შილდელი სპარტაკის სიყვარულის და სიკვდილის ისტორია

უკრაინაში დაჭრილი სპარტაკ ლეკიაშვილი სოფელ შილდადან, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა

შილდელი სპარტაკ ლეკიაშვილი მეოთხმოცე ქართველია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა შეიწირა. სპარტაკი უკრაინის დამცველებს 2022 წლის შემოდგომაზე შეუერთდა, მიზეზი კი უკრაინელი გოგონას ვიქტორია სლავენკოს სიყვარული გახდა.

„გაოცებული დამტოვა, მეორე დღეს მოულოდნელად დამირეკა და მითხრა რომ ჩემს დასაცავად ჩამოვიდა.
ვიქტორია სლავენკო, სპარტაკ ლეკიაშვილის საცოლე

სპარტაკმა და ვიქტორიამ ერთმანეთი პოლონეთში გაიცნეს, სადაც ქართველი ბიჭი სოფელ შილდადან სამუშაოდ იყო ჩასული. მას შემდეგ, როცა ლტოლვილი უკრაინელი გოგონა სამშობლოში დაბრუნდა, მეორე დღესვე უკრაინაში სპარტაკიც ჩავიდა და უკრაინის ინტერნაციონალურ ბრიგადას შეუერთდა.

„გაოცებული დამტოვა, მეორე დღეს მოულოდნელად დამირეკა და მითხრა რომ ჩემს დასაცავად ჩამოვიდა. მისამართი მომწერე სად მოვიდეო...მე რომ სახლში დავრჩე, რუსების არმია რო შემოვიდეს, შენ აქედან როგორ დაგიცავო?“ - ამბობს ვიქტორია.

ყვარლელი ბიჭისა და ოდესელი გოგონას სიყვარული სამწუხაროდ ხანმოკლე გამოდგა. 2023 წლის მაისში, დონეცკის ოლქში, სპარტაკი დაბომბვაში მოყვა და ჭურვის სამი ნამსხვრევი მოხვდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესი იყო, არავის ეგონა თუ გადარჩებოდა, ლეკიაშვილი ჩავარდა კომაში, დაკარგა მხედველობა და მოძრაობის უნარი.

სპარტაკ ლეკიაშვილი და ვიქტორია სლავენკო

უკრაინაში სპარტაკ ლეკიაშვილს ხარკივის, უჟგოროდის და რინვეს ჰოსპიტლებში მკურნალობდნენ, უკრაინელი ექიმების თქმით, ლეკიაშვილი ორი თვის თავზე, რაღაც სასწაულით კომიდან გამოვიდა, სპარტაკს დიდი ხნის მანძილზე მისი შეყვარებული ვიქტორია უვლიდა.

პარალიზებულ ქართველ მებრძოლს ფინანსურად ეხმარებოდა როგორც უკრაინის სახელმწიფო და ქართული დიასპორა, ისე უკრაინაში მებრძოლი ქართველები, თუმცა იმის გამო, რომ უკრაინის მოქალაქე არ იყო, რეაბილიტაციისთვის ლეკიაშვილის ნორვეგიაში გაგზავნა ვერ მოხერხდა.

ეს ყველაფერი ჯოჯოხეთია ჩემთვის. ძალიან დავიღალე, გემუდარებით ბოლომდე მიმაყვანინეთ ეს საქმე, რომ შევძლო დანახვა და გავლა.
სპარტაკ ლეკიაშვილის ბოლო ვიდეო მიმართვა

2024 წლის თებერვალში, ოჯახის გადაწყვეტილებით, მამამ სპარტაკ ლეკიაშვილის საქართველოში გადმოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. თავდაპირველად მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ, შემდეგ თბილისში, სახლში.

ოქტომბერში გავრცელებულ ბოლო ვიდეო მიმართვაში სპარტაკ ლეკიაშვილი ამბობდა, „ეს ყველაფერი ჯოჯოხეთია ჩემთვის. ძალიან დავიღალე, გემუდარებით ბოლომდე მიმაყვანინეთ ეს საქმე, რომ შევძლო დანახვა და გავლა.

ამჟამად არ შემიძლია არც ხელების, არც ფეხების მოძრაობა, მხოლოდ დედა მივლის, მარტო ვერც წყლის დალევას ვახერხებ“.

სპარტაკი 2023 წლის მაისში მძიმედ დაიჭრა

ოქტომბრის ბოლოს დედამ, ლეკიაშვილი საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა იმედი, რომ ქართველი მებრძოლი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსვლას შეძლებდა არ გამართლდა, 25 წლის სპარტაკი ნოემბრის ბოლოს საფრანგეთში გარდაიცვალა.

ამბობდა რომ ოცნებობს ომის დასრულებაზე, თავისუფალ და მშვიდობიან უკრაინაზე, რომ უკრაინელი ბავშვები და ქალები არ უნდა იტანჯებოდნენ ამ საშინელი ომის შედეგად“
ოქსანა მედვედჩუკი, ლეკიაშვილების ოჯახის მეგობარი

„ძალიან განვიცადეთ სპარტაკის სიკვდილის ამბავი, ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა მის სიკვდილს უკრაინაში. რატომღაც ყველა ველოდით რომ ნელ-ნელა გამოჯანმრთელებას შეძლებდა. სიცოცხლით სავსე ბიჭი იყო, ნამდვილი პატრიოტი,.

ბოლოს რივნეში რო მკურნალობდა ამბობდა, რომ ოცნებობს ომის დასრულებაზე, თავისუფალ და მშვიდობიან უკრაინაზე, რომ უკრაინელი ბავშვები და ქალები არ უნდა იტანჯებოდნენ ამ საშინელი ომის შედეგად“ - აღნიშნა ლეკიაშვილების ოჯახის ახლობელმა ოქსანა მედვედჩუკმა.

2022 წლის მარტიდან რუს ოკუპანტებთან ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში, უკვე 80 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. 2014-2021 წლებში კი უკრაინელთა მხარეს 12 ქართველი მეომარი დაეცა.

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინის ომში დაღუპული ქართველები 2014-2024