ქართველები დამოუკიდებელი საქართველოს დროშით, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველად 1993 წელს კანადაში, ჰამილტონში გამოჩდნენ და მომდევნო 30 წლის მანძილზე, ასეთი საოცარი მონაგარი არასოდეს ჰქონიათ.
2023 წლის მაისში, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ალი ბინ ჰამად ალ-ატიაჰის არენაზე, საქართველოს ეროვნული ჰიმნი ორჯერ აჟღერდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველად ისტორიაში, ძიუდოს მსოფლიო პირველობაზე, ორი ჩემპიონი გვყავს.
81 კგ წონით კატეგორიაში, კვლავ უმაღლესი კლასი აჩვენა, 23 წლის ხაშურელმა ტატო გრიგალაშვილმა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა. როგორც 2022 წელს ტაშკენტში, ახლაც, ფინალი ტატომ ბელგიელ მატიას კასეს მოუგო.
უკვე ორჯერ გავხდი მსოფლიო ჩემპიონი, ამ მიღწევით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტი ვარ, ეს ძალიან მაგარი გრძნობაატატო გრიგალაშვილი
ტატო გრიგალაშვილმა გაიმეორა თემურ ხუბულურის მიღწევა, რომელმაც 1979 და 1981 წლებში, მსოფლიო ჩემპიონობა ასევე ორჯერ იზეიმა. საინტერესოა, რომ ხუბულურმაც ორივე ფინალში ბელგიელ ძიუდოისტს რობერტ ვან დე ვალეს აჯობა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, უკვე ორჯერ გავხდი მსოფლიო ჩემპიონი, ამ მიღწევით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტი ვარ, ეს ძალიან მაგარი გრძნობაა“ - აღნიშნა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა, რომელიც 81 კგ წონითი კატეგორიის უპირობო ლიდერია.
საქართველოსთვის ისტორიული შედეგი დაფიქსირდა 90 კგ წონით კატეგორიაშიც, სადაც პირველად ქართული ფინალი შედგა. 25 წლის ხაშურელმა ლუკა მაისურაძემ, ოლიმპიური ჩემპიონი, 22 წლის არხილოსკალოელი ლაშა ბექაური ვაზარით დაამარცხა. ერთ წონაში საქართველომ სუპერ მაქსიმუმი - ოქრო და ვერცხლი მიიღო.
„რომ ვიაზრებ რომ ამის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონად უნდა მომიხსენიონ, მართლა არ მჯერა, დრო რომ გავა ალბათ, მაშინ მივხდები რა გავაკეთე, ჯერ ვერ ვხდები მართლა. პირველ რიგში, რაც მინდა ახლა გავაკეთო, მინდა მამაჩემს ჩავეხუტო.
რომ ვიაზრებ, რომ ამის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონად უნდა მომიხსენიონ მართლა არ მჯერალუკა მაისურაძე
ის აქ არის დოჰაში, ფინალის წინ დარბაზში იმყოფებოდა, მაგრამ ემოციისგან ფინალს ვერ უყურა და წავიდა. ამ ყველაფერს ვულოცავ საქართველოს, რომელსაც ერთ წონაში ჰყავს ოლიმპირი და მსოფლიო ჩემპიონები, სხვა ძალიან მაგარი ძიუდოისტები “ - ემოციებს ვერ მალავდა ფინალის შემდეგ ლუკა მაისურაძე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგშიც პირველი გახდა.
2023 წლის მსოფლიომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ 60 კგ წონით კატეგორიაშიც, მაღალი კლასის ძიუდოისტი გვეზრდება. 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა დოჰაში, მისთვის სადებიუტო მსოფლიოზე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იგი მეოთხედფინალში, მხოლოდ მომავალ ჩემპიონთან ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან დამარცხდა.
სამწუხაროდ, ბრინჯაოსთვის ბრძოლა დათმეს, 66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა და 100 კგ-ში ილია სულამანიძემ, რომლისგანაც ყველა ოქროს მედალს ელოდა. ამის მიუხედავად, სულამანიძე ამ წონაში, რეიტინგში ისევ მსოფლიოს პირველი ნომერია.
საქართველომ ისტორიული მედალი შერეულ (ქალ-ვაჟთა) გუნდურ ჩემპიონატშიც მოიპოვა, სადაც ბრძოლის საოცარი ჟინი უკვე ქართველმა ქალმა ძიუდოისტებმა გამოავლინეს.
ის, რომ საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთის, ბრაზილიის, უზბეკეთის და გერმანიის დამარცხება შეძლო (მხოლოდ მომავალ ჩემპიონ იაპონიასთან დამარცხდა) და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, სწორედ 19 წლის ეთერ ასკილაშვილის, 23 წლის ეთერ ლიპარტელიანის და 23 წლის სოფიო სომხიშვილის დამსახურებაა.
ამ დიდი წარმატებით, ქართველებმა სალიცენზიო ქულები დააგროვეს და დიდი ნაბიჯი გადადგეს, რომ შერეულ გუნდურ ჩემპიონატში, პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზეც იასპარეზონ.
„ძალიან გამიხარდა რომ გუნდს მოვუტანე ეს გამარჯვება, დიდი წვლილი შევიტანეთ საერთო გამარჯვებაში და დავიკავეთ მესამე ადგილი, ძალიან გახარებულები ვართ“ - აღნიშნა გორელმა ძიუდოისტმა ეთერ ასკილაშვილმა.
ქალებმა დიდი წვლილი შევიტანეთ საერთო გამარჯვებაშიეთერ ასკილაშვილი
ქალების გარდა, გუნდურში ბრინჯაო მოიგეს გურამ თუშიშვილმა (ინდივიდუალური გამოსვლისგან განსხვავებით, თუშიშვილმა გუნდურში უმაღლესი კლასის ჭიდაობა აჩვენა), ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა შავდათუაშვილმა, ლუკა მაისურაძემ, ლაშა ბექაურმა, გელა ზაალიშვილმა და ახალბედა კოტე კაპანაძემ.
„ამ ჩემპიონატზე პირადად ჩემი ოცნებებიც ასრულდა. როგორც მთავარი მწრთვნელი უბედნიერესი ვიყავი...ბუნებრივია ამ შედეგს რამდენიმეწლიანი დაუღალავი შრომა დასჭირდა. ჩვენს გუნდს ერთმანეთის პატივისცემა, ერთგულება, ერთიანობა, საქმისადმი უანგარო სიყვარული აძლიერებს.
ეს გამარჯვება კიდევ ერთი გამორჩეული მიღწევაა ძიუდოს ისტორიაშილაშა გუჯეჯიანი
ეს გამარჯვება კიდევ ერთი გამორჩეული მიღწევაა ძიუდოს ისტორიაში... ჩვენ დიდ ოჯახს უზარმაზარი მიზნები და რესურსი აქვს კიდევ ბევრჯერ გაახსენოს მსოფლიოს, რომ “ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო, ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო“ - ასე შეაჯამა დოჰას მსოფლიო საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა.
მსოფლიო ჩემპიონატი კატარში კიდევ ორი ამბით იყო მნიშვნელოვანი. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IFJ) კრიტიკის ქვეშ მოექცა, როცა უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიუხედავად, დისკვალიფიკაცია მოუხსნა და დოჰაში, რამდენიმე რუსი ძიუდოისტი დაუშვა, ოღონდ რუსეთის დროშის და ჰიმნის გარეშე, "ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის" სტატუსით. IFJ-ის ამ ძალზედ საკამათო გადაწყვეტილების გამო, უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადა.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ირწმუნებოდა, რომ ავტორიტეტული დამოუკიდებელი კომპანია, მათი დაკვეთით, ორი კვირის მანძილზე სწავლობდა რუსი ძიუდოისტების სოციალურ ქსელებს და საჯარო აქტივობებს, რათა დოჰაში, მსოფლიოზე, ომის და პუტინის რეჟიმის პროპაგანდისტები ვერ ჩასულიყვნენ.
საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ IFJ-ის მაინც "გაეპარა", საქართველოში, ქარელში დაბადებული, ოსი ძიუდოისტი ინალ ტასოევი, რომელიც უკრაინაში მებრძოლი ოსი ბოევიკების აქტიური მხარდამჭერია. უკრაინელებმა გაავრცელეს, ტასოევის ფოტოები ოს ბოევიკ კაჩმაზოვთან, იგი უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიაზე ვლადიკავკაზელ და ცხინვალელ ბოევიკთა ჯგუფს მეთაურობს.
IFJ-ის მაინც გაეპარა, ქარელში დაბადებული ოსი ძიუდოისტი ინალ ტასოევი, რომელიც უკრაინაში მებრძოლი ოსი ბოევიკების აქტიური მხარდამჭერი აღმოჩნდა
ამავე დროს, ტასოევი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპორტული კლუბის (ცსკას) წევრიც არის, სამხედრო ჩინით პროპორშჩიკი და მიღებული აქვს მედალი «За укрепление боевого содружества» ("საბრძოლო თანამეგობრობის განმტკიცებისთვის").
სწორედ ინალ ტასოევი, კინაღამ დოჰას მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე დიდი სენსაციის ავტორი გახდა. ზემძიმე წონის ფინალში, ტასოევმა დამატებით დროში, ვაზარიზე დააგდო ძიუდოს ლეგენდა ფრანგი ტედი რინერი. მსაჯმა ჯერ მიანიჭა ქულა ტასოევს, რაც მის ჩემპიონობას ნიშნავდა, თუმცა, ახალი წესების მიხედვით, მალევე გაუუქმა ვაზარი და ტასოევს ზეიმი აღარ დასცალდა.
საბოლოოდ, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა რინერმა ტასოევი მაინც დააგდო და ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნება, ბრწყინვალე კარიერაში, მე-11 ოქროს მედლით აღნიშნა. IFJ-ში ტასოევის უკრაინაში ომის დამნაშავეებთან და რუსეთის არმიასთან კავშირზე, კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.