ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართველ მაღალჩინოსნებს დამატებითი სანქციები დაუწესა. რას ნიშნავს ეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებისთვის, რა გავლენას იქონიებს ის „ქართული ოცნების“ ქმედებებზე და როგორი განვითარება შეიძლება ჰქონდეს თბილისისა და ვაშინგტონის მომავალს. ამ თემებზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს, მეთიუ ბრაიზას ვესაუბრეთ.
ბატონო ელჩო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. როგორც იცით, სახელმწიფო დეპარტამენტმა დამატებითი სავიზო შეზღუდვები დააწესა ქართველი ოფიციალური პირებისთვის. რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე, რამდენად ეფექტიანი იქნება ის და რა არის ამ სანქციების მიზანი?
ეს არის სიმბოლური და პოლიტიკური გადაწყვეტილება. სიმბოლურია, რათა აჩვენოს საქართველოს მთავრობას, რომ ამერიკა გაბრაზებულია, თუმცა, ვიცით, რომ მათ ეს არ ადარდებთ. სიმბოლურია იმიტომაც, რომ ამას ფინანსური შეზღუდვები არ მოჰყვება. ეს არ არის "გლობალური მაგნიტკსის აქტის” ფარგლებში დაწესებული შეზღუდვა, შესაბამისად არავის აქტივები არ გაიყინება.
ვსაუბრობთ მხოლოდ სავიზო შეზღუდვაზე და არ ვიცით ზუსტად, ვინ არის ეს 20 ადამიანი. თუმცა, ამის გარდა, ამ სანქციებით, ჩვენ ვსაუბროთ სხვა მნიშვნელოვან სიმბოლოებსა და სიგნალებზე. ამ ნაბიჯით, ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ეუბნება "ქართულ ოცნებას", რომ ის არაკეთილსინდისიერი იყო, როდესაც ამბობდა, რომ არჩევნები საქართველოს ევროკავშირში შესვლას შეეხებოდა. თუ სწორად მახსოვს, მათი სლოგანი იყო: '"ღირსებით ევროპისკენ". ფაქტზე, რომ არჩევნებიდან მალევე, თითქმის ერთ თვეში, პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ევროპასთან ასოცირების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ-რომელსაც მოსახლეობის, მინიმუმ 80% ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება- სწორედ ამაზე ამერიკა ამბობს, რომ [დაპირება] ტყუილი იყო, რომ ეს არადემოკრატიულია; რომ ხალხი, ვინც ეს ჩაიდინა, არ არის დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, ჩვენ არ გვინდა თქვენთან საქმის დაჭერა.
ვფიქრობ, ესაა გზავნილი ქართველი ხალხისთვისაც, ერთგვარი მოწოდება მათთვის, რომ მათ მთავრობას ისინი არასწორი მიზნებიდან გამომდინარე, არასწორი მიმართულებით მიჰყავს.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ამ ბოლო გადაწყვეტილებას. ეს ან პოლიტიკურად არასწორი განსჯის და ამპარტავნების ნიშანი იყო, იმის გაუცნობიერებლობა როგორ უპასუხებს ქართველი ხალხი ამას, ან მას უბრალოდ არ აინტერესებდა [რა მოჰყებოდა ამას], ან უბრალოდ, აშკარა პროვოკაციაა. მას უნდა ესმოდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილებამ [თავის დროზე] გამოიწვია ჯერ მაიდანი, შემდეგ კი რევოლუცია უკრაინაში.
ასევე ნახეთ: ილია მეორე: უმნიშვნელოვანესია დიალოგივიცით, რომ კონგრესში იმ ამერიკელ კანონმდებლებს შორის, ვინც საქართველოს საკითხზე მუშაობს, არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა იმისა, რომ ქართველ მაღალჩინოსნებს დაუწესდეთ უფრო მკაცრი სანქციები, იქნება ეს ფინანსური თუ სხვა ტიპის სანქცია. ორპარტიული მხარდაჭერა კი ყოველთვის არ გვხვდება ბევრ საკითხზე. თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერ მაინც არ ჩქარობს. როგორ ფიქრობთ, რატომ იქცევა სახელმწიფო დეპარტამენტი, ან პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასე- ცდილობს რომ ამით საქართველოს მთავრობას უკან დასახევი გზა დაუტოვოს?
ძალიან კარგი შეკითხვაა და მართალი ხართ, მე ვნახე სენატორ ჯინ შაჰინის გამოსვლა, სადაც მან თქვა, რომ ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები უნდა დააწესოს. ეს, ალბათ, "მაგნიტკსის გლობალური აქტის" ფარგლებში მოხდებოდა. Ხაზინის მიერ დაწესებული სანქციები შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის გამო იყოს, მათ ასევე შეიძლება ჰქონდეთ პირადი ეკონომიკური შედეგები სანქცირებულ პირებზე და/ან მთავრობაზე.
ასე რომ ის, რაც ახლა [დაწესდა] არის შედარებით რბილი ნაბიჯი, ესაა გზავნილი, ქართველი ხალხისათვის, როგორც უკვე ვთქვი. ეს ასევე არის ის, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქართულ პოლიტიკაზე, რადგან ამ [სავიზო შეზღუდვების დაწესების] შემდეგ, შესაძლოა მეტი ხალხი გამოვიდეს ქუჩებში, შესაძლოა პროტესტი უფრო დიდხანს გაგრძელდეს, შესაძლოა ამან [დემონსტრანტები] უფრო გააძლიეროს. განსაკუთრებით მაშინ როდესაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის არ აპირებს თანამდებობის დატოვებას იქამდე, ვიდრე ლეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რათა პრეზიდენტის ლეგიტიმურად არჩევაც მოხდეს. მთავრობა კი ალბათ, ეცდება, რომ ის გააძევოს თავისი რეზიდენციიდან.
ასე რომ, ვფიქრობ, სახელმწიფო დეპარტამენტი წინდახედულია. მათ სურთ, რომ თითო ნაბიჯი გადადგან. ეს კი საკმაოდ დიდი ნაბიჯია იმასთან ერთად, რაც აქამდე უკვე გადაიდგა- იცით, რომ ნოემბერში, ამერიკამ სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა საქართველოსთან, ივლისში კი ამერიკულმა ჯარმა უვადოდ გადადო "ღირსეული პარტნიორის" სამხედრო წვრთნები.
ეს ყველაფერი ქართველი ხალხისადმი ძლიერი გზავნილია, რომ თქვენს მთავრობას არ მიჰყავხართ იმ მიმართულებით, რაც თქვენს 80%-ს არ სურს და პუტინის ბრძანებებს ასრულებს.
ასევე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს სურს დაელოდოს და ნახოს, რა გავლენა ექნება ამ ნაბიჯებს და ყველა შესაძლებლობა ერთდროულად არ გამოიყენოს. ის იტოვებს უფლებას [სამომავლოდ] გააძლიეროს სანქციები და გახადოს ისინი ეკონომიკური, ან კრიმინალური.
ასევე, ვფიქრობ, ეს არის ამერიკული დემოკრატიის პატივისცემის ნიშანი- ხუთ კვირაში ახალი პრეზიდენტი შეუდგება საქმიანობას და მას ექნება შანსი, საკუთარი გზა აირჩიოს და გადაწყვიტოს, სურს თუ არა სანქციების გამკაცრება, ან სხვა მიმართულებით წასვლა.
ასევე ნახეთ: საქართველოს მომავალი საფრთხეშია - სენატორებმა შაჰინმა და რიშმა სენატში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციები მოითხოვესროგორც იცით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს ქართველი ოფიციალური პირებისათვის. თუმცა, ამას დიდად გავლენა არ ჰქონია "ქართული ოცნების" ქმედებეზე, თუ გადაწყვეტილებებზე. როგორც ვაშინგტონში, ისე თბილისში, ბევრი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება, როგორც ადამიანისთვის, ვინც გავრცელებული აზრით, მართავს ქვეყანას, იქნებოდა ეფექტიანი ნაბიჯი. რას ფიქრობთ ამაზე?
ასე არ ვფიქრობ. ბატონი ივანიშვილი იმაზე უფრო მდიდარია, ვიდრე ძალიან ბევრი ადამიანი დედამიწაზე. მას არ ადარდებს, დაუწესებს თუ არა ამერიკა ფინანსურ სანქციებს. ის არც ამერიკაში მოგზაურობას გეგმავს. იმ შემთხვევაშიც კი ის, რომ ევროკავშირს დაესანქცირებინა, ფაქტი ისაა, რომ ღია დაპირისპირება უკვე დაწყებულია. სწორედ ამის თქმას ვცდილობ. როდესაც პრემიერ-მინისტრმა ოთხი წლით გადადო ევროკავშირის ასოცირების მოლაპარაკებები საქართველოსთვის, მას უნდა სცოდნოდა, ის გონიერი პოლიტიკოსია, რომ ეს ძალიან პროვოკაციული გადაწყვეტილება იყო. ასე რომ არ ვფიქრობ, რომ ამერიკის სანქციებს იმდენად ბევრი რამ შეუძლიათ "ქართული ოცნების" მიმართულებით, რამდენადაც საქართველოს მოსახლეობის იმ 80%-ის სენტიმენტების გაძლიერება და გამხნევება, ვისაც სურს საქართველოს ევროკავშირში ხილვა. და ამით იმ ხალხის გამხნევება, მათი ენერგიის განმტკიცება, ვინც აპროტესტებს- ვფიქრობ, ეს იქნება ყველაზე დიდი საფასური, რისი დაწესებაც [საქართველოს] მთავრობაზე შეიძლება.
სახელმწიფო დეპარტამენტს არ სურს, რომ ქართველი ხალხი დაზარალდეს და ამიტომაც არ სურს დააწესოს ისეთი სანქციები, რამაც შეიძლება საქართველოს ეკონომიკას ავნოს.
"ქართულმა ოცნებამ" თავისი არჩევანი გააკეთა. ის მუშაობს ვლადიმირ პუტინის საქმეების შესასრულებლად. ამას ანაკლიიის პორტის გაუქმების დღიდან აკეთებს. ის ცდილობს საქართველოს ევროკავშირში ასოცირების ვექტორი გაანადგუროს. ეს ისეთი დიდი და პროვოკაციული ნაბიჯია, საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომ არ მგონია მათ სანქციები საერთოდ ადარდებდეთ. თუმცა,პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა მათ აწესებდეს.
ასევე ნახეთ: სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვები დაუწესამომავალ კვირას ევროპარლამენტი, ევროკავშირი, საქართველოში მიმდინარე სიტუაციას განიხილავენ და არსებობს ცნობები, რომ შესაძლოა საუბარი დაიწყონ საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზეც. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან არსებული პოლიტიკის ფარგლებში, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა შეთანხმებულად იმოქმედონ?
მე პროფესიულად გაზრდილი ვარ იმ პრინციპზე, რომ ამერიკა თავის ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან ერთიანად უნდა მუშაობდეს აბსოლუტურად ყველა საკითხზე. თუმცა, პრაქტიკულობიდან გამომდინარე, ამ წუთას ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რადგან, როგორც უკვე ვთქვი, არ მგონია, რომ ამერიკის სანქციებს პოლიტიკურისა და მეორადი ეფექტის გარდა, რაიმე სხვა ეფექტი ექნება [საქართველოში].
პირველადი ეფექტი, რა თქმა უნდა, ევროკავშირსა და მის მიდგომას ექნება საქართველოსადმი. ვინაიდან, ქართველებს ევროკავშირში სურთ გაერთიანება. მათ უნდათ, რომ ევროპის ნაწილი იყვნენ. ამერიკის მსგავს ქმედებას ევროპიდან გაცილებით უფრო დიდი ეფექტი ექნება, ვინაიდან ევროკავშირი ამით იტყვის: ქართველებო, თქვენი მთავრობა ჩვენგან გაშორებთ. ჩვენ გვსურს თქვენთან ყოფნა, მაგრამ თქვენს მთავრობას არ ვუნდივართ. სწორედ ისინი არ გაძლევენ იმას, რაც გსურთ.
ევროკავშირიდან ასეთ გზავნილს გაცილებით უფრო დიდი გავლენა ექნება, ვიდრე იმას, რას იტყვის, ან გააკეთებს ვაშინგტონი. ასე რომ, თუ ტრამპის ადმინისტრაცია არ გადაწყვეტს, რომ იგივე მიდგომა ჰქონდეს საქართველოს მთავრობისადმი სანქციებთან მიმართებაში, ამაზე არ ვიღელვებ, რადგან გადამწყვეტი ევროკავშირის ქმედებები იქნება.
დარწმუნებული ვარ, თვალს ადევნებთ იმას, რომ საქართველოში უწყვეტი პროტესტია. ხალხი თბილისის ქუჩებშია გამოსული და ამან ვაშინგტონისა და ბრიუსელის ყურადღებაც მიიპყრო. ჩვენც ამ სანქციების თემას სწორედ ამიტომ განვიხილავთ. რისი თქმა შეგიძლიათ პროტესტის მნიშვნელობაზე და იმაზე, როგორ პასუხობს მთავრობა მშვიდობიან დემონტრანტებს? ალბათ იცით, რომ აქციებს შლიან, არიან ნაცემი, დაკავებული მოქალაქეებიც. რა შეგიძლათ ამაზე და ზოგადად, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე თქვათ?
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი პროტესტი დემოკრატიის ნაწილია. ამას ვამბობდით "ვარდების რევოლუციის დროს" და ამას ვამბობდით მაშინაც, როდესაც [მიხეილ] სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობდა პროტესტი. მშვიდობიანი პროტესტის გარეშე, წარმატებული დემოკრატია ვერ იარსებებს.
მინდა ვთქვა, რომ ჩვენ [ამერიკა] ასევე თანმიმდევრულები ვართ ძალის გამოყენების კრიტიკაშიც. 2007 წელს, მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა თბილისში გამგზავნა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, მშვიდობიან დემონტრანტებზე ძალის გამოყენება დაფიქსირდა. ამიტომაც ჩემი დავალება იყო, რომ არ ვყოფილიყავი მეგობრული და ძალიან ნათლად ამეხსნა, რომ თუ ტვ იმედი არ დაბრუნდებოდა ეთერში, თუ საგანგებო მდგომარეობა არ გაუქმდებოდა და თუ დემონსტრანტებზე ძალადობრივი თავდასხმები გაგრძელდებოდა, მაშინ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები შეიცვლებოდა და ამ მხრივ, ძალიან სერიოზული პრობლემები შეიქმნებოდა, რომ მხარდამჭერები აღარ ვიქნებოდით. ეს მაშინ, სააკაშვილის მთავრობისადმი იყო მიმართული.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი ორშაბათს საქართველოს საკითხზე იმსჯელებსრა თქმა უნდა, რომ ეს ყველაფერი მიემართება დღევანდელ მდგომარეობასაც. უამრავი ადამიანი ვნახე სასტიკად ნაცემი, ცხვირგატეხილი... პოლიცია სრულიად შეუსაბამოდ, არაპროფესიონალურად იქცევა- ისე, როგორც დიქტატურის, საბჭოთა კავშირის ტერორისტული რეჟიმის დროს ხდებოდა. იმედი მაქვს მათ პასუხს აგებინებენ. ისეთი ფორმით ესხმიან დემონსტრანტებს თავს, მიჩნდებდა კითხვა რაიმე პრეპარატის გავლენის ქვეშ ხომ არ არიან? ეს უბრალოდ შეუსაბამოა ამ პროტესტთან. ასევე შესაძლოა, ვინმე ეუბნება პოლიციას, რომ ან დემონსტრანტებს დაესხმებიან თავს, ან მათაც იგივე მოუვათ-არც ამას გამოვრიცხავ.
რა თქმა უნდა, ასეთი ძალადობა უნდა დაიგმოს, მას ადგილი არ აქვს დემოკრატიაში. თავად პოლიციელებმაც შესაძლოა პასუხი აგონ ისე, როგორც ეს ნიურენბერგის პროცესის დროს მოხდა მას შემდეგ, რაც ჰიტლერის დიქტატურის წლები დასრულდა. ამას არანაირი გამართლება არ აქვს.