24 წლის ლაშა ბექაური მესამე ქართველი სპორტსმენი გახდა, რომელსაც ორი ოლიმპიური ოქროს მედალი აქვს მოგებული, მოჭიდავე ლევან თედიაშვილისა (მიუნხენი 1972, მონრეალი 1976) და ძალოსან ლაშა ტალახაძის (რიო 2016, ტოკიო 2020) შემდეგ.
ამ მაჩვენებლით, ეს სამეული, მხოლოდ მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ სპორტსმენს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, მძლეოსან ვიქტორ სანეევს (მეხიკო 1968, მიუნხენი 1972, მონრეალი 1976) ჩამორჩება.
ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, ეს ოქროს ისტორიული მედალი თქვენია!ლაშა ბექაური
„ახლა წარმომიდგენია, საქართველოში რა ხდება! ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობა, სიგიჟეა! არ ვიცი, არ ვიცი...სიზმარში ვარ მართლა. რაღაცა დაუჯერებელია! მადლობა ყველას, მიყვარხართ და იმედია ბედნიერები ხართ! დიდი ისტორია დაიწერა და უბედნიერესი ვარ“ - აღნიშნა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს, პარიზის მთავარი ტატამიდან გამოსულმა ლაშა ბექაურმა.
მას შემდეგ რაც, პარიზის თამაშებზე ქართველ ოლიმპიელს პირველი ოქროს მედალი გადაეცა და საქართველოს ეროვნული ჰიმნი პირველად აჟღერდა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) ოფიციალურ ვებ-გვერდის მეშვეობით, ბექაურმა საკუთარ გულშემატკივარს მიმართა: "მინდა ჩემმა ხალხმა იცოდეს რომ ის ქართული გენი რითაც დღემდე მოვედით, ისევ არსებობს. მიხარია, რომ ჩემში არის ეს ყველაფერი თავმოყრილი და მადლობა უფალს! ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ! ეს ოქროს ისტორიული მედალი თქვენია და მიყვარხართ გულში!"
Your browser doesn’t support HTML5
მსოფლიო ძიუდოს არხილოსკალოელმა ვარსკვლავმა და 90 კგ წონით კატეგორიის პირველმა ნომერმა, ისევე როგორც 3 წლის უკან, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პარიზშიც ბრწყინვალედ იჭიდავა. ბექაურმა პარიზის თამაშებზე ასპარეზობა 1/8 ფინალიდან, ფავორიტის სტატუსით დაიწყო და პირველ შეხვედრაში ვაზარით ბულგარელ ივაილო ივანოვს აჯობა.
1/4 ფინალში, ქართველმა კიდევ უფრო ადვილად იმარჯვა, იპონზე სამხრეთ კორეელი ჯუ იეპ ჰანი დააგდო. ძალიან რთული გამოდგა ბექაურისთვის "ქართული ნახევარფინალი", სადაც ლაშა ესპანეთის სახელით მოჭიდავე თელაველ ტატო მოსახლიშვილს დაუპირისპირდა.
ბექაურს ამ შეხვედრაში ორი ვაზარი გააუქმეს, ამასთან წუთნახევრის შემდეგ, ორივე ძიუდოისტს ორ-ორი გაფრთხილება (შიდო) დაუგროვდა. ყველაფერი ერთ გდებას შეიძლება გადაეწყვიტა, მაგრამ საბოლოოდ, მოსახლიშვილმა შეხვედრის დასრულებამდე 36 წამით ადრე, მესამე შიდოც მიიღო, ნახევარფინალიდან ავტომატურად მოიხსნა და ბექაური ფინალში გავიდა.
ფინალი 90 კგ წონით კატეგორიაში, ძიუდოს ფუძემდებელ იაპონიის წარმომადგენელ სანშირო მურაოსთან ერთ-ერთი ყველაზე სანახაობითი ჭიდაობა გამოდგა. პარიზის შამპ-დე-მარს არენაზე, რომელიც მთლიანად გადაჭედილი იყო, თავიდან იაპონელი ვაზარით დაწინაურდა. პლუს ამას, არბიტრმა ბექაურს შიდო (გაფრთხილებაც) მისცა.
თუმცა, ბექაურმა ისევ დაამტკიცა, რომ ამ წონაში მსოფლიოში საუკეთესოა. ფინალის მეორე ნახევარი მთლიანად ქართველი ძიუდოისტის კარნახით წარიმართა. ლაშამ წუთნახევრით ადრე მურაო ვაზარიზე დააგდო, ფინალის დასრულებამდე ოთხი წამით ადრე, როცა ყველას ეგონა რომ შეხვედრა ოქროს ქულამდე გაგრძელდებოდა, ბექაურმა სანუკვარი გამარჯვების მომტანი გდება შეასრულა. ქართველმა ჯუდოკამ მეორე ოლიმპიური ოქრო მოიგო, რაც 24 წლის ასაკში უდიდესი მიღწევაა.
საქართველოს 31 ივლისისთვის, პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი აქვს და საერთო მედლების ჩათვლაში მე-12 ადგილი უჭირავს. ვერცხლიც ქვეყანას ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა მოუპოვა, რომელიც სამწუხაროდ, 82 კგ წონით კატეგორიაში, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები პარიზის ზაფხულის თამაშებზე ასპარეზობას აგრძელებს და მედლების მოპოვებას სპორტის სხვა სახეობებშიც ეცდება. არაჩვეულებრივი შანსი, მესამე ოლიმპიური ოქრო მოიგოს და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ვიქტორ სანეევს გაუთანაბრდეს, ძალოსან ლაშა ტალახაძეს აქვს, იგი ოქროსთვის 10 აგვისტოს იბრძოლებს.
ლაშა ბექაურის ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, საქართველოს უკვე 39 ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს! აქედან, 11-მა ოლიმპიური ოქრო - საქართველოს ეროვნული დროშით მოიგო, სამმა - გაერთიანებული გუნდის ოლიმპიური დროშით და ოცდახუთმა ქართველმა ოლიმპიელმა - საბჭოთა დროშით.