ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველები კურსკის ოლქში და პირველი დანაკარგი რუსეთში


გიორგი როინიშვილი უკრაინის არმიის პირველი ქართველი მოხალისეა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში დაიღუპა
გიორგი როინიშვილი უკრაინის არმიის პირველი ქართველი მოხალისეა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში დაიღუპა

47 წლის თბილისელი გიორგი როინიშვილი, პირველი ქართველი მოხალისეა, რომელიც უკრაინის არმიის მიერ დაკავებულ კურსკის ოლქში დაიღუპა. ეს რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის არმიის რიგებში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის, პირველი დადასტურებული შემთხვევაა.

როინიშვილი, რომელიც უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების 31-ე ცალკეული მექანიზირებული ბრიგადის, სპეციალური დანიშნულების რაზმის „თბილისის“ მეთაურის მოადგილე იყო, რუსების წინააღმდეგ, 2022 წლის მარტიდან იბრძოდა. იგი დაჯილდოვებული იყო უკრაინის ორდენით „მამაცობისთვის“.

გიორგი როინიშვილი
გიორგი როინიშვილი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის ვეტერანი როინიშვილი, რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში, 16 სექტემბერს ჩასაფრებაში მოყვა და უკრაინელ თანამებრძოლთან ერთად დაიღუპა. შეტაკების დროს სამი ქართველი მოხალისე დაიჭრა. ქართველი მებრძოლის ცხედრის გამოსვენება ბრძოლის ველიდან ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.

გიორგი პირველივე დღიდან იცავდა უკრაინის და საქართველოს ერთიანობას უკრაინაში. ჩვენი უღალატო შეუპოვარი მებრძოლი გმირულად დაეცა მტერთან ბრძოლაში!
ავთანდილ სურმანიძე

„გიორგი როინიშვილი იცავდა ზვიად გამსახურდიას, იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომში, პირველივე დღიდან იცავდა უკრაინის და საქართველოს ერთიანობას უკრაინაში. ჩვენი უღალატო შეუპოვარი მებრძოლი გმირულად დაეცა მტერთან ბრძოლაში! მარადიული ხსოვნა გმირებს!“ - წერს თანამებრძოლი ავთანდილ სურმანიძე.

უკრაინის არმიამ პუტინის მიერ 2022 წლის თებერვალში დაწყებული ომი, 2024 წლის 6 აგვისტოს, რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში გადაიტანა.

უკრაინის სუმის ოლქიდან დაწყებულ წარმატებულ იერიშში, რა დროსაც უკრაინის არმიის სულ მცირე სამმა ბრიგადამ, სასაზღვრო ქალაქი სუჯა და რუსეთის 20-მდე სოფელი დაიკავა, ასობით ქართველი მოხალისე მონაწილეობდა.

ქართველი მებრძოლები რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ სუჯას აღების შემდეგ
ქართველი მებრძოლები რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ სუჯას აღების შემდეგ

“ეს თქვენ საქართველოსთვის, 08.08.08“ - ასეთი წარწერა დატოვეს, უკრაინის არმიის რიგებში მებრძოლმა ქართველებმა ქალაქ სუჯას აღების შემდეგ, 2024 წლის 8 აგვისტოს. სექტემბრის ბოლოსთვის, რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის არმიის მიერ დაკავებულ ტერიტორიებს კურსკის ოლქში, ასევე ქართველი მოხალისეების ნაწილი იცავს.

"ეს თქვენ საქართველოსთვის, 08.08.08" - ქართველების სამახსოვრო წარწერა რუსს აგრესორებს კურსკის ოლქში
"ეს თქვენ საქართველოსთვის, 08.08.08" - ქართველების სამახსოვრო წარწერა რუსს აგრესორებს კურსკის ოლქში

უკრაინის არმიის კურსკის ოლქში შეჭრამდე, კიდევ ერთი ქართველი მოხალისე დაიღუპა. სოხუმელი ვიქტორ-რეზო კიპრიტიდი, რომელიც აფხაზეთის და აგვისტოს ომების ვეტერანი იყო, ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულების დროს, რომლის დეტალებიც საიდუმლოდ რჩება, მძიმედ დაიჭრა და 23 აგვისტოს, ჰოსპიტალში გარდაიცვალა. კიპრიტიდი უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა და რამდენიმე შენაერთი, მათ შორის „ქართული ლეგიონი“ გამოიცვალა.

სოხუმელი ვიქტორ-რეზო კიპრიტიდი უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა
სოხუმელი ვიქტორ-რეზო კიპრიტიდი უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა

რუსეთის არმიის უკრაინაში პირველი შეჭრის დროს (2014-2022), უკრაინაში - 12 ქართველი მეომარი დაიღუპა. 2022 წლის მარტიდან 2024 წლის სექტემბრის ჩათვლით კი რუს აგრესორებთან ფართომასშტაბიან ომს უკვე 77 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა, რამდენიმე მოხალისეს ცხედრის ბრძოლის ველიდან გამოსვენება ვერ მოხერხდა.

ამ დრომდე, რუსი აგრესორების ტყვეობაში უკრაინის არმიის 9 ქართველი მებრძოლი რჩება. აქედან ოთხი - საქართველოს, ხოლო ხუთი უკრაინის მოქალაქეა. ორი ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველები 2014-2014
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:28 0:00

XS
SM
MD
LG