ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი ორშაბათს სასამართლოს წინაშე წარსდგება, რათა ხუთ ფედერალურ ბრალდებაზე განცხადება გააკეთოს. მამაკაცს წინააღმდეგ წაყენებული ბრალი ამბობს, რომ მან, ფლორიდაში, ყოფილი პრეზიდენტის გოლფის ერთ-ერთი მინდვრის გარეთ შაშხანით პოზიცია დაიკავა.
მოსალოდნელია, რომ 58 წლის რაიან რუთი თავს უდანაშაულოდ გამოაცხადებს ბრალდებებზე, რომელშიც საპრეზიდენტო კანდიდატის მკვლელობის მცდელობაც შედის. უკვე არსებობს ორდერი, რომლითაც რუთი სასამართლომდე პატიმრობაში დარჩება.
პროკურორების განცხადებით, რუთს განზრახული ჰქონდა ტრამპის მოკვლა, როდესაც ის 15 სექტემბერს, ვესტ პალმ ბიჩში ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში თამაშობდა.
სახურავების ხელოსანმა რუთმა რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი თავისივე გამოცემულ წიგნში დაგმო და ერთი თვით ადრე თანამშრომელთან დატოვა წერილი, რომელშიც ტრამპის მკვლელობის მცდელობა მოიხსენია.
ასევე ნახეთ: გამომძიებლები ტრამპზე სავარაუდო თავდამსხმელის მოტივზე მუშაობენპროკურორების მიერ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობის თანახმად, ეჭვმიტანილმა დაწერა: „ეს დონალდ ტრამპის მოკვლის მცდელობა იყო, მაგრამ ვერ გაგიმართლეთ.“
23 სექტემბერს შემდგარ მოსმენაზე რუთის ადვოკატებმა მიანიშნეს, რომ შესაძლოა წერილი ცნობადობის მიღწევის მცდელობა იყო და ხაზი გაუსვეს, როგორც თვითონ უწოდეს, რუთის ძალისხმევას უკრაინასა და ტაივანში დემოკრატია დაეწინაურებინა.
პროკურორების თანახმად, რუთი იმალებოდა ღობის მიღმა, საიდანაც გოლფის მინდვრის მეექვსე ფოსო ჩანდა. სამართალდამცავებმა იქვე აღმოაჩინეს „აკ-47“ ტიპის შაშხანა, პარკი წასახემსებელი საკვებით, ციფრული კამერა და ჩანთები ლითონის ფილებით, რომელიც საიდუმლო სამსახურის მიერ გახსნილი საპასუხო ცეცხლისგან დასაცავად იყო გათვლილი.
საიდუმლო სამსახურის აგენტმა, რომელიც ტრამპის წინ პატრულირებდა რუთი დაინახა და ცეცხლი გახსნა მას შემდეგ, რაც ღობეში გამოყოფილი შაშხანის ლულა შენიშნა. რუთი გაიქცა და მოგვიანებით ფლორიდის გზატკეცილზე დააკავეს, აცხადებენ პროკურორები.
თავდაპირველად მას ბრალი იარაღთან დაკავშირებულ დარღვევაზე წარუდგინეს. გასულ კვირაში ბრალდებას მკვლელობის მცდელობის, ფედერალურ ოფიცერზე თავდასხმის და ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისას ცეცხლსასროლი იარაღის ქონის ბრალდებები დაემატა.
ფლორიდის ინციდენტი, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ტრამპის მკვლელობის მცდელობის მეორე შემთხვევაა, რაც არჩევნების წინ კანდიდატის დაცვის შესახებ კითხვებს აჩენს.