ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პარასკევს გამოქვეყნებულ უმუშევრობის მონაცემებს ფრთხილი ოპტიმიზით აფასებს. დეკემბრის მონაცემების თანახმად, უმუშევრობის მაჩვენებელმა იკლო. პრეზიდენტის თქმით, ეს იმის ნიშანია, რომ ამერიკის ეკონომიკა სწორი მიმართულებით მიდის.
უმუშევრობის მაჩვენებელი დეკემბერში უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ყველაზე დაბალი იყო. ობამამ ეს სიახლე ამერიკელების გასამხნევებლად გამოიყენა და განაცხადა:
„ძალიან მნიშვნელოვანია, ამერიკელმა ხალხმა იცოდეს ის, რომ უკანასკნელი 22 თვის განმავლობაში კერძო სექტორში 3.2 მილიონი დასაქმდა. აქედან, მხოლოდ გასულ წელს, თითქმის ორი მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა.“
უმუშევრობის მაჩვენებელი დეკემბერში 8.5 პროცენტი იყო, რაც ნოემრის მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით დაბალია. ეს პროცენტული მაჩვენებელი რაოდენობრივად 200 ათას სამუშაო ადგილს წარმოადგენს.
მიუხედავად დადებითი სიახლისა, პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკის გამოსწორებას რიგითი ამერიკელები ჯერ ვერ გრძნობენ.