ამერიკელი გამომძიებლები აანალიზებენ და ახარისხებენ იმ ადამიანის სოციალური მედიის ანგარიშებსა და ბოლო წლების გზავნილებს, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სავარაუდო მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი. ისინი ცდილობენ შესაძლო მოტივის დადგენას და ამასთან ერთად, იმის გარკვევას, შესაძლებელია თუ არა, საქმეში სხვა შეთქმულთა არსებობა.
შერიფის მოადგილეებმა ფლორიდაში დააკავეს 58 წლის რაიან ვესლი რუთი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მიმალვას ცდილობდა. ეჭვმიტანილი შტატის ერთ-ერთ მთავარ გზატკეცილზე 15 სექტემბერს მოგვიანებით აიყვანეს, მას შემდეგ, რაც მისი საეჭვო მოქმედება შენიშნეს, ვესტ პალმ-ბიჩში მდებარე პრეზიდენტის გოლფის მოედანზე და გაედევნენ.
ოფიციალური წყაროების მიხედვით, ეჭვმიტანილის მობილური ტელეფონის მონაცემები აჩვენებს, რომ რაიან რუთი გოლფის მოედნის პერიმეტრთან, ბუჩქებში 12 საათი იცდიდა. მას ჯერჯერობით ბრალი იარაღის უკანონო ფლობისა და წაშლილი სერიული ნომრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღის თან ქონის გამო წაუყენეს.
მედიისთვის ასევე ცნობილია ის, რომ აყვანის შემდეგ, რუთმა გამოიყენა ადვოკატის ყოლისა და დუმილის უფლება. ის დაკავებიდან დღემდე გამომძიებლებს ჩვენებებს არ აძლევს.
გამომძიებლები ახლა ჩხრეკის ორდერების მოპოვებაზე მუშაობენ. „სუბიექტი ონლაინ საკმაოდ აქტიურად იყო წარმოდგენილი და ჩვენ ახლა ვმუშაობთ მის ინტერნეტ-ძიებებზე", - თქვა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) სპეციალურმა აგენტმა ჯეფრი ველტრიმ. მისი თქმით, გაგზავნილია მოთხოვნები იმ კომპანიებისადმი, რომლებიც რუთის სოციალური მედიის ანგარიშებს წარმოადგენენ, ნაწილისგან პასუხი უკვე მიიღეს, ნაწილს ჯერ კიდევ ელიან.
ამასთან ერთად, გამოძიების ფედერალური ბიურო მუშაობს ადგილობრივ ოფისებთან, რათა მოიპოვონ ინფორმაცია ჰავაიდან და ჩრდილოეთ კაროლინიდან, სადაც ეჭვმიტანილის ოჯახის წევრები, მეგობრები და ყოფილი თანამშრომლები ცხოვრობენ. წარსულის გამოძიებაში შედის ინტერვიუები, რომელიც რუთს მედიისთვის აქვს მიცემული, როცა ის უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეებს ეძებდა, წარსულში ავღანეთში მებრძოლ, ამერიკელ მეომრებს შორის.
ეჭვმიტანილის ბიოგრაფიიდან იკვეთება, რომ ის გარკვეული პერიოდი ტრამპის მხარდამჭერი იყო, მაგრამ ბოლო წლებში იმედი გაუცრუვდა. 2023 წელს მან თვითონვე გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც თითქოს ირანს მოუწოდებს, მოკლან ყოფილი პრეზიდენტი: "შეგიძლიათ ის მოკლათ", წერს რუთი წიგნში "უკრაინის მოუგებელი ომი" და რესპუბლიკური პარტიის ამჟამინდელ საპრეზიდენტო კანდიდატს, "სულელსა" და "ჯამბაზს" უწოდებს.
ამ ეტაპზე, რუთის წარსულის შესწავლიდან არ იკვეთება, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები. "ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის სხვებთან ერთად მოქმედებდა", - განაცხადა გამოძიებათა ფედერალური ბიუროს სპეციალურმა აგენტმა ჯეფრი ველტრიმ. მან ტრამპის დაცვის წევრები, საიდუმლო სამსახურის აგენტები დაიცვა და თქვა, რომ ეჭვმიტანილის 365-455 მეტრით მიახლოების მიუხედავად, დაცვამ კარგად იმუშავა და დატენილი AK-ტიპის შეიარაღების მქონე რუთს ტრამპის სამიზნეში ამოღების და გასროლის შესაძლებლობა არ ჰქონია.
თავად ტრამპმა მეორე დღესვე შეაქო საიდუმლო სამსახურის აგენტები სოციალურ მედიაში, მაგრამ იქვე თქვა, რომ მეტი ხალხია საჭირო მისი დაცვისთვის. დაახლოებით მსგავსი გზავნილი ჰქონდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც. "საიდუმლო სამსახურს მეტი დახმარება სჭირდება", - განაცხადა პრეზიდენტმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებთან და დასძინა, რომ "კონგრესმა მათ საჭიროებებს უნდა უპასუხოს".