ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ეკონომიკა უკმაყოფილების მიზეზი


აშშ-ს ეკონომიკა უკმაყოფილების მიზეზი
აშშ-ს ეკონომიკა უკმაყოფილების მიზეზი

2011 წელი მსოფლიოში მიტინგებით და მასობრივი საპროტესტო აქციებით აღინიშნა. გამონაკლისი არც შეერთებული შტატები იყო. ეკონომიკური პრობლემებით და უმუშევრობით დაღლილი ამერიკელები კორპორაციულ სიხარბეს და შემოსავლებს შორის დრამატულ განსხვავებას ასობით ქალაქში აპროტესტებდნენ.

დემონსტრანტების ლოგიკა საკმაოდ მარტივია. ისინი აღშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მთავრობამ რიგითი მოალაქეების მიერ სახელმწიფო ხაზინაში შეტანილი გადასახადებით ბანკები კრიზისს გადაარჩინა და მათ უზარმაზარი ფინანსური სტიმულირების პაკეტები გამოუყო. შედეგად კი ის მიიღეს, რომ ბანკების ხელმძღვანელები დღეს ექვს და შვიდნიშნა ხელფასებს ირიგებენ, უბრალო ოჯახები კი ელემენტარულად სახლის კრედიტს ვეღარ იხდიან და უსახლკაროდ რჩებიან.

ამერიკელთა პროტესტი და აგრესია ნიუ-იორკში მდებარე უოლსტრიტის უბანში დაიწყო, შეერთებული შტატების და მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს ფინანსური ცენტრში. სწორედ აქედან წარმოიშვა მისი სახელიც „დაიკავე უოლსტრიტი“. მოგვიანებით მოძრაობა ამერიკის დიდი ქალაქების უმრავლესობაში გაგრძელდა და მსოფლიოსაც მოედო.

რიგითი ამერიკელები ფინანსურ კრიზისში ბრალს ბანკებს სდებენ და აცხადებენ, რომ უმდიდრესი ფენა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ ერთ პროცენტს შეადგენს, დანარჩენი 99 პროცენტის ხარჯზე ცხოვრობს. ზედა ერთი პროცენტი ვაშინგტონში ლობირების მეშვეობით პოლიტიკურ ძალაუფლებასაც ყიდულობს, რითაც ამერიკის საგადასახადო კანონმდებლობას და უქონელთა დახმარების პროგრამებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად აკონტროლებს.

„დაიკავე უოლსტრიტს“ გარკვეული პროგრამა და მიზანი არ გააჩნია. ის ზოგადად მეტ თანასწორობას და თანაბარუფლებიანობას მოითხოვს. აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ მდიდართა ფენამ მეტი გადასახადი უნდა შეიტანოს სახელმწიფო ხაზინაში, მთავრობამ კი ბანკების და მსხვილი კორპორაციების კონტროლი გაზარდოს.

პიტერ ვალისონი ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტიდან თვლის, რომ კაპიტალისტური სისტემის ღირებულებები ამ მოთხოვნებს პრინციპულად ეწინააღმდეგება. მდიდარი ფენის გადასახადები კი არ უნდა გაიზარდოს, არამედ პირიქით, შემცირდეს და კერძო კომპანიების რეგულირებას სახელმწიფოში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება, აცხადებს ის. ამის საუკეთესო მაგალითად სპეციალისტი ტექნოლოგიურ გიგანტს, „ეფლს“ ასახელებს და თვლის, რომ ისეთ მეწარმეებს, როგორიც მისი აღმასრულებელი დირექტორი, სტივ ჯობსი, იყო, სახელმწიფო მექანიზმი წინ არ უნდა ეღობებოდეს. ბატონი ვალისონის თქმით გამდიდრების საშუალებებთან და შანსთან შედარებით შემოსავლებში მცირე უთანასწორობა არც ისე მნიშვნელოვანია:

„წარმატებულ მეწარმეთა უმეტესობა სიღარიბეში გაიზარდა და სტივ ჯობსი ამის საუკეთესო მაგალითია. როგორც ხედავთ ის უმდიდრეს ადამიანად იქცა. რასაც ვერ მოახერხებდა, მსგავს საზოგადოებაში და ეკონომიკურ სისტემაში რომ არ ეცხოვრა“.

პიტერ ვალისონს არ ეთანხმება ჯონ კავანა პოლიტიკურ სწავლებათა ინსტიტუტიდან. მისი აზრით მზარდი უმუშევრობა საპირისპიროს ადასტურებს. ერთეული წარმატება ფონს არ ქმნის და სიტუაციის გადასარჩენად ქვეყანაში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებაა საჭირო.

„მგონია, რომ „დაიკავე უოლსტრიტის“ მოძრაობა სწორედ იმიტომაა პოპულარული, რომ ის ამერიკელი მოსახლეობის დიდი უმრავლესობის გულისტკივილს ეხმაურება. დღევანდელი მონაცემების მიხედვით მსგავსი წარმატების ისტორიები ბუნებაში უკვე აღარ არსებობს“ - აცხადებს ბატონი კავანა.

სტატისტიკური მონაცემები სწორედ ამ უკანასკნელ მოსაზრებას ადასტურებს. ამერიკის კონგრესის საბიუჯეტო სამსახურის მონაცემებით მდიდართა ზედა ერთი პროცენტის შემოსავალი უკანასკნელი 3 ათწლეულის განმავლობაში 275 პროცენტით გაიზარდა. დარჩენილი მოსახლეობის ერთი მეხუთედის კი მხოლოდ - 18 პროცენტით. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის ანგარიშით ამერიკის მდიდარი მოსახლეობის ერთი მეათედის შემოსავალი ღარიბი ფენის ერთი მეათედის შემოსავალს 14-ჯერ აღემატება. ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ანჯელ გურია ამბობს, რომ მსგავსი უთანასწორობა სახელმწიფოსთვის სერიოზულ პრობლემას ქმნის:

სოციალური ერთობა უკვე ბევრ ქვეყანაში იწყებს რღვევას. გაურკვევლობის, იზოლაციის და სოციალური დაცემის შიშმა უკვე ბევრი საზოგადოების საშუალო კლასში შეაღწია. ხალხს გაუჩნდა შეგრძნება, რომ მათი პასუხისმგებლობის და უდანაშაულობის მიუხედავად კრიზისი სწორედ მათზე ტყდება, მაშინ როცა მაღალშემოსავლიანები სიმდიდრის გადანაწილებაზე უარს ამბობენ“ .

ამერიკაში აქციები ჯერ კიდევ გრძელდება. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ ის ეკონომიკური პრობლემები არ მოგვარდება, რომელმაც მათი სამართლიანი პროტესტი გამოიწვია.

XS
SM
MD
LG