მედიის ცნობით, დაკავებულია რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოქმედი და ყოფილი მოადგილეები

რუსმა გამომძიებლებმა, ხუთშაბათს, ენერგეტიკის მინისტრის ერთი მოქმედი და ერთი ყოფილი მოადგილე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი ქვანახშირის მრეწველობაში თაღლითობის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე სერგეი მოჩალნიკოვი, რომელიც თანამდებობას 2022 წლის აპრილიდან იკავებდა და ანატოლი იანოვსკი, რომელიც 2008 წლიდან 2021 წლამდე მსახურობდა, დაკავებული არიან, იტყობინება სააგენტო „ინტერფაქსი“ სამართალდამცავ წყაროებზე დაყრდნობით.

ასევე ნახეთ: რუსეთში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
ასევე ნახეთ: პუტინი, სი და მოდი „ბრიქსის“ სამიტზე უკრაინაში ომს განიხილავენ

ბრალდებები ეხება თაღლითობას, რომელიც დაკავშირებულია ქვანახშირის მაღაროების დახურვასთან, იტყობინება “ინტერფაქსი”. ორივე მამაკაცი პასუხისმგებელი იყო ქვანახშირის მრეწველობაზე, მათ შესაბამის სამინისტროში.

კიდევ ერთი რუსული გამოცემა „კომერსანტი“ იტყობინება, რომ მოჩალნიკოვთან ერთად, კიდევ ოთხი პირი დააკავეს, რომელთა ვინაობა ცნობილი არ არის. გამოცემის ცნობით, საქმეში მითითებული პირდაპირი ზარალი 500 მილიონი რუბლი იყო, რაც $5 მილიონს შეადგეს. ხოლო, ირიბი ზარალი - 12 მილიარდი რუბლი.

საინფორმაციო სააგენტო “როიტერმა”, მოჩალნიკოვისგან და იანოვსკისგან კომენტარის მიღება ვერ შეძლო, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) კი დაკავების ფაქტი მაშინვე არ დაადასტურა .

ბოლო პერიოდის განმავლობაში, რუსეთში, კორუფციულ საქმეებზე არაერთი მაღალჩინოსანი - მათ შორის თავდაცვის უწყების რამდენიმე მაღალჩინოსანი - ქრთამის აღებისა და გაფლანგვის ბრალდებებით დააკავეს.