ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულმა შტატებმა ექსპორტი უნდა გაზარდოს


შეერთებულმა შტატებმა ექსპორტი უნდა გაზარდოს
შეერთებულმა შტატებმა ექსპორტი უნდა გაზარდოს

სენატორის გამოსვლა საგარეო ურთიერთობათა საბჭოში

შეერთებული შტატების სენატორი რობ პორტმანი კონგრესის დეფიციტის შემცირების გაერთიანებული კომიტეტის წევრია. მისი თქმით, ამერიკული ბიზნესი საზღვარგარეთ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს, რათა ქვეყნის შიგნით ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. პორტმანმა ამის შესახებ ნიუ-იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოში ისაუბრა. შეხვედრის დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი პიტერ ფედინსკი არკვევდა.

სენატორმა პორტმანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკას სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით გრძელვადიანი ვარდნა ელოდება და ეს სერიოზული სტრუქტურული პრობლემების ბრალია. ერთერთი ასეთი პრობლემა კი მოსახლეობის მიმართ დავალიანების ზრდა და ეკონომიკის ნელი ტემპია. სენატორის თქმით, ამერიკის დავალიანება თითქმის მთლიან შიდა პროდუქტს უტოლდება და ევროკავშირის დავალიანებას აღემატება.

პორტმანის განცხადებით, მდგომარეობიდან გამოსავალი ექსპორტის გაძლიერებაა, რამაც ახალი სამუშაო ადგილები უნდა შექმნას. მისი თქმით, ამჟამად შეერთებული შტატები უფრო მეტად შიდა ბაზარზეა ორიენტირებული.

„თქვენი აზრით, სად დგას ამერიკა ექსპორტის მონაცემებით? 170 ქვეყნის სიაში, ჩვენ ვართ ქვემოთ, ტონგასთან ერთად 163 ადგილს ვიკავებთ და მცირედით ვუსწრებთ ეთიოპიას,“ - განაცხადა პორტმანმა.

მისი თქმით, დაუშვებელია, რომ ამერიკულმა კომპანიებმა მხოლოდ შიდა ბაზარზე გააგრძელონ ფოკუსირება, რადგან გლობალური გაყიდვების 75 პროცენტი სწორედ უცხოელ მომხმარებელზე მოდის. პორტმანის განცხადებით, ამერიკის ეკონომიკურმა მეტოქეებმა - გერმანიამ, იაპონიამ და ჩინეთმა საექსპორტო ბაზრის დიდი ნაწილი ჩაიგდეს ხელში, მაშინ როცა შეერთებული შტატები განზე დგას. რესპუბლიკელი ოჰაიოელი სენატორის განცხადებით, კორპორატიული გადასახადის 25 პროცენტამდე დაწევა ამერიკულ კომპანიებს წაახალისებდა და საზღვარგარეთ მოგებაზე ორიენტაციას გაუძლიერებდა. პორტმანის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა კონკურენტუნარიანობა უნდა გააძლიეროს, რათა მსოფლიოში ლიბერალიზაციის და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მის მიმართ იმედი გამყარდეს. მისი თქმით, კონგრესში მისი კოლეგა რესპუბულიკელების აზრი გაყოფილია იმის შესახებ, უნდა გაგრძელდეს თუ არა საგარეო დახმარების პაკეტი. პორტმანის აზრით, საგარეო დახმარებები ბიუჯეტის მხოლოდ ორ პროცენტს შეადგენს და შეერთებულ შტატებს ეს უფრო დიდი დანახარჯების თავიდან არიდებაში ეხმარება.

სენატორი პორტმანი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში მენეჯმენტის და საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი იყო.

XS
SM
MD
LG