედვით, აზერბაიჯანის კონტროლი მყარდება არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის შემოგარენ ტერიტორიაზე, რომელიც ბაქომ ბრძოლისას დაიკავა, არამეს საკუთრივ რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილზეც.
შეთანხმების გამოცხადებიდან მეორე დღესვე ათასობით ადამიანმა კომენდანტის საათი დაარღვია და ქუჩაში გავიდა.
სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ უკანონო და ძალადობრივი მასობრივი შეკრებებისა და არეულობის ორგანიზებისთვის ოპოზიციის 10 ლიდერი დააკავეს. ოპოზიცია ამას უკანონოდ მიიჩნევს.
20-მდე ოპოზიციური პარტია ფაშინიანის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. მათი აზრით, ეს შეთანხმება ქვეყნის ღალატს ნიშნავს. 12 ნოემბერს, მოსახლეობისადმი მიმართვაში ფაშინიანმა თქვა, რომ ეს დოკუმენტი სომხეთისთვის "ცუდია", მაგრამ არ უნდა იყოს წარმოდგენილი იმაზე უარესად, ვიდრე არის.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებით მან სომხური თავდაცვის ხაზის კოლაფსი და 25 ათასამდე ჯარისკაცის ალყაში მოქცევა აირიდა თავიდან. ამასთან, განმარტა, რომ მისი პრიორიტეტი ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება იყო.
ასევე ნახეთ: ერევანში აზერბაიჯანთან დადებულ შეთანხმებას აპროტესტებენ
რუსეთის მხრიდან სამშვიდობო მანდატით, სტეპანაკერში, ყარაბაღის უდიდეს ქალაქში უკვე ასობით პირი განლაგდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ისინი რეგიონში 5-წლიანი მანდატით განთავსდნენ. მათი სრული რაოდენობა დაახლოებით 2 ათასი იქნება.
თურქეთი აცხადებს, რომ სამშვიდობო მისიაში მასაც ექნება წვლილი. თუმცა შეთანხმების იმ ტექსტში, რომელიც კრემლმა გამოაქვეყნა, ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თურქი მშვიდობისმყოფელების მთიანი ყარაბაღის რეგიონში განლაგება არ განიხილება.
საფრანგეთი და შეერთებული შტატები გეგმავენ, რომ მოსკოვში ყარაბაღის კონფლიქტზე სასაუბროდ დიპლომატები გაგზავნონ. ორივე ქვეყანა, რუსეთთან ერთად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადასაწყვეტად შექმნილი, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა. ისინი წლების განმავლობაში იყვნენ ჩართულნი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხებში. თუმცა არც ამერიკას და არც საფრანგეთის10 ნოემბრის შეთანხმების მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიუღია.