თბილისის მერმა და მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ 4 965 000 აშშ დოლარი და 3 600 000 ევრო (ჯამში, დაახლოებით, 9 მილიონი დოლარი) გამოიტანა, ტურინსა და ციურიხში მდებარე, Intesa Sanpaolo და Juliues Baer ბანკებიდან. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა პირადი ანგარიშებიდან, ამ თანხების მოხსნა იმით ახსნა რომ „ევროპულ ბანკებს აღარ ენდობა“.
„რატომ უნდა შევინახო (თანხა უცხოურ ბანკებში)? ჯერ ნახეთ, ივანიშვილის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ და რა უქნეს. გაძარცვეს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაძარცვეს. რატომ უნდა ვენდო?კახი კალაძე
„რატომ უნდა შევინახო (თანხა უცხოურ ბანკებში)? ჯერ ნახეთ, ივანიშვილის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ და რა უქნეს. გაძარცვეს! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაძარცვეს! რატომ უნდა ვენდო? რა თქმა უნდა, (უცხოურ ბანკებს) არ ვენდობი“ - აღნიშნა კახი კალაძემ.
„ოცნების“ გენმდივანმა არ დააკონკრეტა უკავშირდება თუ არა, ევროპული ბანკებიდან პირადი მილიონების გამოტანა, მოსალოდნელ სანქციებს. კალაძემ ასევე თქვა, რომ არ იცის შეეხო თუ არა აშშ-ის მხრიდან სავიზო სანქცია, მისივე თქმით, „მნიშვნელობა არ აქვს, არის თუ არა სანქცირებული“.
2024 წლის ქონებრივ დეკლარაციაში ჩანს, რომ კახი კალაძემ 4 200 000 დოლარი, რომელსაც წლების მანძილზე, იტალიაში, ტურინში მდებარე Intesa Sanpaolo-ს ანგარიშზე ინახავდა, 2028 წლის მარტამდე, უცნობ იურიდიულ პირზე სესხად გასცა.
რომელ ქვეყანაში გადაიტანა ციურიხის ბანკიდან მოხსნილი მილიონები, ამის შესახებ ინფორმაცია ახალ ქონებრივ დეკლარაციაში არ ჩანს.
„არ ინერვიულოთ ჩემზე. მე არ ვნერვიულობ და თქვენ რატომ ნერვიულობთ? ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია. რეალობა სახეზეა. ადამიანს, რომელმაც მოიგო ყველანაირი სასამართლო, თანხებს არ უბრუნებენ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.
ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია. რეალობა სახეზეა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არსებობს
სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არსებობს. ეს არის სამწუხარო რეალობა. მაგრამ ჩემს ფინანსებზე თქვენ არ ინერვიულოთ.“ - უთხრა ჟურნალისტებს კახი კალაძემ.
როგორც თბილისის მერი, ისე საქართველოს ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები ბოლო წლებია, მუდმივად აპელირებენ იმ დაუდასტურებელ ფაქტზე, რომ თითქოს, ბიძინა ივანიშვილი „დე-ფაქტო სანქცირებულია“ .
„დე ფაქტო“ სანქციები, „ქართული ოცნების“ მიერ გამოგონილი შეთქმულების თეორიის თანხმად, ივანიშვილს ე.წ „გლობალური ომის პარტიამ“ "დაუწესა". მას შემდეგ, რაც თითქოს, ივანიშვილი "ვერ აიძულეს“ და „საქართველო ომში არ ჩაერთო“.
ამ შეთქმულების თეორიას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აქტიურად ავრცელებდა როგორც ივანიშვილი, ისე პირადი გარემოცვა და მათ შორის, "ოცნების" პროპაგანდისტი ზაზა შათირიშვილი, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" და სხვა არხების მეშვეობით.
"ამერიკელებმა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა 2008 წელს მას შემდეგ დაიწყეს, რაც მან სააკაშვილს, საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების გამო, ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი. თუ ბიძინა ივანიშვილი ამერიკელებისთვის მიუღებელი იყო 2008 და 2011 წლებში, ბუნებრივია, ის ასეთივე მიუღებელი იყო შემდეგ წლებშიც" - წერდა პროპაგანდისტი შათიშვილი, ივანიშვილის დაკვეთით, 2023 წელს.
აშშ და ევროკავშირი ივანიშვილის წინააღმდეგ რაიმე დე-ფაქტო სანქციის დაწესებას კატეგორიულად უარყოფენ და ყველა ასეთ პროპაგანდას დეზინფორმაციას უწოდებენ.
ამავე დროს, აშშ-ში, არ გამორიცხავენ, "საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო", ივანიშვილს სანქციები უახლოეს მომავალში, ნამდვილად დაუწესონ.
ბიძინა ივანიშვილს წლებია კერძო დავა აქვს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან, რომელთანაც 2005 წლიდან თანამშრომლობდა. დავის მიზეზი ასეულობით მილიონი დოლარის ზარალია, რომელიც ივანიშვილს პირადმა ბანკირმა ფრანგმა პატრის ლესკოდრონმა მიაყენა.
ეს დავა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. შესაბამისად, ივანიშვილის მტკიცება, რომ ეს ყველაფერი, მის მიერვე გამოგონილი - ე.წ "გლობალური ომის პარტიის" ხრიკებია, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ ივანიშვილი კერძო დავას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
"ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ "კრედიტ სუისთან" დაკავშირებული ფული, ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია, და არა - ამერიკის"საქართველოში აშშ-ის საელჩო
შვეიცარიული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის და შვეიცარიის მოქალაქე პატრის ლესკოდრონი ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობდა და რამდენჯერმე საქართველოშიც იყო ნამყოფი.
ივანიშვილმა 2015 წელს აღმოაჩინა, რომ პირადმა ბანკირმა, რომელიც მისი დიდი ნდობით სარგებლობდა, კუთვნილი მილიონები მიითვისა. ივანიშვილის გარდა, ლესკოდრონმა კიდევ რამდენიმე რუსი ოლიგარქის თანხები გაფლანგა. ლესკოდრონი 2018 წელს დააპატიმრეს, საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, 2020 წლის ზაფხულში მან თავი მოიკლა.
ივანიშვილის ახლო გარემოცვა, პროპაგანდის მიზნით, ლესკოდრონის სიკვდილშიც "ამერიკულ სპეცსამსახურებს" ადანაშაულებდა. ოლიგარქი ამტკიცებს, რომ ბანკმა იცოდა ლესკოდრონის თაღლითობის შესახებ, Credit Suisse კი აცხადებს, რომ პირადი ბანკირი „მარტო მოქმედებდა“.
ივანიშვილმა Credit Suisse-ს სასამართლოში უჩივლა და დღემდე დავა აქვს (ჰქონდა) ბერმუდაზე, ახალ ზელანდიაში, სინგაპურსა და შვეიცარიაში.
2022 და 2024 წლებში, ბერმუდისა და სინგაპურის იურისდიქციაში, ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს დავა მოუგო. ბერმუდის სასამართლომ შვეიცარიულ ბანკს ივანიშვილის სასარგებლოდ - 607 მლნ დოლარის, სინგაპურის სასამართლომ კი თითქმის 743 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა.
გაკოტრებამდე, Credit Suisse განაცხადა, რომ ივანიშვილს 210 მლნ დოლარი უკვე ჩაურიცხა, თავად ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ეს თანხები ამ დრომდე დაბლოკილია და სხვა შვეიცარიული ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე რჩება.
მას შემდეგ, რაც Credit Suisse გაკოტრდა, ვალდებულებები შვეიცარიულმა ბანკმა - UBS-მ გადაიბარა. ამჟამად, UBS ბანკი ზარალის შემცირებას ცდილობს, თუმცა ივანიშვილთან და სხვა დაზარალებულებთან მოლაპარაკება, ჯერჯერობით უშედეგოა.
ივანიშვილის ქონება, რომელიც მისივე მტკიცებით „ფაქტობრივად სანქცირებულია“, კლების ნაცვლად, იზრდება და ამჟამად, 7,5 მილიარდ დოლარს აღწევს
ექსპერტების აზრით, Credit Suisse (ამჟამად UBS-ს ) და ივანიშვილის კერძო დავა, შეუძლებელია საქართველოს არაფორმალური მმართველის, „დე-ფაქტო სანქციების“ მიზეზი გამხდარიყო, მით უმეტეს, რომ ივანიშვილმა სხვადასხვა იურისდიქციაში რამდენიმე სასამართლო პროცესი უკვე მოიგო.
პარალელურად, სექტემბრის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება, რომელიც მისივე მტკიცებით „ფაქტობრივად სანქცირებულია“, კლების ნაცვლად, განუხრელად იზრდება.
Bloomberg-ის მონაცემებით, 2024 წლის დასაწყისიდან ივანიშვილის ქონება 900 მილიონი დოლარით გაიზარდა და ამჟამად, 7,5 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
1 ოქტომბერს, საქართველოში აშშ-ის საელჩო პირველად გამოეხმაურა, "ქართული ოცნების" დეზინფორმაციას, რომ თითქოს, Credit Suisse-თან დავაში, მოგებული სასამართლოების შემდეგ, ივანიშვილის თანხებს "აშშ ბლოკავს".
"ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ "კრედიტ სუისთან" დაკავშირებული ფული, ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია, და არა - ამერიკის" - წერია აშშ-ის საელჩოს განმარტებაში.