თურქეთი ბალკანეთის რეგიონზე ეკონომიკურ და კულტურულ გავლენას ზრდის. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ სტრატეგიის სამიზნე რეგიონის მუსლიმი მოსახლეობაა, რაც დასავლელ პარტნიორებს აწუხებთ.
ბალკანეთის რეგიონი წარსულში ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო. ისტორიული მემკვიდრეობა რეგიონს თურქეთის პრეზიდენტისთვის - პრირიტეტად ხდის. რეგიონში თურექთის მზარდი გავლენა, გასულ თვეს, ერდოღანის საინაუგურაციო ცერემონიაზეც გამოჩნდა, რომელსაც დასავლელი ლიდერები არ დაესწრნენ, მაგრამ დაესწრო ბალკანეთის ხუთივე სახელმწიფოს ლიდერი.
“რადგან “სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიას სურს ოსმალეთის წარსული დიდება აღადგინოს, ბალკანეთი მათ ინტერესებშია”, ამბობს პროფესორი ისტარ გოზაიდინი, რომელიც ბალკანეთის საკითხებს იკვლევს.
“ბალკანეთი საუკუნეების განმავლობაში იყო ოსმალეთის იმპერიის ქვეშ. რეგიონში ვხედავთ ისლამურ იდენტობას და თურქულ გავლენას”, ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ჰუსეინ ბაღჩი ანკარის ახლო-აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტიდან.
მისი თქმით, თურქეთი “გონიერ მეთოდებს მიმართავს და კულტურულ, ეკონომიკურ და ენობრივ საშუალებებს იყენებს”.
რეგიონში თურქეთის გავლენის ზრდაზე ზოგიერთი ევროპელი ლიდერიც საუბრობს. “მე არ მინდა ბალკანეთი, რომელიც თურქეთისკენ ან რუსეთისკენ შებრუნდება”, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. მაკრონის ამ განცხადებას “სახელმწიფო მეთაურისთვის შეუფერებელი” უწოდა ერდოღანმა.
ანკარის მიერ ბალკანეთში გავლენის ზრდის მთავარი ინსტრუმენტი ეკონომიკაა. “თურქეთი აეროპორტებს აშენებს, ფულს აბანდებს ბულგარეთსა და რუმინეთში, იქნება ეს ტექსტილის თუ სხვა ბიზნესები. ანკარა ბალკანეთის ქვეყნების მიმართ აგრესიულ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს. მათ თურქეთთან შეჯიბრი არ შეუძლიათ”, ამბობს ბაღჩი.
გავლენიანი ვებ-გვერდ "ალ-მონიტორის" მიმომხილველის - სემი იდიზის შეფასებით, ამ უპირატესობის მოპოვებაში ანკარას ვაჭრობა ეხმარება, რადგან ბევრ ქვეყანას პირდაპირი წვდომა ევროპის კავშირის ბაზარზე არც აქვს:
“ბალკანეთის ომის დროს, თურქეთი და სერბეთი კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს იყვნენ. ისინი ერთმანეთისთვის მტრები იყვნენ. დღეს, სერბეთს და თურქეთს საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოზიციები კოსოვოზე და ბოსნიაზე განსხვავებულია”, დასძენს იდიზი.
ამჟამად, თურქეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი ბალკანეთში სერბეთია. ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევს.
ანკარა ეკონომიკასთან ერთად, გავლენის ინსტრუმენტად რელიგიასაც იყენებს. გოზაიდინი ამბობს, რომ საამისოდ თურქეთი ისლამურ ცენტრებს და ორგანიზაციებს იყენებს. “ეს ორგანიზაციები ადგილობრივ მთავრობებთან მუშაობენ, მაგალითად, ბოსნიაში ისინი ცდილობენ გავლენა იქონიონ რელიგიური პირების დანიშვნაზე”, ამბობს ის.
ამასთანავე, თურქეთი ბალკანეთში მეჩეთებს აშენებს, მათ შორისაა, რეგიონის ყველაზე დიდი მეჩეთები ალბანეთსა და ბულგარეთში.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ანკარის გავლენის ზრდასთან ერთად იზრდება შიშები. “იმ ქვეყნებიდან ბევრ ადამიანს შევხვდი, ისინი არ არიან ბედნიერები იმით, რომ თურქეთი ასე ძალიან ცდილობს მათზე გავლენის მოპოვებას. ზოგიერთი ამას მათ შიდა პოლიტიკაში ჩარევად მიიჩნევს”, ამბობს გოზაიდინი.
გასულ წელს, ბალკანეთში ანკარის პოლიტიკას შეერთებული შტატები გამოეხმაურა. “ბალკანეთი სერიოზული წუხილის საგანია”, თქვა მაშინ პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ეიჩ.არ. მაკმასტერმა. კრიტიკის საპასუხოდ, ანკარამ განაცხადა, რომ თურქეთი “კულტურული კავშირების” აღდგენას ცდილობს და საუბარი გავლენაზე “სასაცილოა”.