ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ოცნება“ და „ალტ ინფო“ აცხადებენ, რომ აშშ-ის სანქციების არ ეშინიათ


"ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციებით ვერ შეაშინებენ
"ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციებით ვერ შეაშინებენ

„ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს, აშშ-ის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესება არ აშინებს.

ახლა შანტაჟი გრძელდება უკვე სხვა ფორმით, ვისმენთ მუქარას ფორმალური სანქციების დაწესებაზე
ირაკლი კობახიძე

"გრძელდება შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იცით, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული ევროპაში 2 მლრდ აშშ დოლარი“ - უთხრა ნიუ-იორკში სამთავრობო მედიას ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, „ახლა შანტაჟი გრძელდება უკვე სხვა ფორმით, ვისმენთ მუქარას ფორმალური სანქციების დაწესებაზე. ვერც ასე და ვერც ისე, ეს ადამიანები ვერ მიაღწევენ მიზანს. მიზანი ყველამ ვიცით, რაც არის - მათ სურთ, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს შანტაჟი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება წარმატებული“ - აღნიშნა კობახიძემ.

„ოცნების“ პრემიერის ვიზიტი ნიუ-იორკში, სადაც კობახიძე, გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდა და "მომავლის სამიტზე" გამოვიდა, აშშ-საქართველოს ურთიერთობის უპრეცედენტო გაუარესების ფონზე მიმდინარეობს.

კობახიძის ვიზიტის დაწყებამდე, აშშ-მ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი, რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე ძალადობისთვის, „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა და მძიმე სანქციები დაუწესა, დამატებით 60 ოფიციალურ პირს კი სავიზო სანქციები შეეხოთ. პარალელურად, „ამერიკის ხმას“ ანონიმურად აცნობეს, რომ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაც მზადდება.

„ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე ითქვა, რომ (ამერიკელები) აპირებენ. ეს იქნება ძალიან მძიმე, გაცილებით მძიმე ამბავი
ალექსანდრე ელისაშვილი

„ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე ითქვა, რომ (ამერიკელები) აპირებენ. ეს იქნება ძალიან მძიმე, (შსს-ს მაღალჩინოსნების დასაქცირებაზე) გაცილებით მძიმე ამბავი და რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ქვეყანას დასანქცირებული ხელისუფლება ჰყავდეს? ეს ხომ აბსურდი იქნება! მაგრამ, ეს აბსურდი, 26 ოქტომბერს უნდა შევცალოთ“ - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსანდრე ელისაშვილი, კოალიცია "ძლიერი საქართველოდან".

ჯერჯერობით უცნობია, აღასრულეს თუ არა აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტის (OFAC) მოთხოვნა და საქართელოს კომერციულმა ბანკებმა დაუხურეს ანგარიშები, აშშ-ს მიერ სანქცირებულ პირებს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს ზვიად ხარაზიშვილსა და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ, სანქციების აღსრულების რეჟიმში, „საგამონაკლისო წესი“ შეიტანა, რომლის თანახმადაც, „საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი“.

ამ წესით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათელა თურნავამ, ამჟამად რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძეს საშუალება მისცა, საქართველოში, საბანკო ანგარიშებზე არსებული ფული რუსეთში უპრობლემოდ გაეტანა.

ოთარ ფარცხალაძისგან განსხვავებით (რუსული პასპორტით, იგი უკვე ოთარ რომანოვია), საქართველოს კომერციულმა ბანკებმა, ჯერ კიდევ სანქცირებამდე დაუხურეს ანგარიშები, პროპუტინისტური და ექსტრემისტული დაჯგუფება „ალტ ინფოს“ ლიდერებს ზურაბ მახარაძეს და კონსტანტინე მორგოშიას, რომლებიც აშშ-მა შსს-ს მაღალჩინოსნებთან ერთად დაასანქცირა.

გაუუქმეს თუ არა საბანო ანგარიშები გდდ-ის უფროსს, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ზვიად ხარაზიშვილს უცნობია
გაუუქმეს თუ არა საბანო ანგარიშები გდდ-ის უფროსს, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ზვიად ხარაზიშვილს უცნობია

ზურამ მახარაძე ამბობს, რომ აშშ-ის სანქციები არ ანაღვლებს, მართალია, TBC ბანკმა ანგარიშები ჯერ კიდევ 2024 წლის იანვარში გაუუქმა, თუმცა, TBC-ის საბანკო ბარათით, როგორც თავად ამტკიცებს, დღემდე სარგებლობს.

როცა გამიუქმეს ანგარიშები, ავდექი და პიროვნებას, რომელსაც ვენდობი ვუთხარი, რომ მოდი შენს სახელზე ერთი ანგარიში დამატებით გააკეთე და რაღაც საყიდელი რო მაქვს, პირადი მოხმარებისთვის ეს ბარათი მაქვს. TBC ბანკში გააკეთა ისევ
ზურაბ მახარაძე

“TBC ბანკი ისედაც არ გვემსახურებოდა, პოლიტიკური შეხედულებების გამო, ახლა ბანკებს უკვე პირდაპირ მოთხოვნა აქვთ გარედან ანუ ვინც აშშ-ის საბანკო სისტემასთან ოპერირებს, ჩვენი მომსახურება არ შეუძლია.

ჩემს შემთხვევაში ეგ ძალიან მარტივად მოგვარდა. მანამდე, როცა გამიუქმეს ანგარიშები, ავდექი და პიროვნებას, რომელსაც ვენდობი ვუთხარი, რომ მოდი შენს სახელზე ერთი ანგარიში დამატებით გააკეთე და რაღაც საყიდელი რო მაქვს, პირადი მოხმარებისთვის ეს ბარათი მაქვს. TBC ბანკში გააკეთა ისევ, პრინციპის ამბავი იყო, სადაც გამიუქმეს, ისევ იქ გავაკეთე და ჩვეულებრივ ვხმარობ“ - განაცხადა ზურაბ მახარაძემ.

2023 წლის აპრილიდან მოყოლებული აშშ-მა „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული, საქართველოს უკვე 9 მოქალაქე დაასანქცირა. პირველებს სავიზო სანქციები სასამართლო კლანის ლიდერებს: ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს შეეხოთ. შემდეგ რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ, „ოცნების“ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარხაცლაძეს.

ბოლოს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური და „ალტ ინფოს“ ლიდერები დასანქცირდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის ივნისსა და სექტემბერში სავიზო სანქციები, ასევე 90-მდე ოფიციალურ პირს დაუწესა. დაუწესდება თუ არა სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ამ კითხვაზე თბილისში, აშშ-ის საელჩომ ასეთი პასუხი გასცა:

„ჩვენ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ აშშ ძალიან შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით
აშშ-ის საელჩო

„ჩვენ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს და არაფერი გვაქვს დასაანონსებელი. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ შეერთებული შტატები ძალიან შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციითა და ნეგატიური რიტორიკით შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მიმართ.

როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი მიმოხილვა გაგრძელდება მთავრობის ქმედებების საპასუხოდ და ჩვენ ყოველთვის ვიტოვებთ უფლებას გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი“ - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს კომენტარში, რომელიც „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

აშშ-ის მიერ სანქცირებული ზურაბ მახარაძე ამბობს, რომ TBC ბანკში სხვისი ბარათით მაინც სარგებლობს, ფოტო © Shota Kincha/OC Media
აშშ-ის მიერ სანქცირებული ზურაბ მახარაძე ამბობს, რომ TBC ბანკში სხვისი ბარათით მაინც სარგებლობს, ფოტო © Shota Kincha/OC Media

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG