ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერევანში აზერბაიჯანთან დადებულ შეთანხმებას აპროტესტებენ


ერევანში ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში მას შემდეგ, რაც სომხეთმა აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ზავის ამ შეთანხმებით კონფლიქტის ზონაში მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება დასრულდა.

ერევანში, სომხებმა კომენდანტის საათი დაარღვიეს და თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს „გამყიდველს“ უწოდებენ და მის გადადგომას ითხოვენ.

მოხდა ოლიციასთან შეტაკებები, დააკავეს ათობით დემონსტრანტი, მათ შორის, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გაგიკ წარუკიანი.

საპროტესტო გამოსვლა ერევანში
საპროტესტო გამოსვლა ერევანში

ასობით დემონსტრანტი საკანონმდებლო ორგანოს შენობისკენ გაემართა ფაშინიანის საწინააღმდეგო სლოგანების სკანდირებით.

დემონსტრაციამდე მთავრობამ ოპოზიცია გააფრთხილა არ ეცადოს „გადატრიალებას“.

ქვეყანაში მდგომარეობა დაძაბულია მას შემდეგ რაც ერევანი დაეთანხმა, რუსეთის შუამდგომლობით მოლაპარაკებულ შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის სტატუსზე.

მაშინ, როცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აზერბაიჯანში საზეიმო გამოსვლები მოჰყვა, გაბრაზებული მომიტტინგეები სომხეთში მთავრობის შენობებსა და პარლამენტში შეიჭრნენ.

17 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელებმა, ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდეს და მას ბრალი დასდეს მიუღებელ დათმობებზე წასვლაში. საპროტესტო გამოსვლაზე, იშხან საღეტელიანმა, „დაშნაკცუთუნის“ პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ ომი ფაშინიანის „არათანამიმდევრულმა პოლიტიკამ“ გამოიწვია.

„ომის განმავლობაში მან უმოქმედობა და გამცემლობა აჩვენა“, - თქვა საღტელიანმა.

მან პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მას ვადა 11 ნოემბრის 12 საათამდე აქვს, თუ არა სხვა ზომებს მიიღებენ „ფაშინიანის პრობლემის გადასაჭრელად“.

სატელევიზიო მიმართვაში, პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ტიგრან ავინიანმა არ გამორიცხა, რომ არსებული მთავრობა შეიძლება გადადგეს, თუმცა თქვა, რომ „გადატრიალების მცდელობა" დაუშვებელია.

რუსული მშვიდობისმყოფელების სატრანსპორტო თვითმფრინავი
რუსული მშვიდობისმყოფელების სატრანსპორტო თვითმფრინავი

„მე მინდა ვუთხრა ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას ცდილობს, რომ კომენდანტის საათის პირობებში არ იქნება არანაირი შემწყნარებლობა“, - თქვა მან.

მან აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მთავრობა გადადგება.

„თუ საჭირო იქნება, ეს მთავრობა წავა, ახალ მთავრობას აირჩევენ, თუმცა ჩემი გუნდი და მე ვერ დავუშვებთ გადატრიალების მცდელობას“, - თქვა მან.

პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დაიწყო, სიტუაციის განმუხტვის მიზნით.

რუსეთის მიერ მოლაპარაკებული ზავის მიხედვით, რომელიც მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსებას ითვალისწინებს, აზერბაიჯანი შეინარჩუნებს ყარაბაღის ტერიტორიას და გარშემო რეგიონებს, რომლებიც მათ დაპირისპირებისას მოიპოვეს.

შეთანხმების თანახმად სომხეთმა ბაქოს ასევე უნდა დაუბრუნოს მთიანი ყარაბაღის გარშემო რეგიონები, რომლებსაც აქამდე აკონტროლებდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამშვიდობო მისიის ფარგლებში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, 400 რუსი სამხედრო, რვა ვერტმფრენი და სხვა სამხედრო ტექნიკა იქნა განთავსებული.

მოსკოვის თქმით, რუსი სამხედროები ლაჩინის დერეფანს აკონტროლებენ, რომელიც მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქს სტეფანაკერტს სომხეთთან აკავშირებს. ისინი ასევე „დროებით სამეთვალყურეო“ პოსტებზე განთავსდნენ.

სულ, რეგიონში 2000 რუსი სამხედრო განთავსდება 90 ერთეული ჯავშანტექნიკით.

შეთანხმებას ხელი აზერბაიჯანმა და სომხეთმა მას შემდეგ მოაწერეს, რაც სამხედრო მოქმედებების შედეგად, ბაქომ მნიშვნელოვან ტერიტორიულ და ტაქტიკურ გამარჯვებებს მიაღწია. მათ კონტროლი მოიპოვეს ქალაქ შუშაზე, რომელიც სტეფანაკერტის მისასვლელ გზაზე მდებარეობს.

დემონსტრანტები სომხეთის პარლამენტში
დემონსტრანტები სომხეთის პარლამენტში

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც აზერბაიჯანის ტერიტორია, თუმცა ადგილობრივი სომხები, რომლებიც დღეს იქ მოსახლეობის უმეტესობას წარმოადგენენ, უარს აცხადებენ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ ყოფნაზე. მთიანი ყარაბაღი, ან სომხური მხარისთვის „არცახის რესპუბლიკა“ 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ერევანის დახმარებით ახორციელებდა თვითმმართველობას. რეგიონი ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა, ბაქოს მიერ 90-იან წლებში სამხედრო წარუმატებლობის შემდეგ დატოვეს.

კონფლიქტის მედიაციას 1994 წლიდან, ეუთოს მინსკის ჯგუფი ცდილობდა, რომლის თანათავმჯდომარეები რუსეთი, საფრანგეთი და შეერთებული შტატები იყვნენ. კონფლიქტის გადაჭრის მცდელობა ათწლეულების მანძილზე წარუმატებელი აღმოჩნდა. მხარეებს შორის, უკანასკნელი 26 წლის განმავლობაში, ხშირი იყო საკონტაქტო ხაზთან დაპირისპირებები.

განახლებულმა კონფლიქტმა ორივე მხარეზე ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით ადამიანი იძულებით გადაადგლებული პირი გახდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ომის შეწყვეტის გადაწვეტილება 10 ნოემბერს, „არსებული სიტუაციის საუკეთესო გადაწყვეტა იყო“.

ფაშინიანმა მისი ნაბიჯი დაიცვა, 11 ნოემბერს "ფეისბუქ" მიმართვაში და თქვა, რომ დოკუმენტს ხელი მას შემდეგ მოეწერა რაც „შუში (ქალაქ შუშას სომხური სახელი) უკვე დაეცა და სტეფანაკერტი პირდაპირი საფრთხის ქვეშ იყო“.

მისი თქმით, შეთანხმება საშუალებას მისცემს ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას შეინარჩუნონ ტერიტორია, რომელსაც აქამდე აკონტროლებენ.

გარდაცვლილ ჯარისკაცთა მემორიალი სომხეთში
გარდაცვლილ ჯარისკაცთა მემორიალი სომხეთში

„შეფასება, შეიარაღებული ძალების გენშტაბის და არცახის პრეზიდენტის ის იყო, რომ სტეფანაკერტი ძალზედ სუსტად და სიმბოლურად იყო დაცული. თუ სტეფანაკერტი დაეცემოდა, ეს ათასობით ჯარისკაცს მოაქცევდა ალყაში“, - თქვა ფაშინიანმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით შეთანხმება სომხეთის „კაპიტულაცია“ იყო.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა კი თქვა, რომ ანკარამ მოსკოვთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც საერთო ცენტრს შექმნას ითვალისწინებს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგისთვის.

"დღეს დილით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, საერთო თურქულ-რუსული კონტროლის და მონიტორინგს ცენტრის შექმნაზე მთიან ყარაბაღში“, - განაცხადა ერდოღანმა.

რუსეთის მხარეს აღნიშნულზე განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა, ცოტა ხნის წინ, განაცხადა, რომ საერთო სამშვიდობო ძალებზე შეთანხმება „არასდროს განხილულა“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG