2 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადებების თანახმად, ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაში შესვლა ეკრაძალება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს - ბიძინა ივანიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და კიდევ 9 მაღალჩინოსანს. ესენი არიან: შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი იგივე „ხარება“, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჩელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე და თეიმურაზ კუპატაძე.
ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, 1-ელ დეკემბერს განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ ერთობლივ სანქციებზე საქართველოში იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ვინც ქვეყანაში ლეგიტიმურ პროტესტს ზღუდავს. ორშაბათს კი უკვე ამ პირების ვინაობა დაასახელეს.
ესტონეთის პირველმა დიპლომატმა, მარგუს ცაჰკნამ თქვა, რომ „დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებათა დამრღვევებს“ მათ ქვეყნებში არ მიიღებენ.
ბალტიისპირელი დიპლომატები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში წერდნენ, რომ საქართველოს ქუჩებში ნანახი მოვლენები შემაშფოთებელი იყო და მათი შეფასებით, მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები და დემოკრატიის პრინციპები ირღვეოდა, როდესაც მათ პროტესტის გამოხატვის საშუალებას არ აძლევდნენ. „ასეთ ქმედებებს შედეგები უნდა მოჰყვეს. საქართველოს ხალხმა იცის, რომ საქართველო ევროპაა“, - ამბობს ცაჰკნა.
კვირას საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა ლატვიელი კოლეგაც. ედგარს რინკევიჩის თქმით, მან კიდევ ერთხელ გამოხატა „ქართველი ხალხის, დემოკრატიული საქართველოსა და მისი ევროპული გზის“ მიმართ მხარდაჭერა.
"მთავრობის გადაწყვეტილება შეაჩეროს ევროპული ინტეგრაცია, ცხადად ეწინააღმდეგება ხალხის ნებას და კონსტიტუციას“, - თქვა ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა.