უკრაინის ომში დაღუპულ ქართველთა რიცხვმა 79-ს მიაღწია

ლევან ლოხიშვილი, ზურაბ შვანგირაძე და მამუკა კეკელია

2022 წლის მარტიდან რუს ოკუპანტებთან ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში, უკვე 79 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. 2014-2021 წლებში კი უკრაინელთა მხარეს 12 ქართველი მეომარი დაეცა.

“ლევანს დიდი ბებია უკრაინელი ჰყავდა, უკრაინა მეორე სამშობლოდ მიაჩნდა, ამიტომ დაუფიქრებლად წავიდა, როგორც კი რუსები შეიჭრნენ. ორივე სამშობლო ტკიოდა იმდენად რომ სიცოცხლე გმირულად გასწირა“

24 წლის ლევან ლოხიშვილი, რომელიც ოდესის ტერიტორიული თავდაცვის 126-ე ცალკეული ბრიგადის, 220-ე ბატალიონში ირიცხებოდა 19 ნოემბერს, ხერსონის ოლქში, საბრძოლო დავალების შესრულების დროს დაიღუპა. ლევანი მტრის თვითნაკეთმა დრონმა იმსხვერპლა.

ლოხიშვილი უკრაინელების დასახმარებლად პირველად, ომის დაწყებისთანავე 2020 წლის მარტში წავიდა. ბოლოს კი 2024 წლის გაზაფხულზე გაემგზავრა. იგი პროფესიონალი სამხედრო არ იყო.

“ლევანს დიდი ბებია უკრაინელი ჰყავდა, უკრაინა მეორე სამშობლოდ მიაჩნდა, ამიტომ დაუფიქრებლად წავიდა, როგორც კი რუსები უკრაინაში შეიჭრნენ. სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა, სამხედროების ოჯახიდან იყო, მამა, ბიძა, სამხედროები ჰყავდა. ამიტომ ადვილად აუღო ალღო და ერთ-ერთ ძლიერ მებრძოლად ჩამოყალიბდა. ერთი პერიოდი სპეცდანიშნულების პოლკის „ცუნამის“ წევრიც იყო. ორივე სამშობლო ტკიოდა იმდენად რომ სიცოცხლე გმირულად გასწირა“ - გვითხრა ლოხიშვილების ოჯახის ახლობელმა.

ლევან ლოხიშვილი ხერსონის ფრონტზე დაიღუპა

ლევანის ცხედარს საქართველოში 25 ნოემბერს ჩამოასვენებენ და მეორე დღეს, სოფელ ქსოვრისში მიაბარებენ მიწას.

8 ნოემბერს, ქალაქ დნიპროში, მეჩნიკოვის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში 26 წლის ზურაბ შვანგირაძე დაიღუპა. უკრაინელი ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად თითქმის ორ თვე იბრძოდნენ.

ზურაბი, რომელიც უკრაინის არმიის 28-ე ცალკეულ მექანიზირებულ ბრიგადაში შემავალ, სპეცდანიშნულების რაზმის „შავი არწივის“ მებრძოლი იყო, სექტემბრის ბოლოს, ბახმუტის რაიონში მძიმედ დაიჭრა, მას ტყვია სახეში მოხვდა. ზურას, უკრაინაში წასვლამდე სამხედრო გამოცდილება არ ჰქონია. იგი 19 ნოემბერს, თბილისში დაკრძალეს.

ზურაბ შვანგირაძის გადასარჩენად უკრაინელმა ექიმებმა თითქმის 2 თვე იბრძოლეს

28 ოქტომბერს, რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ ქალაქ მარინკას რაიონში, აფხაზეთის ომის გმირი, სოხუმელი მამუკა კეკელია დაიღუპა. მისი ცხედრის გამოსვენება ბრძოლის ველიდან ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

58 წლის კეკელია პროფესიონალი სამხედრო იყო. სამხედრო სავალდებულო სამსახური მონღოლეთში, საბჭოთა ჯარების სატანკო ბრიგადაში გაიარა. აფხაზეთის ომის დროს, საქართველოს არმიის მეორე საარმიო კორპუსის, 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სატანკო ბატალიონში იბრძოდა და ერთ-ერთი გამორჩეული ჯარისკაცი იყო.

აფხაზმა სეპარატისტებმა კეკელიას ლიკვიდაციისთვის ფულადი ჯილდოც კი დააწესეს, მისი ტყვედ ჩავარდნილი დედა ზინა კოპალიანი კი სოხუმში საშინელი წამებით მოკლეს.

მამუკამ ბრძოლა აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგაც განაგრძო. მსახურობდა, შინაგანი ჯარის ტყიბულის სწრაფი რეაგირების ბატალიონში. პარტიზანულ რაზმებს „თეთრ ლეგიონს“ და „ტყის ძმებს“ შეუერთდა და ერთ-ერთი პარტიზანულ ქვედანაყოფს „ცხუმს“ ედგა სათავეში.

აფხაზეთის ომის გმირის მამუკა კეკელიას ცხედრის გამოსვენება ბრძოლის ველიდან ჯერ ვერ მოხერხდა

კეკელია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს, 2001 წელს ტყვედ ჩავარდა და დახვრეტას სასწაულებრივ გადაურჩა, დაჯილდოვებული იყო ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის მედლით. ტყვეობიდან და დრანდის ციხიდან გამოხსნის შემდეგ, ტყიბულში მეშახტედ მუშაობდა.

უკრაინაში ომის დაწყების დროს პოლონეთში იყო დასაქმებული. თავდაპირველად, კეკელია უკრაინის არმიის 49-ე ცალკეული ქვეითი ბატალიონის „კარპატსკი სიჩის“ ერთ-ერთ სპეცრაზმში „ზღარბებში“ გაწევრიანდა, სადაც ფეხში მძიმედ დაიჭრა და რეაბილიტაციისთვის საფრანგეთში გაგზავნეს.

საფრანგეთიდან ისევ ფრონტზე დაბრუნდა და ამჯერად, უკრაინის არმიის 25-ე ცალკეულ საჰაერო-სადესანტო ბრიგადის დაქვემდებარეში მყოფ ქვედანაყოფ „შერეკილებს“ შეუერთდა, აქ აფხაზეთის ომის ბევრმა ვეტერანმა მოიყარა თავი. მამუკა აქაც ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი იყო, მუდამ წინა ხაზზე...კეკელიას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინის ომში დაღუპული ქართველები 2014-2024