ევროკავშირის ლიდერები საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილებას აპირებენ, რომ მისი ქმედებები ბლოკში ქვეყნის გაწევრიანებას საფრთხეს უქმნის. საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის წინ მომზადებულ სამუშაო დოკუმენტშია ნათქვამი.
17-18 ოქტომბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეიკრიბებიან და დოკუმენტის თანახმად, კიდევ ერთხელ გაუსვამენ ხაზს ბლოკის "მზაობას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მის ევროპულ გზაზე", თუმცა ასევე განმეორებით ისაუბრებენ იმ "სერიოზულ შეშფოთებაზე, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და არჩეული კურსის შესახებ არსებობს".
მსგავსი შინაარსის იყო გასულ კვირას, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაც, რომელშიც საუბარია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასა და საპასუხოდ, ევროკავშირისგან გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ. ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციაში რამდენიმე რეკომენდაციაა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წევრის დასანქცირება, ვიზალიბერალიზაციის შესაბამისობის გადახედვა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დროებით შეჩერება.
რეზოლუციას ნეგატიურად შეხვდნენ საქართველოს მთავრობაში. მაგალითად, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მას ქვეყნის საქმეებში “უხეში ჩარევა” უწოდა; თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარაუდი გამოთქვა, რომ რეზოლუციაზე მომუშავეთაგან “ვინმეს ფული გადაუხადეს”, ხოლო საქართველოს მოქმედმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მას “უსამართლო რეზოლუცია” უწოდა.
Your browser doesn’t support HTML5
“ამერიკის ხმასთან” ინტერვიუებში, ევროპარლამენტის წევრები, ისინი, ვინც ამ რეზოლუციაზე მუშაობდნენ და მას მხარი დაუჭირეს, ამბობენ, რომ რეზოლუციაში გაწერილი რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიულ ქმედებებს პასუხობს და საქართველოს მთავრობის ბრალდებებს უარყოფენ.
რასა იუკნევიჩიენე, ევროპარლამენტის წევრი და ლიეტუვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი განმარტავს: “რაც შეეხება თანხის გადახდას და სხვა ბრალდებებს. ვშიშობ, ისინი [“ქართული ოცნება”] სხვებზეც ისე ფიქრობენ, როგორც თავად იქცევიან. თუ თვლიან, რომ შესაძლებელია აქ ხმების მოსყიდვა ისე, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი ცდილობს - მაშინ ვეტყვი, რომ ეს არაა ევროპული ღირებულებები და ეს არ ხდება ევროკავშირის პარლამენტში. თითქმის 500-მა [პარლამენტარმა] მისცა ხმა [რეზოლუციას]. ეს დიდი რამაა, გზავნილია და შეუძლებელია, რომ ასეთი რამ იყიდო”.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავდმჯდომარე, დევიდ მაკკალისტერი კი გვეუბნება, რომ საქართველოში ბოლო დრო მიღებული რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, ევროკავშირის მთავარი შეშფოთების და საქართველოსთან შექმნილი დაძაბულობის მიზეზია.
“ევროპარლამენტმა ძალიან ნათლად თქვა, რომ ე.წ უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონის, ასევე ოჯახის ღირებულებების და უმცირესობების კანონის, ისევე როგორც საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებების უკან გაწვევის გარეშე, ჩვენს ურთიერთობებში პროგრესი არ იქნება”, - გვეუბნება მაკკალისტერი.
Საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში, ამ ეტაპზე რომ პროგრესი კი არა, ყველა ტიპის მოლაპარაკებაც კი შეჩერებულია, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთხელ გაიმეორა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმაც. სწორედ მან თქვა, რომ ევროპარლამენტსა თუ ევროსაბჭოში, საქართველოს საკითხის ასე ხშირად და არსებულ კონტექსტში განხილვა ძალიან ცუდი ნიშანია.
Your browser doesn’t support HTML5
მორიგი განხილვა საქართველოზე ორშაბათს, 14 ოქტომბერს შედგა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ, რათა მიმდინარე საკითხები, მათ შორის საქართველოში არსებული მდგომარეობა განეხილათ.
შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა მოლდოვაზე საუბრის შემდეგ თქვა, რომ „საქართველო უფრო დამთრგუნველ სურათს წარმოადგენს” Მისი თქმით, “მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტოდ შეჩერებულია”.
მიუხედავად ბრიუსელიდან გაკეთებული განცხადებებისა და მიღებული გადაწყვეტილებებისა, მომხდარში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მან ორშაბათს, 14 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან საუბარში თავი აარიდა მომხდარზე პასუხისმგებლობის აღებას და თქვა, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის გამწვავებული ურთიერთობები, უკრაინის ომითაა განპირობებული.
“როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება და ვფიქრობთ, რომ ეს მომავალ წელს მოხდება, გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც ევროკავშირთან, ასევე ამერიკასთან. შესაბამისად, არავის ემახსოვრება ასეთი უსამართლო რეზოლუციები. აუცილებლად უნდა გადაიტვირთოს საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ამერიკის ურთიერთობები. მგონია, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, მაშინვე ვიხილავთ შემხვედრ ნაბიჯებს როგორც ევროკავშირის სტრუქტურებისგან, ასევე ამერიკისგან“, - განაცხადა კობახიძემ.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს შეაჩერებსთუმცა, კობახიძისგან განსხვავებული ხედვა აქვთ ბრიუსელში. ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოსა და ევროკავშირს შორის გართულებულ ურთიერთობაზე ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას” აკისრებს პასუხისმგებლობას.
“რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი, ან ვიტყოდი, რომ უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რატომაც საქართველო ასეთ მძიმე მდგომარეობაშია. ვგულისხმობ საქართველოს სამომავლო გზას. ვხედავთ, რომ რასაც ის ამბობს, რა გადაწყვეტილებებსაც მისი მთავრობა იღებს, შეუთავსებელია ევროკავშირის მოთხოვნებთან და ღირებულებთან”,-გვეუბნება იუკნევიჩიენე და აქვე განმარტავს, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობის განცხადებები არა მარტო აზიანებს ქართულ-დასავლურ ურთიერთობებს, არამედ უნისონშია კრემლის პროპაგანდასთანაც: “[ევროკავშირის] წევრობის შემდგომი ნაბიჯები, ოფიციალურ, თუ არაოფიციალურ დონეზე შეჩერებულია იმის გამო, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს. ყველა მათი ქმედება აჩვენებს, რომ [ევროკავშირის წევრობისთვის] საჭირო ნაბიჯებს არ მიჰყვებიან . ევროპისა და კრემლის მომხრე ერთდროულად ვერ იქნები. ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომზე ამბობს, რასაც ის და სხვა ოფიციალური პირები ამბობენ ევროპარლამენტის შესახებ, კრემლის ნარატივია - ევროკავშირის ინსტიტუტებზე თავდასხმა და არადემოკრატიული ქცევა”, - განმარტავს ევროპარლამენტის წევრი “ამერიკის ხმასთან”.
ასევე ნახეთ: იანკოვიჩი: "ქართული ოცნება" რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებსᲡაქართველოში რუსეთის მზარდ გავლენაზე წუხს დევიდ მაკკალისტერიც: “ევროპარლამენტი ნამდვილად გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში რუსეთის გავლენის გაზრდის გამო, მათ შორის, გაზრდილი სავაჭრო კავშირების გამო, რუსეთსა და საქართველოს შორის. ასევე მზადყოფნის გამო, [საქართველომ] განაგრძოს რუსეთთან შერიგება, მიუხედავად რუსეთის ომისა უკრაინაში და საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციისა. ეს ნამდვილად გასაოცარია”.
საქართველოში რუსეთის შესაძლო გავლენების, ე.წ უცხოეთის აგენტების კანონის, ასევე ე.წ ოჯახურის ღირებულებების დაცვის კანონის და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის ფონზე, დასავლეთში საქართველოს მთავრობისთვის გზავნილების მიტანის გზას სანქციების დაკისრებით ხედავენ. არაერთი სიტყვიერი, თუ წერილობითი მოწოდების მიუხედავად, უკან გაეწვიათ ეს კანონები, “ქართულმა ოცნებამ” პარტნიორების აზრი არ გაითვალისწინა. სწორედ ამიტომ, ბრიუსელში თვლიან, რომ საუბარი სხვა გზით უნდა გაგრძელდეს.
ე.წ უცხოეთის აგენტების კანონის მიღების შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება უკვე ორჯერ გაყინა. საუბარია, რომ შესაძლოა, სხვა ფინანსური შეზღუდვებიც განიხილებოდეს.
"თქვენ იცით, რომ ევროპულ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით გადაწყვეტილებას კომისია იღებს. დაველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოში დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა, 14 ოქტომბერს.
ასევე ნახეთ: არასამთავრობოების დასჯა კრიტიკისთვის - შეფასებები ვაშინგტონიდანსამოგზაურო თუ ფინანსური სანქციები ქართველ ოფიციალურ პირებს უკვე დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ევროპარლამენტში გვეუბნებიან, რომ ამ და სხვა მიმართულებით, ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის, როგორც ბლოკის უმთავრეს მოკავშირესთან, კოორდინაცია მუდამ არსებობს.
“ჩვენ, ევროკავშირში, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისას, ყოველთვის გვაქვს კოორდინაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამერიკის შეერთებული შტატები, ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორი და მოკავშირეა. უკვე ვნახეთ, რომ ამერიკამ დააწესა ინდივიდუალურ პირებზე სანქციები. ვფიქრობ, ზოგადად, კარგია, როდესაც ევროკავშირი კოორნიდირებას ახდენს პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ისეთ მსგავსად მოაზროვნე პარტნიორებთან, როგორებიცაა ამერიკა, კანდა, ბრიტანეთი, ნორვეგია და სხვები”, - ამბობს “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში დევიდ მაკკალისტერი.
რასა იუკნევიჩიენე კი განმარტავს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ამერიკას, ნატოს წევრობით განსაზღვრული ვალდებულებებიც აერთიანებთ, რომელთა შორის ერთ-ერთი დემოკრატიების დაცვაა.
“ამერიკას სჭირდება პარტნიორები, მოკავშირეები, გლობალურად და უპირველესად, ესენი არიან დემოკრატიები. ძალიან ნათელი გზავნილია, რომ მხოლოდ ევროპარლამენტში კი არ ფიქრობენ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ასე [ნეგატიურად], არამედ ასეთივე წარმოდგენა აქვს ჩვენს პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. ჩვენ არა მარტო ევროკავშირის, არამედ ნატოს წევრი ქვეყნებიც ვართ. ასე რომ ჩვენი ერთობლივი გამოწვევაა, რომ დავიცვათ დემოკრატია და დავიცვათ ხალხის მისწრაფებები. საქართველოს მოსახლეობის 80%-ის მისწრაფება კი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. ასე რომ, ესაა ჩვენი მიზანი, მათი მისწრაფებების შესრულება”,- განმარტავს იუკნევიჩიენე.
ასევე ნახეთ: უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერება ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება - ევროკავშირისაქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. ბრიუსელში გვეუბნებიან, რომ ეს არჩევნები ბევრ რამეს გადაწყვეტს:
“საქართველოში მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი იქნება მომავალი დემოკრატიული განვითარებისა და გეოპოლიტიკური არჩევანის განსაზღვრაში, ისევე როგორც იმის განსაზღვრაში, შეძლებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შენარჩუნებას. ასე რომ, სასწორზე ბევრი რამ დევს. მჯერა, რომ საქართველს ჯერ კიდევ აქვს დემოკრატიული მომავალის შანსი”, - ამბობს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
ბრიუსელიდან კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, არჩევნები სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩაატაროს. მანამდე კი, მიმდინარე კვირაში, 17-18 ოქტომბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ საქართველოზე და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე.