რა იქნება შემდეგ? პრეზიდენტი და ოპოზიცია პროტესტს იწყებენ

სამი ოპოზიციური ალიანსი, რომლებმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ცსკოს წინასწარი მონაცემებით, საერთო ჯამში 623 ათასზე მეტი ხმა ანუ 30% მიიღეს, ახალ პარლამენტში შესვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა ეს გადაწყვეტილება უკვე დაადასტურეს.

ეს იყო ტოტალური გაყალბება, თქვენი ხმების ტოტალური წართმევა. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რეალურად რუსული სპეცოპერაციის
სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტი

ჯერჯერობით, უცნობია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილება, რომელმაც 26 ოქტომბერს ხუთ პროცენტიანი ბარიერი ასევე გადალახა (7% - 161 ათასი ხმა).

„ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია 28 ოქტომბერს, დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდება და უმაღლეს საკანონდმებლო ორგანოში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მოგვიანებით გაახმოვანებს.

არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც და ხალხს პროტესტის გამოსახატად, რუსთაველზე გამოსვლისკენ მოუწოდა.

„ჩვენ შევესწარით ძალიან უჩვეულო რამეს, ეს იყო ტოტალური გაყალბება, თქვენი ხმების ტოტალური წართმევა, ყველა იმ ხერხების გამოყენება, რაც გვინახავს, დამატებით დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რათა გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რეალურად რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე“ - აღნიშნა ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილმა.

Your browser doesn’t support HTML5

პრეზიდენტი ზურაბიშვილი: არ ვაღიარებ ამ არჩევნებს

დამოუკიდებელი დამკვირვებლების აზრით, მთავარი მანიპულაცია 26 ოქტომბრის არჩევნებზე სხვისი პირადობის მოწმობით ან პასპორტით, მასობრივად ხმის მიცემას უკავშირდება.

„ეს არ იქნებოდა ყალბი პირადობის მოწმობები, ისინი ეკუთვნოდა რეალურ ადამიანებს. ამ რეალური ადამიანების პირადობის დოკუმენტები მოხვდა "ოცნების" მიერ დაქირავებული ადამიანების ხელში“ - ამბობს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი.

მთავარი მანიპულაცია ამ არჩევნებში უკავშირდება პირადობის მოწმობებს. ანუ, ხდებოდა სხვისი პირადობის მოწმობებით მასობრივად ხმის მიცემა.
იაგო კაჭკაჭიშვილი. სოციოლოგი

მისი თქმით, „ორი გზა იყო გამოყენებული ამისთვის: პირველი - პირადობის მოწმობები ჩამოართვეს ადამიანებს დაშინების, ფულის გადახდის და ა.შ. სანაცვლოდ და გამოიყენეს არჩევნებზე.

მეორე - ხელისუფლებამ იცოდა იმ ათეულ ათასობით ემიგრაციაში წასული ადამიანის ვინაობა, ვინც ფორმალურად საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ბევრი წელია აქტიურად არ არის დაკავებული საქართველოს ამბებით და არც არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდა.

შესაბამისად, მაღალი ალბათობით, დაბეჭდეს ასეთი ადამიანების პირადობები და გამოიყენეს საარჩევნო უბნებზე. ამ კონტექსტს კარგად ებმის 3 500 000, ფაქტიურად ნომინალური, ამომრჩევლის სტატისტიკა, რაც ცესკომ შემოგვთავაზა“. - მიაჩნია სოციოლოგიის პროფესორს იაგო კაჭკაჭიშვილს.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში არ შედიან

„უკვე მოვაგროვეთ და დავახარისხეთ საარჩევნო დარღვევების 500-ზე მეტი ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა, რომელსაც მუდმივად ვუზიარებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. პარალელურად, იდენტიფიცირებულია ის საარჩევნო უბნები და ოლქები, სადაც მძიმე ხასიათის დარღვევებს განგრძობითი და განმეორებითი ხასიათი ჰქონდა. უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ დავამტკიცოთ საარჩევნო გაყალბების მასშტაბურობა და სისტემურობა” - ამბობს სადამკვირვებლო კოალიცია "ჩემი ხმის" წარმომადგენელი, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

"ქართული ოცნება" მორიგ გამარჯვებას ზეიმობს და არჩევნების გაყალბებას უარყოფს

არჩევნების ტოტალურ გაყალბებაში ბრალდებული “ქართული ოცნება“ გამარჯვებას მაინც ზეიმობს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად, სისტემური და მასშტაბური გაყალბების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

„თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შემოვა, მით უკეთესი ჩვენთვის. ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს, ჩვეულებრივად შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, დაიწყებს პარლამენტი მუშაობას, დამტკიცდება მთავრობა
ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი

„არჩევნები წააგეს და ახლა უწევთ თქმა, რომ "ქართულმა ოცნებამ" გააყალბა 14 პროცენტი, ანუ 300 000-მდე ხმა გაყალბდაო, უნდათ (ხალხი) დააჯერონ. ეს პარტიები ენგეო სექტორთან ერთად, ამით აცხადებენ კონსტიტუციური წეს-წყობილების წინააღმდეგ ბრძოლას“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

ცსკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ხმების 53% (დაახლოებით 1 მილიონ 120 ათასი ხმა) მიიღო და 150 კაციან პარლამენტში 90 ან 91 დეპუტატი ეყოლება.

დეპუტატთა ეს რაოდენობა „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევს დაიწყოს ახალი პარლამენტის მუშაობა, სცნოს დეპუტატების უფლებამოსილება, შეკრას საპარლამენტო უმრავლესობა და დააკომპლექტოს ახალი მთავრობა.

Your browser doesn’t support HTML5

პრემიერი კობახიძე: ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს

„თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შემოვა, მით უკეთესი ჩვენთვის. პარლამენტი არის ლეგიტიმური. ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს, საერთო არაფრის რესურსი არ აქვს, ჩვეულებრივად შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, დაიწყებს პარლამენტი მუშაობას, დამტკიცდება მთავრობა, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება პროცესები ჩვენს ქვეყანაში“ - განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურად, ჯერჯერობით, მხოლოდ უნგრეთმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა სცნეს. აშშ და ევროკავშირი მნიშველოვან დარღვევებზე აკეთებენ აქცენტს და ცსკოს გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

გიორგი გახარიას პარტია 28 ოქტომბრის საპროტესტი აქციას უერთდება, თუმცა, პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ჯერ არ გაუხმოვანებიათ