საიმიგრაციო პოლიტიკა და ცვლილებების 1 წელი

დონალდ ტრამპის მიერ ამერიკის პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა. მისი წინასაარჩევნო კამპანიის ბევრი დაპირება ჯერ კიდევ შეუსრულებელია. ქვეყნის ლიდერის პრიორიტეტები და მათი თანმიმდევრობა რამდენჯერმე შეიცვალა. მის ბევრ ინიციატივას მწვავე კრიტიკა და სამართლებრივი გამოწვევებიც კი მოჰყვა. მაგრამ 2017 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა.

სიამიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ სხვადასხვა გადაწყვეტილებას პრეზიდენტმა ოვალური კაბინეტის დაკავების შემდეგ მალევე მოაწერა ხელი. გრძელდებოდა კამპანიისას დაწყებული საუბარი იმაზე, რომ მექსიკის საზღვარზე კედელი უნდა აშენდეს და ახალმა წესებმა უზრუნველყოს ის, რომ უცხოელებმა ამერიკაში მეტი სარგებელი არ მიიღონ. საზღვრების დაცვა და ეკონომიკის გაძლიერება კანდიდატ ტრამპის დაპირებების მთავარი აქცენტები იყო.

მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ბევრი ადამიანის გეგმები შეცვალა, მათ შორის არიან დაცული სტატუსის მქონე იმიგრანტი ახალგაზრდები (რომლებიც ამერიკაში უკანონოდ მშობლებმა მცირეწლოვან ასაკში ჩამოიყვენეს), ლტოლვილები, მუსლიმი უმრავლესობის მქონე სახელმწიფოების მოქალაქეები და ბევრი სხვა. ამ გადაწყვეტილებებს ამერიკის სხვადასხვა ქალაქში არაერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა.

მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ ამ ცვლილებებს საერთო არაფერი ჰქონდა უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან და ეს მხოლოდ ძალაუფლების კონცენტრირების შიშზე დაფუძნებული მცდელობა იყო.

შეერთებულ შტატებში სხვადასხვა დოკუმენტით ჩამოსული ადამიანებისთვის მომავლის დაგეგმვა კიდევ უფრო გაართულა. ერთწლიანი სასამართლო დავების შემდეგ, ტრამპის მიერ მიღებული შეზღუდვა ახლა ძალაშია და ის შეერთებულ შტატებში შემოსვლას უზღუდავს 8 ძირითადად მუსლიმი ქვეყნის მოქალაქეებს.

ახალმა ხელისუფლებამ ლტოლვილების მიღების კვოტა 2017 წლისთვის პრაქტიკულად გაანახევრა, 2018 წელს კი ამერიკა კიდევ უფრო ნაკლებ ლტოლვილს მიიღებს. ცვლილებების შემდეგი სამიზნე ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ანუ ე.წ. ჯაჭვური იმიგრაცია იყო. ცოტა ხნის წინ, ნიუ-იორკში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა ამ მიმართულებით თეთრი სახლის პოზიციები გაამყარა და გადაწყვეტილების დასაბუთების მეტი საშუალება მისცა ადმინისტრაციის წევრებს.

ტაიმ სკვერთან მდებარე ავტოსადგურში ხელნაკეთი ბომბი ამერიკაში F-4 ტიპის ვიზით ჩამოსულმა ბანგლადეშის მოქალაქემ ააფეთქა. ამ ტიპის ვიზით ისინი სარგებლობენ, ვისაც ამერიკაში ოჯახის წევრი ჰყავთ. თეთრი სახლის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ამგვარი იმიგრაციის შეზღუდვა აქამდე რომ დაწყებულიყო, ეს და მსგავსი ინციდენტები არ მოხდებოდა. საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც ამ ტიპის ვიზების გაცემას და შტატებში ოჯახის წევრების ჩამოყვანას ითვალისწინებს, 1965 წლიდან მოქმედებს, თუმცა ახლა ქვეყანაში ახლო ნათესავის ყოფნა საკმარისი საფუძველი აღარ იქნება. დაგეგმილი ცვლილებები, სავარაუდოდ, ლეგალურ იმიგრანტთა რაოდენობას ამერიკაში ნახევრამდე შეამცირებს.

დონალდ ტრამპი მოქალაქეებს ასევე დაჰპირდა, რომ პოლიტიკა ამერიკაში უკვე ჩამოსული არალეგალური იმიგრანტების მიმართ უფრო მკაცრი იქნებოდა. თუმცა ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურებმა წელს 14 000-ით ნაკლებ ადამიანს აიძულეს შტატების დატოვება, ვიდრე 2016 წელს. მაგრამ მიუხედავად ამისა, საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის გამო დაპატიმრებულთა რაოდენობა იზრდება, ისევე, როგორც შესაბამისი სამსახურების თანამშრომლების რიცხვი.

ის ადამიანები, რომლებიც წარმოშობით ჰაიტიდან, სუდანიდან და ნიკარაგუადან არიან და ამჟამად დროებითი დაცვის სტატუსით სარგებლობენ, უახლოეს თვეებში ამ სტატუსს დაკარგავენ და სავარაუდოდ, არალეგალურ იმიგრანტებად იქცევიან.

სექტემბერში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო პროგრამა “დაკას” გაუქმების შესახებ გასცა ბრძანება. “დაკა” პრეზიდენტ ობამას დროს დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის მოკლე სახელია, რომელიც ამერიკაში მცირეწლოვან ასაკში ჩამოყვანილ, დაახლოებით 800 ათასამდე უსაბუთო ახალგაზრდა იმიგრანტს დეპორტაციისგან იცავდა. ტრამპმა კონგრესს ახალი განკარგულების დასამტკიცებლად 6 თვის ვადა მისცა. ანუ კონგრესმა მათი ბედი 2018 წელის მარტამდე უნდა გადაწყვიტოს.

​ბევრი შეშინებულია, თუმცა ზოგიერთმა ამ დროს სხვა პლატფორმაზე გადაწყვიტა ბრძოლა. მათ შორისაა სეზარ ვარგასი, "დაკას" ერთ-ერთი მოსარგებლე და იურისტი. ვარგასი ამბობს, რომ აპირებს თავისი თემის კანონის გზით დაცვას, თუმცა ამავე დროს საპროტესტო გამოსვლებშიც მონაწილეობს. "ჩვენ ხმას უფრო და უფრო მეტად ავიმაღლებთ", ამბობს ვარგასი.

დავა გრძელდება ე.წ. თავშესაფარი ქალაქების თაობაზეც. ადგილობრივი მთავრობების ნაწილი უარს ამბობს, დაემორჩილოს ფედერალური სამართალდამცავების მოთხოვნას და შეამოწმოს ადამიანების საემიგრაციო სტატუსი. მათ შორისაა ნიუ-იორკიც. შტატის ხელისუფლება ამბობს, რომ მათთვის პრიორიტეტი ადგილობრივ დანაშაულთან ბრძოლაა და არა ადამიანის დაცალკევება და ერთმანეთთან დაშორება.

თუმცა ფედერალური საიმიგრაციო სამსახურების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ე.წ. "თავშესაფარი ქალაქები" იმიგრანტებს დაპატიმრების უფრო მეტი რისკის ქვეშ აყენებს ვიდრე იცავს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ასეთ ქალაქებს, რომლებიც ფედერალური მთავრობის ნებას შეეწინააღმდეგებოდნენ, დაფინანსება შეეზღუდებოდათ. ამ გადაწყვეტილების კანონიერებაზეც სასამართლო დავა ჯერაც მიმდინარეობს.

რაც შეეხება კედელს, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით, ქვეყნის სამხრეთით, მექსიკის საზღვარზე 1 600 კილომეტრის სიგრძეზე უნდა აშენდეს, 2018 წლისთვის მისი მხოლოდ 120-მდე კილომეტრის დაფინანსება იგეგმება.