უკრაინაში მებრძოლი ქართველი ლეგიონერებისთვის მაისი ერთ-ერთი მძიმე თვე გამოდგა. აღმოსავლეთის ფრონტზე, რუსი ოკუპანტების გააქტიურების ფონზე, ხარკივისა და ავდიივკას მიმართულებაზე ოთხი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
საძულველი მტრისგან ჩვენი მიწის დაცვის დროს დაიღუპა „კოლოსის“ ფეხბურთელი სერგო გორნაკაშვილი. სერგო იყო ბრწყინვალე და წესიერი ადამიანივილიკა დიმერკას „კოლოსის“ კლუბის სამძიმარი
20 მაისს, ხარკივის ოლქში გააფთრებული ბრძოლის დროს, ქალაქ ვოვჩანსკთან, 36 წლის ქისტი სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა. ახმეტის რაიონის სოფელ ომალოს მკვიდრი, უკრაინაში საცხოვრებლად ადრეულ ასაკში გადავიდა და მოქმედი ფეხბურთელი იყო. წლების მანძილზე, უკრაინის რეგიონული ლიგის, ვილიკა დიმერკას „კოლოსის“ ღირსებას იცავდა, სადაც ერთ-ერთ სეზონში საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც მოიგო.
„სამწუხარო ამბავი მოვიდა გუნდში, საძულველი მტრისგან ჩვენი მიწის დაცვის დროს დაიღუპა „კოლოსის“ ფეხბურთელი სერგო გორნაკაშვილი. სერგო იყო ბრწყინვალე და წესიერი ადამიანი“ - ასე გამოეხმაურა სერგოს სიკვდილს ვილიკა დიმერკას „კოლოსის“ კლუბი.
სპორტის გარდა, სერგო აქტიურად იყო ჩამბული უკრაინაში ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის საქმიანობაში. იგი მოხალისედ უკრაინის არმიას, მტრის შემოჭრისთანავე, 2022 წელს შეუერთდა. სერგოს სამი შვილი დარჩა. გორნაკაშვილს კიევში, წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვან მონასტერში გამოეთხოვნენ და გმირთა ალეაში დაკრძალეს.
მძიმე დანაკარგი განიცადა მაისში, ქართულმა ქვედანაყოფმა „შავმა არწივმა“, რომელიც ავდიივკას მიმართულებაზე იბრძოდა. 5 მაისს, ამ მიმართულებაზე სპეცდანიშნულების რაზმმა, 31 წლის გუგუტიანთკარელი, სერგო გუგუტიშვილი დაკარგა. იგი ნაღმზე აფეთქდა, მას ორი შვილი დარჩა.
7 მაისს, „შავი არწივი“ იგივე პოზიციაზე, სერგოს ცხედრის გამოსაყვანად შევიდა და ამჯერად, 48 წლის ახალციხელი ბესო ლომიძე და 37 წლის თელაველი დავით ღოღაძე დაიღუპნენ. ღოღაძე სნაიპერის ტყვიამ მოკლა, ლომიძე ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. ბესოს - ორი, დათოს კი ერთი შვილი დარჩა. სამწუხაროდ, გუგუტიშვილის, ლომიძის და ღოღაძის ცხედრების გამოსვენება ბრძოლის ველიდან ვერ მოხერხდა.
უკრაინაში დაღუპულ ქართველთა რიცხვმა უკვე 82 მიაღწია. რუსეთის არმიის უკრაინაში პირველი შეჭრის დროს (2014-2022), უკრაინაში - 12 ქართველი მეომარი დაიღუპა. 2022 წლის მარტიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით კი რუს აგრესორებთან ფართომასშტაბიან ომს 70 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.