სუს-ის ტოტალური, უკანონო მოსმენების ტოტალური გაჟონვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილებიდან ერთ-ერთი კრებსი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, სამიოდე კვირით ადრე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ყველა ხერხის გამოყენებით ცდილობს, როგორმე გამოძვრეს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებულ კიდევ ერთი სკანდალიდან. ეს სკანდალური ისტორია კი თავის მხრივ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ქვეყანაში ტოტალურ, უკონტროლო და უკანონო მოსმენებს, ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს.

სუს-ის უკანონო ფაილების ერთ-ერთი კრებსის სათაური

თუ სუს-ის ფაილების სკანდალის აგორებიდან პირველ დღეს, უკანონო ფაილების გაჟონვაში, „ოცნება“ ცალსახად „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებდა, ახლა, პრემიერმა ღარიბაშვილმა ისრების გადატანა ყოფილ თანაგუნდელ, ექს-პრემიერ გახარიასკენ სცადა. გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ალექსანდრე ხოჯევანიშვილია, რომელსაც 2019-21 წლებში, სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ამ „ახალი ვერსიის“ გამყარებას შეეცადა იოსებ გოგაშვილი, სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე 2016-19 წლებში - „გაჟონილი ფაილები ეს არის ძალიან მასშტაბური ინფორმაციული ბაზა, რომელზე წვდომა ერთი კონკრეტული განყოფილების თანამშრომელს წარმოუდგენელია, რომ ჰქონდეს“ – თქვა გოგაშვილმა.

"ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოჯახის შიგნით მომხდარი ღალატი“ - ასე აფასებს წინასაარჩევნოდ „ნაღმზე აფეთქებას“ კულტურის მინისტრი წულუკიანი, რომელიც იუსტიციის მინისტრის პოსტს 8 წლის მანძილზე იკავებდა.

სუს-ი ამ დრომდე არ ადასტურებს, მაგრამ, ფაქტობრივად, ეჭვგარეშეა, რომ უკანონო თვალთვალის შედეგად შექმნილი ათასობით ფაილის შინაარსი ავთენტურია.

ამას თავის მხრივ, უკვე ყოველდღე ადასტურებენ სუს-ის კრებსებში მოხვედრილი ჟურნალისტები, სასულიერო პირები, თეოლოგები, პოლიტიკოსები, ელჩები, დიპლომატები, არასამთავრობო თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მათ დიდ ნაწილს, სუს-ის ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტი (ოტდ), დიდი ალბათობით, სასამართლოს ნებართვის გარეშე უსმენდა.

ხელისუფლება, რომელიც იტყვის, რომ დიახ, ეს ჩვენი მმართველობის დროს ხდებოდა, უნდა დაიხუროს ქუდი და უნდა წავიდეს. და, რიგ შემთხვევაში, კონკრეტული პირების პოლიტიკური, რიგ შემთხვევაში კი უფრო მაღალი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მაგრამ, ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან რომ ამის გაკეთება რომელიმე საგამოძიებო ორგანომ დღეს საქართველოში შეძლოს
სულხან სალაძე, იურისტი


იურისტმა სულხან სალაძემ „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ სახეზეა მორიგი სისტემური დანაშაული, რომლის გამოძიებაც და დამნაშავეების დასჯა ამ ხელისუფლების პირობებში წარმოუდგენელია:

„ჩვენ საგამოძიებო ორგანოების განცხადებამდე, ვნახეთ მმართველი პარტიის განცხადება, სადაც „ქართული ოცნება“ საუბრობდა, რომ ეს არის (სუს-დან ათასობით ფაილის გაჟონვა) „ნაციონალური მოძრაობის“ ბინძური პროვოკაცია. ანუ შეტყობინება საგამოძიებო ორგანოებს უკვე მიღებული აქვთ. რა შეიძლება იყოს გამოძიების ძირითადი ფოკუსი.

შესაბამისად, ახლა იმის მოლოდინი, გამოძიებამ ამტკიცოს, რომ ეს ამ ხელისუფლების ჩადენილი დანაშაულია, ამის მოლოდინი ნაკლებად მაქვს. მითუმეტეს, გამოძიება ვერ დაამტკიცებს, რომ ეს არის წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაული. ეს პრაქტიკულად წარმოუდგენელია, თუ გავითვალისწინებთ გამოქვეყნებული ფაილების თარიღებს, შინაარს. ასევე, ადამიანები, რომლებმაც ამ ჩანაწერებში საკუთარი თავი ამოიცნეს, ადასტურებენ, რომ ეს არის იმ პერიოდის ჩანაწერები, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობას უკავშირდება“ - ამბობს სალაძე.

Your browser doesn’t support HTML5

სულხან სალაძე სუს-ის უკანონო ფაილებზე

სულხან სალაძეს მიაჩნია, რომ „ხელისუფლება, რომელიც იტყვის, რომ დიახ, ეს ჩვენი მმართველობის დროს ხდებოდა, უნდა დაიხუროს ქუდი და წავიდეს, და, რიგ შემთხვევაში, კონკრეტული პირების პოლიტიკური, რიგ შემთხვევაში კი უფრო მაღალი, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მაგრამ, მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამის გაკეთება რომელიმე საგამოძიებო ორგანომ დღეს საქართველოში შეძლოს“ - აცხადებს საია-ს ყოფილი თავმჯდომარე.

სახელმწიფოს მხრიდან, ტოტალური, უკონტროლო, უკანონო თვალთვალის და მოსმენების აღკვეთა, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შექმნილი მიყურადების მახინჯი სისტემის დემონტაჟი, სპეცსამსახურებსა და მოსმენებზე სამოქალაქო და სასამართლო კონტროლის გაძლიერება, 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

”რა თქმა უნდა, განცდაა საშინელი, როცა გრძნობ, რომ გითვალთვალებენ, როცა შენს საყვარელ ადამიანს თბილი სიტყვებიც კი არ შეგიძლია უთხრა, რადგან ეს შეიძლება დაგიმახინჯონ“
ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნების ლიდერი, 2013 წლის განცხადება


”რა თქმა უნდა, განცდაა საშინელი, როცა გრძნობ, რომ გითვალთვალებენ, როცა შენს საყვარელ ადამიანს თბილი სიტყვებიც კი არ შეგიძლია უთხრა, რადგან ეს შეიძლება დაგიმახინჯონ“ - აცხადებდა 2013 წელს უკვე, პრემიერ-მინისტრის რანგში „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.

”მე გახლდით ფარული ჩანაწერების მსხვერპლი და სხვა კიდევ ძალიან ბევრი, ვინც აქ ზის. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში იქმნებოდა ვირუსები, რითაც ვირუსდებოდა ათასობით კომპიუტერი, იქიდანვე ისმინებოდა ძალიან ბევრი ტელეფონი. ჩვენ ეს, ბუნებრივია, შევაჩერეთ. ეს დეპარტამენტი საერთოდ გავაუქმეთ. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ჰქონდა ცალკე დეპარტამენტი, საიდანაც ხდებოდა უკანონო მოსმენები. ჩვენ ყველაფერი მოვიყვანეთ წესრიგში.“ - ეს უკვე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებია, რომელიც მან 2013 წელს წარმოთქვა, როცა შსს მინისტრი იყო.

მაია მწარიაშვილი, იურიდიული კომპანია BLB-ის პარტნიორი, რომელსაც 2013 წლის მარტი-ნოემბრის ჩათვლით თბილისის პროკურორის პოსტი ეკავა, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ივანიშვილი-ღარიბაშვილის ხელისუფლებამ, სინამდვილეში, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი, უკანონო მოსმენების მონსტრი უბრალოდ გადმოიბარა და „ოცნების“ პარტიულ სამსახურში ჩააყენა.

Your browser doesn’t support HTML5

მაია მწარიაშვილი სუს-ის უკანონო ფაილებზე

„არ მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მომხდარი უკანონო მოსმენების საქმეების კომპლექსური გამოძიება, პრეცედენტის შექმნა, რომ დამნაშავეებს პასუხი ეგოთ და შედეგად, ახალი სისტემური დანაშაული მივიღეთ უკვე „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში“ - გვეუბნება მაია მწარიაშვილი.

"ჩვენმა პროკურატურამ ელემენტარული საქმე ვერ გამოიძია, აუდიტის სამსახურის უფროსი რო გალახა ფარცხალაძემ, ამ დონის ამოცანებსაც ვერ უძლებს ჩვენი სისტემა, არათუ ამას...თავის თავს პასუხისგებაში არავინ მისცეს, მოდით ასე ვთქვათ, ამიტომ ეს ჩიხია, ჩიხია სამართლებრივი და თავის მოტყუებაა „დაველოდოთ გამოძიებას“
მაია მწარიაშვილი, თბილისის ყოფილი პროკურორი (2013)


„დღეს ქვეყანაში არ არის ინსტიტუცია, საგამოძიებო ორგანო, რომელიც შეძლებს და ამ ტიპის საქმეს გამოიძიებს. ეს არის უზარმაზარი სისტემური დანაშაული, ზღვა მასალაა, ძალიან დიდი მოცულობის. როგორ გინდათ დისტანცირება მოახდინოთ ჩვენი გამოძიების ორგანოების, პროკურატურის, ხელისუფლებისგან?

ჩვენმა პროკურატურამ ელემენტარული საქმე ვერ გამოიძია, აუდიტის სამსახურის უფროსი რომ გალახა ფარცხალაძემ, ამ დონის ამოცანებსაც ვერ უძლებს ჩვენი სისტემა, არათუ ამას...თავის თავს პასუხისგებაში არავინ მისცემს, მოდით ასე ვთქვათ, ამიტომ ეს ჩიხია, ჩიხია სამართლებრივი და თავის მოტყუებაა „დაველოდოთ გამოძიებას“ - ამბობს თბილისის ყოფილი პროკურორი, რომელიც 2013 წლის ნოემბერში პროტესტის ნიშნად გადადგა და მის ადგილზე, სკანდალური ფიგურა ოთარ ფარცხალაძე დაინიშნა.

პროკურატურამ სუს-დან „ოპერატიული მასალების“ ფართომაშტაბიან გაჟონვაზე გამოძიება "კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე" დაიწყო, სს კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, მაშინ როცა, იურისტების აზრით, საქმე სისტემურ სამოხელეო დანაშაულთან გვაქვს.

გამოძიება პროკურატურასა და სუს-ში ჟურნალისტების ნაწილის დაკითხვით დაიწყო, რომლებმაც სპეცსამსახურის მიერ მოპოვებულ ათასობით უკანონო ფაილთან წვდომა. 13 სექტემბერს, ანონიმური საფოსტო მისამართით მიიღეს.

თავად უკანონო მასალები, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი და პერსონალური ინფორმაციის გარდა, სახელმწიფო უსაფრთხოების საიდუმლო მონაცემებსაც შეიცავს (ზოგ ფაილში, ღიად არის სუს-ის აგენტების ნაწილის პერსონალური ინფორმაცია და ტელეფონები) დღემდე, ხელმისაწვდომია უცხოეთის ერთ-ერთ ვებ-გვერდზე, რომელსაც დომეინის დეტალები დახურული აქვს.