ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მშვიდობა არ უნდა იყოს გარანტირებული მხოლოდ მოსკოვის მიერ“ - დიპლომატები მოსკოვი-ბაქო-ერევნის შეთანხმებაზე


კავკასიის შეცვლილი რეალობა, რომელიც 10 ნოემბერს ყარაბაღის საკითხზე გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე დადგა, ვაშინგტონში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია. მოსკოვს, ბაქოსა და ერევანს შორის გაფორმებული 9 პუნქტიანი შეთანხმებით ყარაბაღში რუსი „მშვიდობისმყოფელები“ მინიმუმ 5 წლით შედიან. შეთანხმებით სრულდება ომი მთიან ყარაბაღში და სომხეთის მიერ ოკუპირებუი ტერიტორიების დიდი ნაწილი აზერბაიჯანს გადაეცემა. მოსკოვის უარყოფის და ერევნის წინააღმდეგობის მიუხედავად დღეს ცნობილი გახდა, რომ მთიან ყარაბაღში რუს სამხედროებთან ერთად თურქი სამხედროებიც განლაგდებიან.

ვაშინგტონში ყველა თანხმდება, რომ შეთანხმება და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა მნიშვნელოვანი და მხარეების მიერ სწორი გადადგმული ნაბიჯია. ჯეიმს ვორლიკი, რომელიც ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარე იყო, „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ მშვიდობის ერთადერთი გარანტორი რუსეთი არ უნდა იყოს.

ჯეიმს ვორლიკი - ეუთოს მინსკის ჯგუფში ამერიკის ყოფილი წარმომადგენელი
ჯეიმს ვორლიკი - ეუთოს მინსკის ჯგუფში ამერიკის ყოფილი წარმომადგენელი

„ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი იყო მშვიდობის დამყარება და ფართო კონფლიქტის თავიდან აცილება. მიღწეული შეთანხმება ამ ეტაპზე კარგად იმუშავებს და ეს შეიძლება იყოს კარგი საფუძველი, რომლითაც სამომავლოდ პროცესი გაგრძელდება. მე მტკიცედ მჯერა, რომ მხოლოდ მოსკოვი არ უნდა იყოს მშვიდობის გარანტორი. პროცესი უნდა გაგრძელდეს საერთაშორისო საზოგადოებისა და ეუთოს აქტიური მონაწილეობით. ეს კონფლიქტი ჯერ არ მოგვარებულა და მისი ამოწურვა ერთი შეთანხმებით ან ერთ ღამეში წარმოუდგენელია,“ - ამბობს ყოფილი ამერიკელი დიპლომატი.

ვორლიკი აქვე განმარტავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, მნიშვნელოვანია ხალხებს შორის ნდობის აღდენაზე, დევნილების უსაფრთხო ყოფაზე და ჰუნანიტარულ საკითხებზე დაიწყოს მუშაობა. ამ პროცესებში კი გამოცდილი დიპლომატი ერთადერთ გზას ეუთოს მინსკის ჯგუფში ხედავს.

„ბევრი სამუშაოა. იმედი მაქვს მალე დადგება დღე, როდესაც აზერბაიჯანელები და სომხები შეძლებენ ერთმანეთთან მშვიდობიანად იცხოვრონ ისე, როგორც წლების წინ ცხოვრობდნენ. სინამდვილეში ეს კონფლიქტი ორივე მხარისთვის არის საზიანო. იკარგება ათასობით ადამიანის სიცოცხლე, საომარ მოქმედებებში ორივე მხარე მილიონობით დოლარს ხარჯავს, რომელიც ორივე ქვეყანას შეუძლია სხვა დარგებს მოახმარონ საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის,“- ამბობს ჯეიმს ვარლიკი.

ათეულობით წლის განმავლობაში მოსკოვის სურვილი, რომ რეგიონში საკუთარი ე.წ. მშვიდობისმყოფელები განეთავსებინა, შეთანხმების მიხედვით მხოლოდ წელს მოხერხდა. რუსი სამხედროების შესვლის წინააღმდეგი აზერბაიჯანული მხარე წლების განმავლობაში იყო, შეთანხმების მიხედვით კი რეგიონში 2 000-მდე რუსი სამხედრო, ათობით ჯავშანტექნიკა, შეიარაღება და ე.წ. სამშვიდობო ცენტრი შეიქმნება. ცენტრის ადგილმდებარეობა და ფუნქციები ჯერ უცნობია. რეგიონში შევლენ თურქი სამხედროებიც, თუმცა რაოდენობა და მათი განლაგების ადგილები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

„მკაფიოდ უნდა განისაზღვროს რა იქნება სამშვიდობო ძალების მისია,“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს აზერბაიჯანში ამერიკის ყოფილი ელჩი რიჩარდ კაუზლარიჩი. ყოფილ დიპლომატს მიაჩნია, რომ ე.წ. შეთანხმება დადებითია, თუმცა რუსეთი არ არის ნეიტრალური მხარე. სწორედ ამიტომ კაუზლარიჩს მიაჩნია, რომ სამშვიდობო პროცესში გაეროს ლტოვლილთა უმაღლესი კომისარი უნდა ჩაერთოს.

რიჩარდ კაუზლარიჩი - აზერბაიჯანში ამერიკის ყოფილი ელჩი
რიჩარდ კაუზლარიჩი - აზერბაიჯანში ამერიკის ყოფილი ელჩი

„შეთანხმების მიხედვით აზერბაიჯანელები ბრუნდებიან მის აწ უკვე ყოფილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა ამავე ტერიტორიაზე მშვიდობიანად უნდა მოხდეს სომეხი ეროვნების მოსახლეობის დაბრუნება. პროცესზე ზედამხედველობა კი გაერომ უნდა გაწიოს. მე უნდა გითხრათ, რომ ეს არ არის რეალური შეთანხმება, რადგან აქ არის რუსული ინტერესები. არავინ იცის და არავის უთქვამს დეტალურად რა ფუნქციები ექნებათ რუს სამშვიდოებებს. საუბარია ასობით ჯარისკაცზე, თუმცა კონკრეტულად ვინ არიან ისინი და რა მისია აქვთ არავინ იცის. ერთი, რაც ზუსტად ვიცი, რეგიონში დაპირისპირების შედეგად მსხვერპლი და სამხედრო დაპირისპირება შეწყდა. ახლა იწყება ახალი გამოწვევების ეტაპი,“ - ამბობს აზერბაიჯანში ამერიკის ყოფილი ელჩი.

რიჩარდ კაუზლარიჩი საკუთარ დიპლომატიურ გამოცდილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მაშინ, როდესაც მას უწევდა აზერბაიჯანში მუშაობა მისთვის მკაფიო იყო ორი რამ. ერთი აზერბაიჯანი იყო წინააღმდეგი რეგიონში რუსული ჯარის შესვლის და მეორე რუსეთი ყარაბაღის საკითხზე არ იყო ნეიტრალური და ის მუდმივად სომხურ ინტერესებს ატარებდა.

„ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეა გასული შეთანხმებიდან და ჩვენ ჯერ ბევრი რამ არ ვიცით, ამიტომ არ უნდა ვიჩქაროთ. რუსეთი არასდროს ყოფილა ნეიტრალური და მისი მიზანი ყოველთვის იყო რეგიონში სამშვიდოები განეთავსებინა. მე არ ვიცი ახლა რა შეიცვალა, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ იყო ნეიტრალური და შეასრულო სამშვიდობო ფუნქცია მკაფიოდ უნდა გქონდეს გაწერილი სამოქმედო არეალი, მიზნები და ფუნქციები ამას მე ვერ ვხედავ,“ - ამბობს ამერიკელი დიპლომატი.

კაუზლარიჩი აქვე ამბობს, რომ რუსეთის მიზანია რეგიონში უფრო მეტი კონტროლი მოიპოვოს, რაც დასავლეთის ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

რას შეიძლება ველოდოთ კავკასიაში, სადაც ძალთა ბალანსი შეიცვალა და რეალურად ომის დასრულებასთან ერთად რას ითვალისწინებს 9 პუნქტიანი გეგმა ამ თემაზე „ამერიკის ხმა“ კარნეგის ფონდის მკველვარს პოლ სტრონსკის ესაუბრა.

პოლ სტრონსკი
პოლ სტრონსკი

„ჩვენ ვხედავთ შეცვლილ თამაშის წესებს. რუსებმა შეძლეს და გააკეთეს ის, რასაც 30 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელები განათავსეს. სომხეთის პოზიცია, რომ ხელი მოეწერათ ამ შეთანხმებაზე იმის, შიშით რომ სხვა ტერიტორიები დამატებით არ დაეკარგათ გასაგებია, მაგრამ გაუგებარია ის თუ რატომ მოაწერა აზერბაიჯანმა ხელი შეთანხმებას, სადაც რუსი სამშვიდოებოების განლაგებაზეა საუბარი. ისინი წლების განმავლობაში იყვნენ ამის წინააღმდეგი. ამის შესახებ ისინი არა მხოლოდ წლების წინ, არამედ ბოლო კვირების განმავლობაშიც ამახვილებდნენ ყურადღებას. მე ვფიქრობ აქ გარკვეული როლი თურქეთმა ითამაშა. სწორედ თურქეთის მხარდაჭერით შეძლო აზერბაიჯანმა გაეგრძელებინა ომი ყარაბაღისთვის რუსული ზეწოლის მიუხედავად. თავის მხრივ რეგიონში თურქი სამშვიდობოებიც განთავსდებიან, რაც რეგიონში თურქეთის გავლენას კიდევ უფრო გაზრდის,“ - ამბობს სტრონსკი.

„კარნეგი ცენტრის“ მკვლევარი „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია სამმხრივი შეთანხმების ბევრი პუნქტი, მათ შორის, კითხვები აქვს სამშვიდობო ცენტრის შექმნასთან და მის როლთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ ჯერ კიდევ არ ვიცით ბევრი დეტალი. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს შეთანხმება რუსულ ენაზე წავიკითხე. ის საკმაოდ ბუნდოვანია. ჩემთვის გაუგებარია, რა ფორმით კომპლექტდება სამშვიდობო ცენტრი და რა მისია ექნება მას. ვისურვებდი, რომ ამ და სხვა ბუნდოვან საკითხებზე უფრო მეტი დეტალი გაგვეგო. ეს მნიშვნელოვანია რადგან კავკასიაში გავლენის სფეროები იცვლება. ძლიერდება რუსული და თურქული ინტერესები. თურქეთი შეიძლება არასდროს გამოვიდეს სამხრეთ კავკასიიდან და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია,“ - ამბობს სტრონსკი.

9 პუნქტიანი შეთანხმებიდან, რომელიც 10 ნოემბერს გაფორმდა, მხოლოდ ერთი პუნქტი ითვალისწინებს დევნილების დაბრუნდების საკითხს და იქაც მოკლედ არის ნათქვამი, რომ დევნილების დაბრუნება უნდა მოხდეს ეუთოს მეთვალყურეობის ქვეშ. დოკუემნტში არაფერია ნათქვამი ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებასა და ხალხებს შორის ურთიერთობების მოწესრიგებაზე. სტრონსკი სწორედ ამ კუთხით ხედავს დასავლეთის და საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობას პროცესში. ის ამბობს, რომ ამ საკითხების მოგვარებას რუსეთი ვერ შეძლებს, რადგან მას ამის არც ადამიანური და არც ფინანსური რესურსი გააჩნია.

„ერთია რომ ცეცხლი შეწყდა და შეთანხმება გაფორმდა, თუმცა აქ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც დოკუმენტში თითქმის არ არის საუბარი. რეგიონში ახლა მზარდი ჰუმანიტარული კრიზისია, იზრდება შუღლი და სომხეთში დესტაბილიზაციის მნიშვნელოვანი მაგალითები ვლინდება. ამ პროცესების მოგვარების რესურსი რუსეთს არ გააჩნია. ვფიქრობ, ამერიკის შეერთებულ შტატებს და დასავლეთს ამ მხრივ დიდი გამოცდილებაც და რესურსიც აქვთ. დასავლეთს უფრო მეტი ფინანსური რესურსი აქვს, ვიდრე შეიძლება ეს რუსეთს ჰქონდეს. სწორედ ამიტომ პროცესებში უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ვაშინგტონი და ევროპული ქვეყნები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი ჩართულობით მოხერხდება და მოგვარდება ჰუმანიტარული კრიზისი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობას. ასევე ეს პროცესი ხალხებს შორის ნდობას გააჩენს,“ - ამბობს სტრონსკი.

მოსკოვს, ბაქოსა და ერევანს შორის შეთანხმება განსაკუთრებით მძიმე სომხეთისთვის აღმოჩნდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ იძულებული იყო შეთანხმებაზე ხელი მოეწერა რათა ქვეყანას ყარაბაღზე მთლიანად არ დაეკარგა კონტროლი. ის ცდილობს მოსახლეობას აუხსნას, რომ რთულ ვითარებაში მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. აქვე ფაშინიანი განმარტავს, რომ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი თავად არის. სწორედ მისი ქმედება და განცხადება აღმოჩნდა სომხებისთვის მიუღებელი, რის გამოც უკვე მეორე დღეა ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. დაკავებულია ათობით დემონსტრანტი, დარბეულია პარლამენტის შენობა, ქუჩებში კი დემონსტრაციები იმართება. აქციის მონაწილეები პრემიერ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ სომხეთში არსებული ვითარება რთულია და აქვე განმარტავენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაგვიანებული, თუმცა მაინც დროულია. ამერიკაში მიაჩნიათ, რონ 2016 წელს ფაშინიანის გამარჯვების შემდეგ, რომელიც მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერით და სანდოობით სარგებლობდა, ახლა პირველი შესაძლებლობაა რუსეთისთვის, რომ სომხეთში საკუთარი გავლენები გააძლიეროს, შესაბამისად არ არის გამორიცხული ერევანში მღელვარება უფრო გაძლიერდეს და პროცესებზე კონტროლი რუსეთმა მოიპოვოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG