ყველა მხარე თავს გამარჯვებულად აცხადებს, საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა

საპარლამენტო არჩევნები თბილისში, საქართველო. 26 ოქტომბერი, 2024 წ.

როგორც საქართველოს მმართველი პარტია, ისე ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მათ მოიპოვეს. საქართველოში 20:00 საათზე საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა.

ის ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრაში მონაწილეობისთვის უბნებზე მათ დახურვამდე მივიდნენ და რიგში დგანან, ხმის მიცემას ჯერ კიდევ შეძლებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პირველად შედეგებს, სავარაუდოდ, 22:00 საათისთვის გამოაცხადებს.

უცხოეთში ფართოდ გავრცელებული აზრით, ეს არჩევნები განსაზღვრავს, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა დასავლეთისკენ გადაიხრება თუ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ორიენტაციას უფრო რუსეთის მიმართულებით აიღებს.

ეგზიტპოლები

სააგენტო "როიტერის" ცნობით, სამთავრობო და ოპოზიციური ჯგუფები, ეგზიტპოლებზე დაყრდნობით, ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ორივე მხარე აცხადებს, რომ არჩევნები მან მოიგო. ამ ეტაპზე ეგზიტპოლები სამმა ქართულმა ტელეარხმა – „იმედმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ გამოაქვეყნა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები:

  • „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12.6%;
  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6%;
  • „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ – 7.0%;
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %.

ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.

ტელეკომპანია „ფორმულას დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები:

  • „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 40,9%;
  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 16,7%;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 16,7%;
  • „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ – 10,3%;
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 8,2%.

ცდომილების ზღვარი +/- 2,5%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.

ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით, „ჰარის იქსის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები:

  • „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 42%;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 18%;
  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 13%;
  • „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ – 9%;
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 8%.

რეაქციები

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საამაყო ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს და, რა თქმა უნდა, ამ დიდი გამარჯვების მთავარ შემოქმედს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მთელ ჩვენს გუნდს, „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებს“, – განაცხადა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა.

„გილოცავთ საქართველოში რუსული ხელისუფლების დამარცხებას! ხალხის ნება გამოხატულია. ახლა ამ ნებას სჭირდება დაცვა, საქმე ბოლომდე არის მისაყვანი... საქართველოში ახალი პერიოდი, ცხოვრება იწყება, რომელიც არის თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ და ქვეყნის აღმშენებლობისკენ. ძლიერი საქართველოს ასაშენებლად მიმართული ძალა და ენერგია მუშაობას იწყებს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა.

"იშვიათია ასეთი შემთხვევა მთელს მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ წარმატებებს. ეს არის ქართველი ხალხის ნიჭიერების კარგი მაჩვენებელი. გარწმუნებთ, ჩვენი ქვეყანა უახლოეს ოთხ წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწევს", - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

"დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა, გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა „ქართული ოცნება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

"მადლობა ქართველ ხალხს, გამოცდილ და ბრძენ ხალხს. მადლობა ერთად დგომისთვის. ამ გამარჯვების მთავარი ავტორიც არის ქართველი ხალხი. მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ნათელ და ევროპულ მომავალს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ

„ვულოცავ ქართულ საზოგადოებას, ყველამ ერთად ბევრი ვიბრძოლეთ, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა. ძალიან ბევრი ათასი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო ურნებთან და ხმა მისცა არა მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, არამედ ცვლილებას... არანაკლებ მიხარია, ოთხივე პოლიტიკურმა ჯგუფმა რომ გადალახა ბარიერი“, – განაცხადა ნიკა მელიამ, კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

„ველოდები ბევრად უკეთეს შედეგს, მას შემდეგ, რაც რეალური დათვლა დაიწყება. მინდა გითხრათ, რომ ეგზიტპოლებში ცდომილება საკმაოდ დიდია, ამიტომ არის ამხელა სხვაობები. ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული უბნიდან ხმების დაცვა, ყველა სახის ზეიმი მხოლოდ ამის შემდეგ. მერწმუნეთ, როდესაც დათვლა დასრულდება, ჩვენი შედეგი, მათ შორის ოპოზიციური პარტიების შედეგი, ბევრად უკეთესი იქნება", - განაცხადა „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024

მასალაში გამოყენებულია სააგენტო "როიტერის" , "რადიო თავისუფლებისა" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობები.