ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუს-ს კვლავ უკანონო მიყურადებაში ადანაშაულებენ


როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, ისე პოლიტიკურმა გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ ღიად დასდეს ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) უკანონო მოსმენების პრაქტიკის გაგრძელებაში.

უკანონოდ მოპოვებულ სატელეფონო ჩანაწერში, რომელიც დღეს ინტერნეტში გავრცელდა, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი საუბრობენ. ნიკა გვარამიამ დაადასტურა რომ ვაშინგტონში მყოფ პაატა ბურჭულაძეს, რამდენიმე დღის წინ თბილისიდან მობილურ ტელეფონზე ნამდვილად დაურეკა.

სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა და გავრცელება, ჯარიმით ან ორიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება. შსს-მ გამოძიება ტელეფონით საუბრის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. უკანონო მოსმენასთან კავშირი კატეგორიულად უარყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თუმცა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ამბობს, რომ უკანონო მიყურადების მასშტაბები არ შემცირებულა:

არ არსებობს პოლიტიკური ძალა თუ ხელისუფლებისთვის ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების სეგმენტი, რომელზეც უშიშროებას კონტროლი არ ჰქონდეს დაწესებული. ზუსტად იგივე ნაირად, როგორც ეს იყო 2012 წლამდე, სააკაშვილის რეჟიმის დროს“
ირაკლი ალასანია, თავდაცვის ყოფილი მინისტრი

„ადამიანის პირადი ცხოვრების, მიმოწერის თუ კორესპონდენციის უფლება დარღვეულია ჩვენს ქვეყანაში. არ არსებობს პოლიტიკური ძალა თუ ჩვენი ხელისუფლებისთვის ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების სეგმენტი, რომელზეც უშიშროებას კონტროლი არ ჰქონდეს დაწესებული. ზუსტად იგივე ნაირად, როგორც ეს იყო 2012 წლამდე, სააკაშვილის რეჟიმის დროს.“

უკანონო აუდიო ჩანაწერი, რომელსაც ქართულ ენაზე ტიტრები მიყვება, ტრადიციულად, აქამდე, სრულიად უცნობ, ინტერნეტ რესურსზე - http://georgia-news.org/-ის იუთუბის არხზე, 14 სექტემბერს აიტვირთა.

„ამერიკის ხმამ“ გაარკვია, რომ საიტი შექმნილია 2013 წელს და ბოლოს 2016 წლის აპრილში განახლდა. Whois lookup-ის მიხედვით, დომენი ეკუთვნის რუსეთის მოქალაქე ზუხრა ბოლატჩიევას, რომელიც ყარაჩაი-ჩერქეზეთის სოფელ ჯინგირიკშია რეგისტრირებული. ინტერნეტ ტექნოლოგოების თქმით, დიდი ალბათობით, ეს ფიქტიური საიტია, ფიქტიური მონაცემებით.

Whois lookup-ის მიხედვით, დომენი ეკუთვნის რუსეთის მოქალაქე ზუხრა ბოლატჩიევას, რომელიც ყარაჩაი-ჩერქეზეთის სოფელ ჯინგირიკშია რეგისტრირებული. დიდი ალბათობით, ეს ფიქტიური საიტია, ფიქტიური მონაცემებით

ქართულ ინტერნეტ სივრცეში კი უკანონოდ მოპოვებული აუდიო ჩანაწერი უკვე სააგენტო „რეპორტიორის“ მიერ გავრცელდა, რომლის მეპატრონეები: საქართველოს სსრ-ს ცენტრალური კომიტეტის ყოფილი მდივანი იდეოლოგიის დარგში ნუგზარ ფოფხაძე და გაზეთ „ასავალ დასავალის“ ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი არიან.

მამაცაშვილი და ფოფხაძე 2013 წელს უკვე ფიგურირებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური კადრების გავრცელების სკანდალში, რომელიც „ქართული ოცნების“ ყოფილ აქტივისტს გიორგი ფარესიშვილს უკავშირდებოდა. თუმცა, მაშინ საქმე შსს მინისტრის მოადგილის გელა ხვედელიძის გადაყენების იქეთ არ წასულა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს:

„ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, ისევ ყველას გვისმენს და ძველი ხელწერით აქვეყნებს ამ ჩანაწერებს. რუსული საიტის მეშვეობით ტვირთავს იუთუბზე, საიდანაც მყისიერად ხდება „რეპორტიორის“ მსგავსი სააგენტოების მიერ ამის გავრცელება.

საიდან გაიგო „რეპორტიორმა“ წუთების განმავლობაში რომ რომელიღაცა რუსულმა სააგენტომ რაღაცა ატვირთა იუთუბზე? ეს შეკითხვა იქნებოდა უაღრესად საინტერესო და სასარგებლო გამოძიებისთვის“
ნიკა გვარამია, რუსთავი 2-ის გენდირექტორი

ერთადერთი შეკითხვა მაქვს, საიდან გაიგო „რეპორტიორმა“ წუთების განმავლობაში, რომ რომელიღაცა რუსულმა სააგენტომ რაღაცა ატვირთა იუთუბზე? ეს შეკითხვა იქნებოდა უაღრესად საინტერესო და სასარგებლო გამოძიებისთვის.“

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა უკვე მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს „მოახდინოს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება“ რადგან, უკანონო მოსმენის „საქმე ეხება წინასაარჩევნო პერიოდს, საარჩევნო სუბიექტს და მედიასაშუალებას“.

მომხდარს უკვე გაემიჯნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: “აღშნული ბრალდება არის უსაფუძვლო, სუს-ი უარყოფს რაიმე კავშირს ამ ჩანაწერის მოპოვებასა და გავრცელებასთან. თუ ვის მიერ იქნა ის მოპოვებული და გავრცელებული, ამას დაადგენს გამოძიება“ - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG